საქმე №ას-541-516-2016 21 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი _ ა. ჩ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ჩუქების დაპირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაჩუქრებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი ან მჩუქებლის მემკვიდრე) მიმართ და მოითხოვა, ჩუქების დაპირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხისათვის 120 000 აშშ დოლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილ რ. ჩ-ეს შორის წერილობით დაიდო ჩუქების დაპირების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საჩუქრის დამპირებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის შემდეგ დასაჩუქრებულისათვის გადაეცა 150 000 აშშ დოლარი. 2011 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა საჩუქრის დამპირებელი, რომელსაც დარჩა ანდერძისმიერი მემკვიდრე _ მოპასუხე. 2012 წლის 11 ივნისიდან მჩუქებლის მემკვიდრე პერიოდულად ასრულებდა ვალდებულებას და მოსარჩელეს ურიცხავდა თანხას, რამაც ჯამში 30 000 აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა 2013 წლის 14 მარტიდან მოპასუხემ ვალდებულების შესრულება შეწყვიტა, რომლის ქონებაც გაცილებით აღემატება დაპირებული თანხის ოდენობას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მან სადავო გახადა, როგორც ჩუქების დაპირების ხელშეკრულების ნამდვილობა, ისე _ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საანდერძო დანაკისრი ამგვარი ვალდებულების არსებობას არ ითვალისწინებდა, ამასთან, შესაგებლის თანახმად, საჩუქრის დამპირებლის მემკვიდრე არ არის ვალდებული პირის უფლებამონაცვლე. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ გადახდილ თანხას რაიმე კავშირი სადავო გარიგებასთან არ აქვს. მოსარჩელე ცხოვრობდა და მუშაობდა მოპასუხის ოჯახში, რის გამოც მას ეძლეოდა ანაზღაურება, შესაბამისად, გადარიცხული თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის მიუღებელ ხელფასს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა 120 000 აშშ დოლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები და თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და დასაკმაყოფილებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა თავდაპირველად დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. განსახილველი საქმის თავისებურების, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარეთა ინტერესების სარეალიზაციოდ, პალატამ 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მიზანშეწონილად ჩათვალა დავის მხარეთა დასწრებით განხილვა.
1.2. 2016 წლის 21 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება დავის მორიგების გზით დასრულების თაობაზე, შესაბამისად, მათ იშუამდგომლეს მიღწეული შეთანხმების პირობებით სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე. მორიგების აქტის თანახმად:
ა) ა. ჩ-ე 2016 წლის 30 დეკემბრამდე გადაუხდის მ. ბ-ს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს მ. ბ-ის მიერ მიწოდებულ საბანკო ანგარიშზე;
ბ) მორიგების აქტის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის (ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალების წარდგენით) შემდეგ უქმდება სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება;
გ) მითითებული თანხის 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით გადაუხდელობის შემთხვევაში ა. ჩ-ე მ. ბ-ს გადაუხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ 120 000 (ასოცი ათას) აშშ დოლარს.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
1.4. საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება (ა.ჩ-ის წარმომადგენელ თ.ი-ის სახელზე გაცემული მინდობილობა იხ. ტ. I, ს.ფ.117) და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
2.2. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის „ბ“ ქვეპუნქტით შემოთავაზებული პირობის გათვალისწინებით, კასატორის მიერ ვალდებულების შესრულებამდე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობები.
3. პროცესის ხარჯები:
3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
3.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ ა. ჩ-ეს (ჩეხეთის მოქალაქის პასპორტი CZE #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს თ. ი-ის მიერ 08.06.2016წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 1991, 272-ე, 273-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება მ. ბ-სა და ა. ჩ-ეს შორის შემდეგი პირობებით:
ა) ა. ჩ-ე 2016 წლის 30 დეკემბრამდე გადაუხდის მ. ბ-ს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს მ. ბ-ის მიერ მიწოდებულ საბანკო ანგარიშზე;
ბ) მორიგების აქტის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის (ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალების წარდგენით) შემდეგ უქმდება სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება;
გ) მითითებული თანხის 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით გადაუხდელობის შემთხვევაში ა. ჩ-ე მ. ბ-ს გადაუხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ 120 000 (ასოცი ათას) აშშ დოლარს.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე, მ. ბ-ის სარჩელის გამო, ა. ჩ-ის მიმართ, ჩუქების დაპირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. კასატორ ა. ჩ-ეს (ჩეხეთის მოქალაქის პასპორტი CZE #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ. ი-ის მიერ 08.06.2016წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე