№ა-3674-შ-101-2016 27 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. კ-ი (წარმომადგენელი ბ. გ-ა)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ-ო
განხილვის საგანი – უკრაინის ხ-ის რაიონის ზ-ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის ხ-ს რაიონის ზ-ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: შეწყვეტილად იქნა მიჩნეული ლ. კ-სა (შემდეგში მოსარჩელე) და ნ. ვ. ასულ ტ-ოს (შემდეგში მოპასუხე) შორის ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში 2008 წლის 9 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი #---.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
4. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემომითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე – უ., ქ.ხ-ი, ზ-ის რ-ნი, კ. მ-ის ქ.#---, ბინა #1. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლოში საფოსტო ორგანიზაცია შპს „სკს-ის“ მიერ გამოგზავნილ მომართვაზე კორესპონდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ გზავნილში მითითებული ქუჩის დასახელება არასწორია, ადრესატი არ მოიძებნა.
5. ამის შემდგომ, მოსარჩელის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, სადაც განმარტა, რომ, როგორც საქმის მსვლელობისას გამოირკვა, მის მიერ თავდაპირველად დასახელებული მოპასუხის მისამართი შეცვლილია და დღეის მდგომარეობით მოპასუხე ქ.ხ-ში ზ-ის ქუჩაზე ცხოვრობს.
6. საკასაციო სასამართლომ მოპასუხეს სასამართლო გზავნილი ხელმეორედ გაუგზავნა, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებულ დაზუსტებულ მისამართზე - უ., ქ.ხ-ი, ზ-ის რ-ნი, ზ-ის ქ.#9, ბინა #1. დასახელებული კორესპონდენცია ადრესატს ვერც ამჯერად ჩაბარდა, შპს „სკს-ის“ წერილობით მომართვაში მხარისათვის მისი ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია იმის შესახებ, რომ მისამართი არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
11. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და აღნიშნული შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე – უ., ქ.ხ-ი, ზ-ის რ-ნი, კ. მ-ის ქ.#---, ბინა #---. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლოში საფოსტო ორგანიზაცია შპს „სკს-ის“ მიერ გამოგზავნილ მომართვაზე კორესპონდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ გზავნილში მითითებული ქუჩის დასახელება არასწორია, ადრესატი არ მოიძებნა. მართალია, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოგვიანებით მანამდე მის მიერ მითითებული მისამართი დააზუსტა, მაგრამ ადრესატს გზავნილი ვერც დაზუსტებულ მისამართზე ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ მისამართი არასწორია.
12. ზემომითითებული გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ შუამდგომლობის ავტორის (მოსარჩელის) მიერ მითითებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, რაც სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია (შედარებისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა - იხ. სუსგ, #ა-1363-შ-29-2012, 31.05.2012წ.), ამდენად, შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ი შუამდგომლობა დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე