Facebook Twitter

27 იანვარი, 2017 წელი,

№აs-708-678-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ზ.-ვ. ა." (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი - დ.ი.

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჯ. (მოპასუხე ძირითად სარჩელში, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

წარმომადგენლები - ი.კ., რ.რ.

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ჯ. (პირველი კასატორი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ზ.ვ.ა." (მეორე კასატორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

შპს "ზ.ვ.ა–ის" საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

გ.ჯ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს "ზ.ვ.ა–სა" (შემდეგში: მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, მენარდე, პირველი კასატორი) და გ.ჯ–ს (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, შეგებებული მოსარჩელე, მეორე კასატორი) შორის 2012 წლის 5 ივლისს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც დასათაურებულია, როგორც „უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება“. ხელშეკრულების მიხედვით, მენარდემ იკისრა ვალდებულება, თავად შეეძინა მასალა, შემკვეთისათვის დაემზადებინა და საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი - ქ. თბილისში, ..... ქუჩის მიმდებარედ მშენებარე მრავალბინიან სახლში, მეხუთე სადარბაზოს მესამე სართულზე 121.64 კვ.მ საცხოვრებელი ბინა #89 და ერთი ავტომანქანისათვის განკუთვნილი სადგომი (შემდეგში: ნარდობის საგანი), {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები}.

2. მხარეებმა მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულების, განშლისა და დამზადებული ნივთის შემკვეთის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღად არა უგვიანეს 2012 წლის 30 აგვისტო, ხოლო სახლის ექსპლოატაციაში მიღების თარიღად არა უგვიანეს 2012 წლის 30 დეკემბერი განსაზღვრეს.

3. თავის მხრივ, შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, ნარდობის საგნის მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც 97 312 აშშ დოლარი იყო, 90 000 აშშ დოლარი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 საბანკო დღის, ხოლო დარჩენილი 7 312 აშშ დოლარი, საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში მიღებიდან, ასევე, 10 საბანკო დღის განმავლობაში გადაეხადა {სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება}.

4. გარდა ამისა, ნარდობის საგნის შემკვეთისათვის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან, მენარდე იღებდა ვალდებულებას, გაეწია შემკვეთისათვის შემდეგი სახის მომსახურება: 24 საათიანი წყლით მომარაგება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და დაცვა, როგორც მიმდებარე ტერიტორიის, ისე სახლის სადარბაზოს სისტემატური დალაგება. თავის მხრივ, გაწეული მომსახურების საფასური შემკვეთს მენარდისათვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად არა უმეტეს 200 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარი.

5. ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ს შეადგენდა, ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულებას უზრუნველყოფდა {სსკ-ის 417-418-ე მუხლები}.

6. შემკვეთმა შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა ასაშენებელი ბინის საფასურის ნაწილი - 90 000 აშშ დოლარი.

7. ნარდობის საგანი შემკვეთს საკუთრებაში 2013 წლის 27 მარტს, ანუ ვადის დარღვევით გადაეცა.

8. 2014 წლის იანვარ-ნოემბერში მენარდემ შემკვეთს წინამდებარე გადაწყვეტილების პ.4-ში მითითებული მომსახურება გაუწია, რომლის ღირებულებაც, 2203 ლარი და 90 თეთრი, ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს არ გადაუხადა.

9. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, 2013 წლის 12 დეკემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, კანონით დადგენილი წესით, ექსპლოატაციაში იქნა მიღებული.

10. შემკვეთმა მენარდეს არ გადაუხადა ნარდობის საგნის ღირებულების დარჩენილი ნაწილი - 7 132 აშშ დოლარი.

11. 2013 წლის 12 დეკემბრის წერილობითი პრეტენზიით მენარდემ შემკვეთს მოსთხოვა მითითებული თანხის გადახდა. ამის საპირისპიროდ შემკვეთმა, იმავე წლის 27 დეკემბრის საპასუხო წერილობითი პრეტენზიით, მენარდეს მოთხოვნილი თანხისა და შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს (28 799 $) მოთხოვნების ნაწილობრივი გაქვითვა და 21 686 $-ის გადახდა მოსთხოვა.

12. შემკვეთმა მენარდის არც ის პრეტენზია, დააკმაყოფილა, რომლითაც ეს უკანასკნელი 2013 წლის 12 დეკემბრიდან გაწეული მომსახურების (იხ. გადაწყვეტილების პ.4) საზღაურს ითხოვდა.

13. 2014 წლის 17 დეკემბერს მენარდემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შემკვეთის წინააღმდეგ 7 132 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს -1 661 აშშ დოლარის, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 3.65 აშშ დოლარისა და გაწეული მომსახურების დავალიანების, 2203.90 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

14. შემკვეთმა შეგებებული სარჩელით ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით (28 708 - 7 132) 21 576 აშშ დოლარის მენარდეზე დაკისრება და ავტოფარეხის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

15.1. შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ 7132 აშშ დოლარის (ნარდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილი), პირგასამტეხლოს, 801.17 აშშ დოლარის, 2015 წლის 9 მარტიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 1.82 აშშ დოლარის (სულ 223.86 აშშ დოლარის) ექვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. მოთხოვნა, მომსახურების საფასურის (2 203.90 ლარი) დაკისრების ნაწილში უარყოფილ იქნა.

15.2. სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შემდეგ, მენარდეს, შემკვეთის სასარგებლოდ, შესრულების ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს სახით ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შემდეგ (14 254.45 – 7 132) 6 942.45 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, შემკვეთს საკუთრებაში გადაეცა ავტოსადგომი (საკადასტრო კოდი №......).

15.3. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 629-ე, 417-418-ე, 442-ე მუხლის პირველი ნაწილი, 444-ე და 420-ე მუხლები.

16. მენარდემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 364-ე მუხლი) იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და უარყოფილ იქნა მისი მოთხოვნა გაწეული მომსახურების ხარჯების, 2 203.9 ლარის, დაკისრების თაობაზე შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:

16.1. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. დაუსაბუთებელია გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება მომსახურების გაწევის თაობაზე. 2012 წლის 5 ივლისის ხელშეკრულება ასეთი შეთანხმების არსებობას უტყუარად ადასტურებდა, ასევე, დადასტურებული იყო 2013 წლის 12 დეკემბრიდან მენარდის მიერ შემკვეთისათვის 2 203.9 ლარის მომსახურების გაწევის ფაქტი.

16.2. გარდა ამისა, სასამართლოს დასკვნა, რომ ნარდობის საგნის მთლიანი ღირებულებიდან (97 312 აშშ დოლარი) 90 000 ბინის, ხოლო 7132 აშშ დოლარი ავტოფარეხის საფასური იყო, დაუსაბუთებელია.

16.3. შემკვეთმა მიზანმიმართულად არ გადაიხადა 7132 აშშ დოლარი. ის მოქმედებდა მენარდისათვის ზიანის მიყენების განზრახვით, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მან ვადაგადაცილების ფაქტის დადგომიდან სამ თვეში არ გამოიყენა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, როგორც ამას ითვალისწინებდა 2012 წლის 5 ივლისის ხელშეკრულება. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა მან მაქსიმალურად გვიან დააყენა, რითაც შეგნებულად გაზარდა მისი ოდენობა.

17. თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარემ (შემკვეთმა) წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის არ დაეთანხმა ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს, 28 708 აშშ დოლარის, 14 254.45 აშშ დოლარამდე შემცირებას და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო (სსსკ-ის 379-ე მუხლი).

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შემკვეთის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მენარდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

18.1. შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტი და შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ, გადასახდელად გაწეული მომსახურების ხარჯების - 2 203.90 ლარის გადახდა დაეკისრა.

18.2. ასევე შეიცვალა გადაწყვეტილების მერვე პუნქტი და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შემდეგ, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ 4526 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

18.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შემკვეთის შესაგებელი და დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2 203.90 ლარის დაკისრების ნაწილში.

18.4. პალატამ არ გაიზიარა შემკვეთის ის მოსაზრებაც, რომ 2013 წლის 12 დეკემბრის წერილობითი პრეტენზიის მიღების დღიდან მას არ გააჩნდა მენარდისათვის 7132 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, რადგანაც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით შეწყდა ვალდებულება. სასამართლომ სსკ-ის 442-ე მუხლის პირველ ნაწილი ამგვარად განმარტა: „ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება...მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მენარდემ აღიარა შემკვეთის მიმართ ვალდებულების არსებობა... “პალატამ დაასკვნა, რომ სსსკ-ის 102.1-ე მუხლის მიხედვით, ამ გარემოებათა დადასტურება შემკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა და მხოლოდ მისი ნების არსებობა მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე საკმარისი არ იყო გაქვითვის სამართლებრივი შედეგის განსახორციელებლად.

19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

19.1. მენარდის საკასაციო საჩივრის დასაბუთება (პირველი კასატორი):

19.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა შემკვეთის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა, რადგანაც მან შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, შემკვეთს ნარდობის საგანი საკუთრებაში გადასცა. ამ უკანასკნელმა კი, არ გამოიყენა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება, გასულიყო ხელშეკრულებიდან.

19.1.2. ის არ იყო თანახმა მოთხოვნათა გაქვითვაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც გაქვითა ისინი.

19.2. შემკვეთის (მეორე კასატორი) საკასაციო საჩივრის დასაბუთება:

19.2.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 442-ე მუხლი. გაქვითვის მატერიალურსამართლებრივი მექანიზმი გულისხმობს ვალდებულების ურიერთმოთხოვნათა შეწყვეტას მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენით. იმ შემთხვევაში, თუ ნების მიმღები სადავოდ გახდის ვალდებულების არსებობას, სასამართლო ამოწმებს გამოვლენილი ნების ნამდვილობის წინაპირობებს: ვლინდება თუ არა გასაქვითი მოთხოვნები, დამდგარია თუ არა მათი შესრულების ვადა და ხომ არ არსებობს სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებები. თუ შემოწმების შედეგად სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომ შესრულებულია ყველა წინაპირობა, მაშინ მოთხოვნები გაქვითულად ჩაითვლება მხარის მიერ მეორე მხარისათვის შეტყობინების მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ კი, საპირისპიროდ განმარტა და გაქვითვა დაუკავშირა არა მეორე მხარის მიერ მის მიღებას, არამედ ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების არსებობის აღიარებასთან ერთად, მის თანხმობას.

19.2.2. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირება სათანადოდ (სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე) არ დაასაბუთა.

19.2.3. მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების გამო, მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასთან შესაბამისობის კუთხით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც დარღვეულ იქნა სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებისა და საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გადწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორების პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები როგორც ძირითადი სარჩელის საფუძვლიანობის, ისე შეგებებული სარჩელის უარყოფასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ გასაზიარებელია.

23. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 1-12 პუნქტებით დადგენილი ფაქტების ნაწილი სამართლებრივად არასწორად გაანალიზა, შესაბამისად, ამ ნაწილში გამოტანილი დასკვნები იურიდიულად არგუმენტირებული არ არის. უფრო მეტიც, ის ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმების მიზანსა და შინაარს; მხედველობაშია სსკ-ის 420-ე, 442-ე და მომდევნო მუხლების დანაწესები.

23.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა (სსკ-ის 629-ე მუხლი). მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით დადგენილი შესრულების ვადები. მან დამზადებული ნივთი შემკვეთს კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 183-ე და 311.1-ე მუხლები - უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) საკუთრებაში გადასცა 2013 წლის 27 მარტს, მაშინ, როდესაც 2012 წლის 30 აგვისტო ბოლო ვადა იყო, ანუ ვადის გადაცილებამ 240 დღე შეადგინა.

23.2. მან ასევე დაარღვია მრავალბინიანი სახლის ექსპლოატაციაში მიღების ვადაც, ნაცვლად, არა უგვიანეს 2012 წლის 30 დეკემბრისა, სახლი 2013 წლის 12 დეკემბერს იქნა ექსპლოატაციაში მიღებული, ანუ ვადის გადაცილებამ თითქმის ერთი წელი, ანუ 350 დღე შეადგინა.

23.3. ხელშეკრულების 8.2. მუხლით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ორივე შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნარდობის საგნის ღირებულების 0.05%-ს შეადგენდა და ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულებას უზრუნველყოფდა (240დღე X 0.05%=12%-ს და 350დღე X 0.05% =17.5%).

23.4. შემკვეთი ვალდებული იყო, საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში მიღებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში, მენარდისათვის გადაეხადა 7 132 აშშ დოლარი, შესაბამისად, შესრულების ბოლო ვადა 2013 წლის 27 დეკემბერი იყო. ამასთან, 2013 წლის 25 დეკემბრისათვის (როცა შემკვეთს ჩაბარდა მენარდის 12 დეკემბრის წერილობითი პრეტენზია), შემკვეთს, სსკ-ის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, უკვე გააჩნდა მენარდის მიმართ ვადამოსული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რომლის ოდენობაც 28 653.94 აშშ დოლარი იყო (97 132 $-ის 29.5% = 28 653.94).

24. შემკვეთმა იმავე წლის 27 დეკემბრის საპასუხო წერილობითი პრეტენზიით სსკ-ის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მენარდეს მოსთხოვა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს. შესაბამისად, მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა ან დაწყებულ პროცესში შეგებებული სარჩელის აღძვრა და ზედმეტი სასამართლო ხარჯების გაწევა. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მას შეუძლია, წარადგინოს მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი. ის, რომ განსახილველ საქმეში შეტყობინების მიმღები მხარე (მენარდე) არ დაეთანხმა გაქვითვას, ვერ შეცვლის სამართლებრივ სურათს. აღნიშნული დასკვნა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარეა: მენარდის ძირითად ფულად მოთხოვნას შემკვეთმა დაუპირისპირა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რომელიც ვადამოსული და შესაგებლისაგან თავისუფალი იყო. საკასაციო სასამართლო 7 132 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შეწყვეტას უკავშირებს მეორე კასატორის მიერ პირველი კასატორისათვის შეტყობინების გაგზავნის მომენტს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სსკ-ის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის სააპელაციო სასამართლოსეულ განმარტებას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 18.4 პუნქტი). აღნიშნული ნორმა შემკვეთს ანიჭებდა უფლებას, შესაბამისი წინაპირობების განხორცილების შემთხვევაში, მთლიანად ან ნაწილობრივ შეეცვალა მენარდის უფლებრივი მდგომარეობა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ 7 132 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლებულიყო, მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდა თუ არა ამას მეორე მხარე. მენარდის თანხმობის საჭიროება მხოლოდ მაშინ იარსებებდა, თუ გასაქვითი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ დამდგარი არ იქნებოდა (სსკ-ის 442-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთმა 2013 წლის 27 დეკემბრის წერილით წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი. მის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (სსკ-ის 51-ე მუხლი) შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, რადგანაც სახეზე იყო გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა, გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება (ორივე მათგანი ფულადი ხასიათისაა), ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა („მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა. თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ. თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ. თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას,რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“).

26. ამრიგად, 2013 წლის 27 დეკემბრიდან შემკვეთის სახელშეკრულებო ვალდებულება 7 132 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე სსკ-ის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეწყვეტილი იყო, შესაბამისად, მენარდის მოთხოვნას შემკვეთისათვის 7 132 აშშ დოლარის, ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს - 1661 აშშ დოლარის, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 3.65 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რომელიც გამომდინარეობდა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებიდან და 417-418-ე მუხლებიდან, არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი. რაც შეეხება მენარდის მიერ შესრულების ვადის გადაცილების შედეგად შემკვეთის სასარგებლოდ გადასახდელი პირგასამტეხლოს, მისი ოდენობა გაქვითვის შემდეგ შეადგენს 21 521.94 აშშ დოლარს (28 653.94$ -7 132$=21521.94$).

27. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

28. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

29. საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეზე მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და ასკვნის, რომ 21 521.94 აშშ დოლარი ხელშეკრულების საგნის ღირებულებასთან (97 132$) მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ ხელშეკრულების საგანი შემკვეთს მფლობელობაში და საკუთრებაში სახლის ექსპლოატაციაში მიღებამდე უკვე გადაცემული ჰქონდა, შესაძლებლად მიიჩნევს პირგასამტეხლოს ოდენობის 5522.94 $-ით, ანუ 16 000 აშშ დოლარამდე შემცირებას.

30. რაც შეეხება მენარდის (მოსარჩელის) მოთხოვნას 2 203.9 ლარის დაკისრების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში მეორე კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სარჩელი დაკმაყოფილებადია შემდეგ გარემოებებზე მითითებით: აღნიშნული მოთხოვნა 2012 წლის 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილია. დადგენილია, რომ ნარდობის საგნის შემკვეთისათვის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან, მენარდე იღებდა ვალდებულებას, გაეწია შემკვეთისათვის შემდეგი სახის მომსახურება: 24- საათიანი წყლით მომარაგება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და დაცვა, როგორც მიმდებარე ტერიტორიის, ისე სახლის სადარბაზოს სისტემატური დალაგება. თავის მხრივ, გაწეული მომსახურების საფასური შემკვეთს მენარდისათვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად არა უმეტეს 200 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარი (იხ. ხელშეკრულების მე-7 მუხლი). ნარდობის საგანი შემკვეთს მფლობელობასა და საკუთრებაში 2013 წლის 27 მარტს გადაეცა. 2014 წლის იანვარ-ნოემბერში მენარდემ შემკვეთს წინამდებარე გადაწყვეტილების პ.4-ში მითითებული მომსახურება გაუწია, რომლის ღირებულებაც 2203 ლარი და 90 თეთრია. შემკვეთმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, მას მენარდის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 2203 ლარი და 90 თეთრის გადახდა.

31. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

32. სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 53-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა :

1. შპს "ზ.ვ.ა–ის" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გ.ჯ–ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. შპს "ზ.ვ.ა–ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

5. გ.ჯ–ს, შპს "ზ.ვ.ა–ის" სასარგებლოდ, დაეკისროს 2203.90 ლარის გადახდა;

6. დანარჩენ ნაწილში შპს "ზ.ვ.ა–ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. გ.ჯ–ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

8. შპს "ზ.ვ.ა–ს", გ.ჯ–ს სასარგებლოდ, დაეკისროს 16 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;

9. შპს "ზ.ვ.ა–ს", გ.ჯ–ს სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3016.63 ლარის გადახდა;

10. შპს "ზ.ვ–ის ა–ს", გ.ჯ–ს სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 4454 ლარის გადახდა.

11. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი