Facebook Twitter

ას-1135-1091-2016 15 თებერვალი, 2017 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – დ.კ., ო.ფ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ც. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ.ც–მ (შემდეგში მოსარჩელე) დ.კ–სა და ო.ფ–ს (ერთობლივად წოდებული: მოპასუხეები) წინააღმდეგ და მოითხოვა 2007 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილეება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი დ.კ–ს კასაციის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ო.ფ–ს კასაციის ნაწილს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1481,55 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

7. 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ო.ფ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა დამატებით 5 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მას სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 29 დეკემბერს ეცნობა.

8. 2017 წლის 3 იანვარს, მოპასუხეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს განცხადებები, რომელთაც თან ერთვის ნოტარიულად დამოწმებული 2016 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება (მორიგების აქტი) (შემდეგში ხელშეკრულება), მათ მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

9. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:

9.1. მხარეები ადასტურებენ, რომ საჯარო რეესტრში ო.ფ.ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება - ქ. თბილისი, ...... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # .....; სართული 12, ბინა #122, ფართი: 59.50 კვ.მ. (შემდეგში სადავო უძრავი ქონება) ეკუთვნის მოსარჩელეს და ამ ფართთან დაკავშირებით რაიმე სახის მოთხოვნა ან/და პრეტენზია არ გააჩნიათ.

9.2. მხარეები ასევე ადასტურებენ, რომ ზემოაღნიშნული სადავო უძრავი ქონება ექვემდებარება საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციას. ამასთან, მოსარჩელე უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს დასახელებული ფართის რეგისტრაცია დამოუკიდებლად ან ქალაქი თბილისი, გამზირი ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..... # 121 ბინის ნაწილის სახით.

9.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება წარმოშობს საკმარის საფუძველს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციისთვის. ო.ფ. აცხადებს თანხმობას, რომ თუკი დაბრკოლდება დასახელებული ფართის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია (რეგისტრირებული ყადაღის ან სხვა მიზეზით) ნ.ც–ის მიმართვისთანავე დოკუმენტურად დაადასტურებს წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოხატულ ნებას ამჟამად მის სახელზე რეგისტრირებული ფართის - სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე.

9.4. ო.ფ. და დ.კ. კისრულობენ ვალდებულებას უარი თქვან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე # 2ბ/1143-15) შეტანილ საკასაციო საჩივრებზე ან არ შეავსონ საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი ხარვეზი.

9.5. ნ.ც. უარს ამბობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე # 2ბ/1143-15) ო.ფ–სათვის და დ.კ–სათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 2075 ლარის ოდენობით მიღებაზე. მოსარჩელე კისრულობს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება დასახელებული თანხის მიღებას იძულებითი აღსრულების განხორციელების ან სხვა ნებისმიერი გზით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით, მორიგების დამტკიცების მიზნით ჩაინიშნა ზეპირი მოსმენა.

11. 2017 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, ერთის მხრივ კასატორებმა: დ. კ–მა (პ/ნ.....) წარმოდგენილი ტ.ჩ–ის (პ/ნ ...) მიერ და ო.ფ–მა (პ/ნ ....), მეორეს მხრივ ნ.ც.მ (პ/ნ .....) დამატებით შეადგინეს მორიგების აქტი და დააზუსტეს მისი პირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტისა და 2017 წლის 15 თებერვლის სხდომაზე დამატებით შედგენილი მორიგების აქტის პირობების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

15. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

16. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ დ.კ.ს კასაციის ნაწილში საქმის დასაშვებობის შემოწმებამდე, ხოლო ო.ფ–ს ნაწილში საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე. დ.კ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის მ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ო.ფ–ს საკასაციო საჩივარი დახარვეზდა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, რომელიც მას არ შეუვსია, შესაბამისად არ არსებობს მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49.(2)(4), 272.(დ), 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. მხარეები (დ.კ. (პ/ნ ...), ო.ფ. (პ/ნ ....), და ნ.ც. (პ/ნ ....)) შეთანხმდნენ, რომ ო.ფ–ს სახელზე სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..... სართ 12, ბინა # 122, ფართი 59,50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: # .... საკუთრების უფლებით გადაეცეს ნ.ც–ს.

1.2. მხარეთა შეთანხმებით, ნ.ც. უარს აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ს/#2ბ/1143-15) ო.ფ–სა და დ.კ–სათვის დაკისრებული სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის - 2075 ლარის ოდენობით) ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე.

1.3. ო.ფ. და დ.კ. კისრულობენ ვალდებულებას უარი თქვან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე # 2ბ/1143-15) შეტანილ საკასაციო საჩივრებზე ან არ შეავსონ საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი ხარვეზი.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;

4. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ..... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # .....; სართული 12, ბინა #122, ფართი: 59.50 კვ.მ. საჯარო რეესტრში აღირიცხოს ნ.ც–ის სახელზე.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი