Facebook Twitter

საქმე №ას-569-544-2016 23 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ფ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ. ფ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამგზავნი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გადამზიდველი) მიმართ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის _ 5 200 აშშ დოლარისა და გადაზიდვის ხარჯის _ 349,90 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 2 მარტს მხარეთა შორის დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ტვირთი მიეწოდებინა აფრიკის კონტინენტზე, ნ-ის სახელმწიფოს ქ.ლ-ში (მისამართზე: კ. ა. რდ აპაპა #..., მ. ა-ი), ხოლო გამგზავნი ვალდებული იყო, გადაეხადა მომსახურებისა და ტვირთის დაზღვევის საფასური _ 350 ლარი, რაც ამ უკანასკნელმა ჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულების თანახმად, ტვირთის ფასი შეადგენდა 5 200 აშშ დოლარს. გაგზავნიდან მეორე სამუშაოს დღეს _ 2015 წლის 4 მარტს ტვირთის დაბრუნების _ გაგზავნის შეჩერების მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა გადამზიდველს, რაც მას არ განუხორციელებია, თუმცა, მიმართვას მოჰყვა რეაგირება _ 2015 წლის 6 მარტს გადამზიდველმა წერილობით აცნობა ნ-ის ფოსტას გზავნილის შეჩერების თაობაზე, კორესპოდენციის ადრესატამდე მისვლის შესახებ დასტური გადამზიდველმა მიიღო 2015 წლის 10 მარტს, ამის შემდგომ მოპასუხემ კვლავ მიწერა ნ-ის ფოსტას ტვირთის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა ამას შესაბამისი შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც ტვირთი ჩააბარეს გზავნილში ადრესატად მითითებულ პირს. აღნიშნულით გადამზიდველმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, არ შეასრულა გამგზავნის მითითება, რის შედეგადაც დაზარალდა მოსარჩელე, ხოლო ზიანმა შეადგინა 5 200 აშშ დოლარი (ტვირთის ღირებულება), რომლის ანაზღაურებაზეც დაუსაბუთებლად აცხადებს უარს გადამზიდველი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გადამზიდველმა გამგზავნის 2015 წლის 5 მარტის განცხადებაზე მოახდინა მყისიერი რეაგირება. მოსარჩელის მიერ განცხადებით მიმართვის დროისათვის ტვირთი იმყოფებოდა ნ-ის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნ-ის ფოსტის საქონლის მიღება-გაცვლის ოფისში, შესაბამისად, გადამზიდველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავად შეესრულებინა გამგზავნის მითითება გადაზიდვის შეჩერებისა და ტვირთის დაბრუნების თაობაზე, რის გამოც, ამ მოთხოვნით მან ორჯერ მიმართა ნ-ის ფოსტას, რაც მოპასუხის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან არ არსებობს ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 349,9 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გადამზიდველმა, რომელმაც მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადამზიდველის ქმედების მართლზომიერება, აგრეთვე იმის შემოწმება, არსებობს თუ არა მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილი გვთავაზობს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, თუ რა მიიჩნევა მატერიალური სამართლის ნორმის დარღვევად, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო საჩივრის ავტორი პრეტენზიას სწორედ იმ საფუძვლით აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა გადამზიდველის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად ზიანის ანაზღაურების დაკისრების მარეგულირებელი ნორმები. იმის გასარკვევად, თუ რამდენად დასაშვები/დასაბუთებული შედავება იქნა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. 2015 წლის 2 მარტს მხარეთა შორის დაიდო ტვირთის გაგზავნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფძველზეც მოსარჩელემ ტვირთი გაგზავნა ნ-ის რესპუბლიკაში გზავნილის მიმღებ მ. ა.თან;

1.2.2. გადაზიდვის მომსახურებაში გამგზავნმა გადაიხადა 349,9 ლარი. გზავნილი წარმოადგენდა 5 200 აშშ დოლარად ღირებულ ვიდეოკამერას;

1.2.3. 2015 წლის 4 მარტს გამგზავნმა განცხადებით მიმართა გადამზიდველს და მოითხოვა 2015 წლის 2 მარტს ნ-აში მ. ა.ისთვის გაგზავნილი გზავნილის შეჩერება და ტვირთის უკან დაბრუნება, ამ დროისათვის ტვირთი ნ-ის რესპუბლიკაში იმყოფებოდა;

1.2.4. 2015 წლის 6 მარტს გადამზიდველმა ნ-ის საფოსტო განყოფილების ადმინისტრაციაში გააგზავნა მიმართვა ტვირთის დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების შესახებ. 2015 წლის 10 მარტს მიღებულ იქნა დასტური ინფორმაციის დანიშნულების ქვეყნის შესაბამის სამსხურებზე გადაცემის შესახებ. იმავე დღეს კასატორმა განმეორებით გააგზავნა მოთხოვნა ტვირთის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით და 2015 წლის 16 მარტს მიიღო შეტყობინება ნ-ის ფოსტიდან, რომ ამანათი არ იყო შესული დანიშნულების ქვეყანაში. მიუხედავად ამანათის დაბრუნების შესახებ გადამზიდველის მოთხოვნისა, ის ადრესატს ჩაბარდა 2015 წლის 13 მარტს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია, რამდენადაც კასატორს ამ გარემოებათა თაობაზე დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

1.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება და სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველს წარმოეშვა ვალდებულება, შეთანხმებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, გადაეტანა ტვირთი დანიშნულების ადგილზე. გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ეს ზოგადი ნორმა, ბუნებრივია, არ არის ამომწურავი და ამავე კოდექსის 672-ე მუხლის შესაბამისად, ამ ურთიერთობის მიმართ სრულად ვრცელდება გადაზიდვის ხელშეკრულების მომწესრიგებელი კანონისმიერი დანაწესები (სკ-ის 669-ე-708-ე მუხლები).

1.5. იმისათვის, რომ სწორად გადაწყდეს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები:

1.5.1. სამოქალაქო კოდექსის 680-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა და მისი ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს. შეიძლება დავასკვნათ, რომ მიუხედავად გამგზავნის ფაქტობრივი ბატონობიდან ნივთის გასვლისა, იგი კვლავ მის არაპირდაპირ მფლობელად გვევლინება და შესაბამისად, გადაზიდვის ობიექტის ბედი კვლავ გამგზავნის ნების არეალშია მანამ, ვიდრე ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ ზედნადები მიმღებს არ გადაეცემა. საფოსტო ამანათზე გამგზავნის ანალოგიურ უფლებას ადგენს მსოფლიო საფოსტო კონვენციის (ძალაშია 18.11.1999 წლიდან) მე-2 მუხლი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ გამგზავნმა გადამზიდველს გადაზიდვის შეწყვეტისა და ტვირთის დაბრუნების მითითება 2015 წლის 4 მარტს მისცა, როდესაც ტვირთი ნ-ის საფოსტო განყოფილებაში ამანათების მიღება-გაცვლის ოფისში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაზიდვის შეწყვეტის მოთხოვნის ზემოხსენებული უფლება მოსარჩელეს ჯერ კიდევ გააჩნდა.

1.5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გადამზიდველის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მან ყოველი ღონე იხმარა გამგზავნის მითითების კეთილსინდისიერად შესასრულებლად, რაც მისი მხრიდან ნ-ის საფოსტო დაწესებულებისათვის ორჯერ წერილობით მიმართვაში გამოიხატა, კერძოდ, პირველად მან ნ-ის საფოსტო განყოფილებას მიმართა 2015 წლის 6 მარტს, ხოლო მეორედ _ ამავე წლის 10 მარტს, ამასთანავე, რადგანაც ტვირთი იმყოფებოდა სწორედ ნ-ის საფოსტო განყოფილებაში, კასატორი მოკლებული იყო შესაძლებლობას, უშუალოდ შეესრულებინა გამგზავნის მითითება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადამზიდველის ხსენებული არგუმენტი მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის წინაპირობა ვერ გახდება, რამდენადაც გადამზიდველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას კანონი უკავშირებს ობიექტური ფაქტორისა და მითითების მიმცემის ამ გარემოების შესახებ დაუყოვნებლივ ინფორმირების ფაქტის კუმულაციურად არსებობას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 680-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მითითების შესრულება შეუძლებელია იმ მომენტში, როდესაც იგი მითითების შემსრულებელს მიუვა (სკ-ის 680.5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) და ამ საფუძვლით არ შეუძლია მას მითითების შესრულება, ამის შესახებ გადამზიდველმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მითითების გამცემს, ხოლო, ამავე ნორმის მე-7 ნაწილის ძალით, გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით გაცემულ მითითებებს, ან ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის გარეშე, პასუხს აგებს უფლებამოსილი პირის წინაშე აქედან წარმოშობილი ზიანისათვის.

1.5.3. განსახილველ შემთხვევაში, არც კასატორს განუცხადებია და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მითითების მიღებისთანავე მოპასუხემ დაუყოვნებლივ განახორციელა მისი შესრულების ადეკვატური ღონისძიებები და შესრულების შეუძლებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა გამგზავნს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს შინაგანი რწმენა ემყარება იმას, რომ ტვირთი 2015 წლის 2 მარტს გაიგზავნა დაჩქარებული წესით (EMS) და ნ-ის ფოსტაში იმყოფებოდა 2015 წლის 4 მარტს, ხოლო გამგზავნის 4 მარტის მოთხოვნის პასუხად გადამზიდველმა ნ-ის ფოსტას წერილობით 2015 წლის 6 მარტს მიმართა, რომელიც ადრესატს მხოლოდ 10 მარტს ჩაბარდა. სარჩელზე დართული მოპასუხის წერილით კი, ირკვევა, რომ გამგზავნის განკარგულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე წერილი გადამზიდველმა 2015 წლის 30 მარტს მოამზადა. ამ ფაქტის შეფასების მიზნით, პალატა მიუთითებს „მსოფლიო საფოსტო კონვენციის“ 57-ე მუხლზე (МУП სამსახური-საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა), რომლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმადაც, საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის სამსახური, ფიზიკურად საფოსტო სამსახურებიდან ყველაზე სწრაფია. იგი მოიცავს კორესპოდენციის, დოკუმენტების ან საქონლის ძალიან მოკლე დროში აკრებას, გადაცემას და მიწოდებას. ეს სამსახური განისაზღვრება ლოგოტიპით, რომლის ნიმუში მოყვანილია ქვემოთ და რომელიც შედგება ელემენტებისაგან: ფართის ფორმა სტაფილოს ფერის; EMS ასოები ლურჯი ფერის; სტაფილოსფერი სამი ჰორიზონტალური ზოლი. ლოგოტიპი შეიძლება შევსებული იყოს ნაციონალურ სამსახურში გამოყენებული დასახელებით. ნ-ის ფოსტასთან გამგზავნის მითითების შესრულების მიზნით, ზემოხსენებული სტანდარტის დაცვით კომუნიკაციის დამყარების ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

1.5.4. წინა პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან გამგზავნის კანონიერი მოთხოვნის შესრულების წესის დარღვევის გამო, ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა საფუძვლიანია და ამ ნაწილში არ არსებობს კასატორის პრეტენზიათა გაზიარების საფუძველი.

1.6. რაც შეეხება ზიანის ოდენობის განსაზღვრის საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა და მისი ყოვლისმომცველი მოწესრიგება მხოლოდ კონკრეტული ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამოქალაქო კოდექსის კერძო ნაწილის ნორმებით არ შემოიფარგლება, შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს ვალდებულებითი სამართლის ყველა, მათ შორის მეორადი მოთხოვნების მარეგულირებელი ის ნორმები, რომლებიც სპეციალურ მოწესრიგებას არ ეწინააღმდეგებიან. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, გონივრული ბალანსი იქნას დაცული ზიანის მიმყენებლისა და დაზარალებულის ინტერესებს შორის. ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პროპორციულობას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კრედიტორის მითითების მიუხედავად, ნივთის (ტვირთის) დაბრუნება ვერ უზრუნველყო გადამზიდველმა, შესაბამისად, გამართლებულია მოპასუხისათვის ნივთის ღირებულების დაკისრება, რომლის ოდენობაც მხარეთა შორის სადავო არაა, ამდენად, 5 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის დაკისრების თაობაზე ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები კანონიერია და ამ ნაწილში არსებობს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, გადაზიდვის საზღაურის _ 394,9 ლარის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე კი, ქვემდგომი სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის დარღვევითაა მიღებული, კერძოდ: იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ გადაზიდვის საზღაური სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის ფარგლებშია გადახდილი, რომელიც გადამზიდველს არც გამგზავნის მითითების და არც გადაზიდვის ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (სკ-ის 684-ე მუხლის შესაბამისად, გადამზიდავს გამგზავნის მითითების შესრულების შემთხვევაში წარმოეშობოდა დამატებითი შესრულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოსარჩელის მიმართ) არ წარმოეშობოდა, ეს თანხა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კრედიტორისათვის მიყენებულ ზიანად და შესაბამისად, მისი ანაზღაურება არ შეიძლება დაეკისროს კასატორს.

1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მტკიცებულებათა შეფასების, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამატებით დადგენისა თუ საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების სხვა წინაპირობები არ იკვეთება, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა: ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.6. პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გამგზავნის სარჩელი გადაზიდვის საზღაურის _ 394,9 ლარის გადამზიდველისათვის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით მოწესრიგებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წესი და ნორმით დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.2. განსახილვველი დავის საგნის ღირებულება შეადგენს 12 569,9 ლარს (სსსკ-ის 40.2 მუხლი და 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე, სარჩელის წარდგენის დროისათვის არსებული ვალუტის კურსი www.nbg.gov.ge). მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 369 ლარი, ხოლო მოპასუხემ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გადაიხადა 511,41 და 626,83, სულ _ 1138,24 ლარი. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტაციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის 97%-ის, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ _ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გაწეული ხარჯის 3%-ის ანაზღაურება, საბოლოოდ, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გზით შპს „ს-ას“ დ. ფ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 305,93 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ ბაჟს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება საფოსტო მომსახურების, ასევე, სასამართლო ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. დ. ფ-ის სარჩელი შპს „ს-ის“ მიმართ 349,9 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

5. შპს „ს-ას“ (ს/კ #...) დ. ფ-ის (პ/#...) სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის სახით დაეკისროს 305,93 ლარის ანაზღაურება.

6. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე