საქმე №ას-824-790-2016 23 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. წ-ის უფლებამონაცვლე გ. წ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ს-ე (მოპასუხე)
მესამე პირი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, საქმის წარმოების შეჩერებასა და მტკიცებულებების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 2016 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. წ-მა (უფლებამონაცვლე _ გ. წ-ი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2015წ. განჩინება), შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2001 წლის 15 ოქტომბერს ცაგერის რაიონის სოფელ ა-ის საკრებულოს მიერ რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების #3 აქტის ჩანაწერი, ქორწინების მოწმობა #მ...) ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები 1993 წლიდან 2011 წლის თებერვლამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. 2011 წელს მოსარჩელისათვის მოპასუხისაგან ცნობილი გახდა ქორწინების მოწმობის არსებობის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 30 მაისის #07/138862 წერილით მოსარჩელემ შეიტყო 2001 წლის 15 ოქტომბრის #3 ქორწინების ჩაწერის აქტის შესახებ, რომლის მიხედვით მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ქორწინების ჩაწერის აქტი #3 შედგენილია არა 2001 წელს „მმაჩის ბიუროს გამგის“ ჟ.ყ-ის მიერ, არამედ გააყალბა მოპასუხემ დაახლოებით 2007 წელს, ჟ.ყ-ის გარდაცვალების შემდეგ, ქორწინების ჩაწერის აქტზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულთან დაკავშირებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
2. მოპასუხის, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია:
2.1. მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ქორწინების აქტის ჩანაწერზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის მოსარჩელეს. აღნიშნული აქტი რეგისტრირებულია 2001 წლის 15 ოქტომბერს ცაგერის რაიონის ა-ის სოფლის საკრებულოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით. წინამდებარე სარჩელი მხოლოდ მას შემდეგ აღიძრა და ქორწინების ქორწინების სააქტო ჩანაწერის ნამდვილობა სადავო გახდა, რაც 2012 წელს სარჩელით მიმართა მოპასუხემ სასამართლოს ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს ქორწინების ბათილად ცნობის წინაპირობები.
2.2. მესამე პირმა _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო ქორწინების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია 2001 წლის 15 ოქტომბერს ცაგერის რაიონის ა-ის სოფლის საკრებულოს მიერ. რეგისტრაციის პერიოდში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები იყენებდნენ 1971 წლის 9 მარტის #133 ინსტრუქციას „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“, რომელიც არეგულირებდა ასევე თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას. აღნიშნული ორგანოები ახორციელებდნენ დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების აქტის ჩანაწერების რეგისტრაციას. ამავე ინსტრუქციით რეგულირდებოდა, როგორც ანგარიშგება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ, ასევე, განაცხადის შენახვის წესი (XIII თავი, პუნქტი 135), რომლის ვადა შეადგენდა 5 (ხუთი) წელს. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები ნადგურდებოდა. იმ დროს მოქმედი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებდა მხოლოდ სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების (სამოქალაქო აქტების ჩანაწერების) შენახვის ვალდებულებას, ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად არ არსებობს მხარეთა, როგორც დასაქორწინებელ პირთა, განაცხადი, მაგრამ არსებობს ქორწინების მოწმობა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, საქმის წარმოების შეჩერებასა და მტკიცებულებების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 2016 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 1993 წლიდან 2011 წლის თებერვლამდე მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, რის შესახებაც ცნობილი იყო მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის, ინფორმაცია არ იყო დაფარული ფართო საზოგადოებისათვის;
1.2.2. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს იუტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მიერ 30.05.2012წ. გაცემულია მხარეთა სააქტო ჩანაწერის ასლი და ქორწინების მოწმობა მნ #4... (ქორწინების სააქტო ჩანაწერი №3, რეგისტრირებული ა-ის სოფლის საკრებულოს მიერ);
1.2.3. 2012 წლის 4 ივნისს დ. ს-ემ სარჩელი აღძრა ვ. წ-ის მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.12.2012წ. გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი ვ. წ-ის მიმართ უძრავ ქონებაზე (ს/კ #01.72.14.007.1...) თანამესაკუთრედ ცნობის, თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ღირებულების ნახევრის დაკისრებისა და პირადი საკუთრებაში მოძრავი ნივთების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.06.2013წ. განჩინებით უცვლელად დარჩა ზემოხსენებული გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.11.2013წ. განჩინებით ვ. წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქ.თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #01.72.14.007.1...) ½ საჯარო რეესტრში აღირიცხა დ. ს-ის სახელზე;
1.2.4. მოსარჩელის 27.06.2012წ. განცხადების საფუძველზე, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მხარეთა ქორწინების სააქტო ჩანაწერის გაყალბების თაობაზე და #... სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად დადგენილი არ არის. ქორწინების სადავო ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით, მოსარჩელემ ასევე მიმართა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომლის 2013 წლის 19 აპრილის #01/83726 წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო. ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში მიმდინარე გამოძიებისას, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამოღებულია ცაგერის რაიონის სოფელი ა-ის საკრებულოს ქორწინების სააქტო ჩანაწერის 1999-2000წწ. წიგნი, კერძოდ, ქორწინების აქტი შესრულებული 15.10.2001 წელს, დ. ს-ესა და ვ. წ-ს შორის. მექორწინეთა ერთობლივი განცხადება საკრებულოს მასალებში არ ინახება. ა-ის საკრებულოში ხანძრის გაჩენის გამო ცაგერის სამოქალაქო რეესტრს სხვა ინფორმაცია არ აქვს. ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის მიმართვის თანახმად კი, სადავო ქორწინების სააქტო ჩანაწერი ნამდვილად შედგენილია 2001 წლის 15 ოქტომბერს და დაცულია შესაბამისი ნუმერაცია. ზოგადი წესის თანახმად, მექორწინეთა განცხადება ინახებოდა საკრებულოში, 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ანადგურებდა საკრებულო. მოწმედ დაკითხული ო. მ-ის ჩვენების თანახმად, იგი ცაგერის რაიონის სოფელი ა-ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელად მუშაობდა 1993 წლიდან 2011 წლამდე და მუშაობს ამჟამადაც 2013 წლიდან. მისი განმარტებით, ძველი შენობის ინვენტარიზაციის ჩატარებისას განადგურდა ძველი განცხადებები, ასევე, შენობაში არსებული ნივთები და საკრებულოში შემორჩენილია მხოლოდ საკომლო წიგნები. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის, მექორწინეთა ერთობლივი განცხადებები, ა-ის საკრებულოში არ ინახება. ა-ის საკრებულოს მდივნად 2005 წლამდე მუშაობდა ჟ. ყ-ი და მისი კომპეტენცია იყო საკრებულოს ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტების შედგენა და რეგისტრაცია. აქტებზე საკრებულოს ბეჭდის დასმა კი ხდებოდა ო. მ-ის მიერ. იგივე დასტურდება ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 15 აპრილის #41 მიმართვით;
1.2.5. მოპასუხესთან ქორწინების თობაზე აპელანტმა გამოხატა ნება შესაბამისი ფორმით _ ხელმოწერით ცაგერის რაიონის სოფელი ა-ის საკრებულოს მიერ 15.10.2001წ. რეგისტრირებული ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის გარემოება იმის თაობაზე, რომ ქორწინების ჩანაწერის აქტზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მოსარჩელეს. საქმეში წარმოდგენილია ქორწინების ჩაწერის აქტზე შესრულებული ხელმოწერის ნამდვილობის თაობაზე რამდენიმე არაერთგვაროვანი დასკვნა, კერძოდ:
ა) შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2012 წლის 30 ნოემბრის #629/გრ დასკვნის თანახმად: 1. გამოსაკვლევი ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ დ. ს-ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია დ. ს-ის მიერ; 2. გამოსაკვლევი ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ ვ. წ-ის სახელით არსებული ხელმოწერა წარმოდგენილი ნიმუშებით შესაძლებელია, შესრულებული იყოს ვ. წ-ის მიერ; 3. გამოსაკვლევ ობიექტში ჩაწერის #3 აქტზე გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ ქ. ჭ-ის სახელით არსებული მოკლე და სრული ასოთი ჩანაწერის სახით არსებული ხელმოწერა და მის ქვეშ ჩანაწერი პ/მოწმ, №... 10.09.1999“ შესრულებულია ქ. ჭ-ის მიერ“; 4. გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ მ. რ-ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ. რ-ის მიერ“. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ. რ-ამ განმარტა: 15.10.2001წ. ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე ვ. წ-ის სახელით არსებულ ხელმოწერაზე გაცემულია სავარაუდო დადებითი დასკვნა; ექსპერტიზის ჩასატარებლად წარდგენილი ნიმუშების საკმარისი რაოდენობისა და სადავო პერიოდთან დაახლოებულ (მოკლე დროის მონაკვეთში) დროში შესრულებული ნიმუშების არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო კატეგორიული დადებითი დასკვნის გაცემა; ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ აღებული ნიმუშების შესწავლისას გასათვალისწინებელია პირის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უჩვეულო პირობებში შესრულებული ხელმოწერა, რაც საბოლოოდ იწვევს გამოსაკვლევ ობიექტსა და ხელმოწერის ნიმუშებს შორის განმასხვავებელი ნიშნების არსებობას; სადავო ხელმოწერის შესრულების პერიოდთან 1-2 წლის შუალედით შესრულებული თავისუფალი ხელმოწერის ნიმუშის არსებობის პირობებში შეიძლება სავარაუდო ყოფილიყო კატეგორიული დასკვნის გაცემა;
ბ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.03.2013წ. #... დასკვნის თანახმად: 1. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის 1999 წლის ჟურნალში მე-4 გვერდზე განთავსებული ქორწინების ჩანაწერის აქტის #3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) ზედა ნაწილში მითითებულ თარიღის აღმნიშვნელ ციფრობრივ ჩანაწერში „2001“ ციფრი „1-ის“ ადგილზე მომხდარია ცვლილება. ციფრობრივი ჩანაწერის „2001“ ადგილზე ციფრობრივი ჩანაწერი „2002“. 2. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის #3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) ხანდაზმულობის დადგენა მასზე არსებული ხელნაწერი ტექსტის მიხედვით შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არ არსებობის გამო. 3. დადგენა იმისა, თუ როდის იყო დატანილი ბეჭდის ანაბეჭდი გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის #3 (15 ოქტომბერი, 2001 წლის თარიღით) უკანა მხარის მარცხენა ქვედა ნაწილში შეუძლებელია, კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო. 1.1. ხელმოწერა ვ. წ-ის სახელით განლაგებული ქორწინების ჩაწერის აქტზე #3. 15.10.2001 წლის თარიღით, მეორე გვერდზე, მე-13 გრაფის გასწვრივ „მექორწინეთა ხელის მოწერა“ შესრულებულია არა ვ. წ-ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით. 1.2. ხელმოწერა ჟ. ყ-ის სახელით, განლაგებული: ქორწინების ჩაწერის აქტზე #3, 15.10.01 წლის თარიღით, მეორე გვერდზე გრაფაში: „მმაჩის განყოფილების გამგე“ შესრულებულია არა ჟ. ყ-ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით“. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ. ვ-იამ განმარტა: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 19 მარტს გაიცა კატეგორიული უარყოფითი დასკვნა, კერძოდ, გამოსაკვლევ ობიექტსა და წარმოდგენილ ხელმოწერის ნიმუშებს შორის, კერძო ნიშნებთა მნიშვნელოვანი განსხვავების არსებობის გამო, დადგინდა, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია არა ვ. წ-ის, არამედ სხვა პირის მიერ; ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია შესაბამის გრაფაში (და არა თავისუფალ ფურცელზე), რამაც გამოიწვია ხელმოწერის ზომის შევიწროვება. ამასთან, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს ორი იდენტური ხელმოწერა, გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებისას, იდენტიფიკაციისათვის ხდება თავისუფალი, პირობით თავისუფალი და ექსპერიმენტული ხელმოწერის ნიმუშების აღება. კერძო და საერთო ნიშნებს შორის არსებულმა განსხვავებებმა აჩვენა, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია არა ვ. წ-ის, არამედ სხვა პირის მიერ. გარეგნული მსგავსება და თანდამთხვევითი ნიშნები კი, შესაძლოა გამოწვეული იყოს ვ. წ-ის ხელმოწერაზე მიმსგავსებით. წარმოდგენილ თავისუფალ ნიმუშებსა და სადავო ხელმოწერას შორის შესრულებულ პერიოდს შორის ხანგრძლივ დაშორებას არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა და ექსპერტიზისათვის წარდგენილი მასალები საკმარისი აღმოჩნდა კატეგორიული უარყოფითი დასკვნის გასაცემად;
გ) დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ-ის“ 08.05.2013წ. #07/01 ექსპერტის დასკვნის თანახმად: 1. 2001 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ ქორწინების #3 აქტში ხელმოწერა წ-ის გრაფაში #13, შესაძლებელია, შესრულებული იყოს ვ. წ-ის მიერ. 2. 2001 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ ქორწინების #3 აქტში უკანა მხარეს გრაფაში „მმაჩის განყოფილების გამგე“ არსებული ხელმოწერა ჟ.ყ-ის გვარით არ გამოკვლეულა იმის გამო, რომ შესადარებელ მასალად წარმოდგენილი ნიმუშების რაოდენობა იყო მცირე და არასაკმარისი შედარებითი კვლევის ჩასატარებლად. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ა. მ-ემ განმარტა: შპს „ვ-ის“ მიერ გაცემულია სავარაუდო დადებითი დასკვნა, კერძოდ, დადგინდა, რომ 2001 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული ქორწინების #3 აქტში ხელმოწერა წ-ის გვარით გრაფაში შესაძელებელია შესრულებული იყოს ვ. წ-ის მიერ; ორი აბსოლუტურად იდენტური ხელმოწერა არ არსებობს; ამ შემთხვევაში, კატეგორიული დადებითი დასკვნის გამოცემა არ მოხდა, ვინაიდან კერძო ნიშნებს შორის იყო განსხვავება, მაგრამ ნაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე დამახასიათებელი და მყარი ნიშნების თანადამთხვევები ერთობლიობაში; მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია წყვეტილ რეჟიმში. უწყვეტი რეჟიმის პირობებში მეტი ალბათობაა, გაიცეს კატეგორიული დადებითი დასკვნა ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით;
დ) შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 28.03.2014წ. #103/გრ/104/დტ, 00148714 ექსპერტის დასკვნის თანახმად, 1. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე, დათარიღებული 15.10.2001 წლით, მეორე მხარეს ვ.წ-ის სახელით არსებული ხელმოწერის გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ (გვარი ქორწინებამდე) შესრულებულია არა ვ. წ-ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. დადგენა საკითხისა, არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა დ. ს-ის, მ. რ-ის ან ქ. ჭ-ის მიერ, შეუძლებელია, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო; 2. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე დათარიღებული 15.10.2001 წლით, მეორე მხარეს დ.ს-ის სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: „მექორწინეთა ხელის მოწერა“ (გვარი ქორწინებამდე) შესრულებულია დ. ს-ის მიერ; 3. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ ქ.ჭ-ის სახელით არსებული ხელმოწერები (როგორც ასოითი ჩანაწერის სახით, ისე მოკლე ტრანსკრიფციით) და ხელმოწერების ქვეშ განთავსებული ხელნაწერი პირადობის მოწმობის ნომრისა და გაცემის თარიღის თაობაზე შესრულებულია ქ. ჭ-ის მიერ; 4. ექსპერტიზაზე წარდგენილი ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ მ.რ-ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ. რ-ის მიერ; 5. ექსპერტიზაზე წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის მე-4 ფურცელზე განთავსებული ქორწინების ჩაწერის აქტის #3 დათარიღებულია 2001 წლით, თუმცა, მითითებული წლის აღმნიშვნელ რიცხვებში შეტანილია ცვლილება, კერძოდ, ამჟამად არსებული ციფრობრივი ჩანაწერის „2001“ ადგილზე თავდაპირველად იყო ჩანაწერი „2002“; 6. ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „მმაჩის განყოფილების გამგე ჟ.ყ-ის“ სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ჟ. ყ-ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით; 7. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების აქტის #3 (15 ოქტომბერი, 2001 წელი) ხელნაწერის ტექსტის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო. სხდომაზე ექსპერტმა მ. ვ-იამ განმარტა, რომ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ 2014 წლის 28 მარტს გაცემულია კატეგორიული უარყოფითი დასკვნა: გამოვლენილი განმამასხვავებელი ნიშნები მყარია, მნიშვნელოვანი, ინდივიდუალური და ერთობლიობაში საკმარისი დასკვნისათვის, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია არა ვ. წ-ის, არამედ სხვა პირის მიერ;
ე) დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ-ის“ 17.04.201წ. #07/02 ექსპერტის დასკვნის თანახმად: 1. ხელმოწერა ვ.წ-ის გვარით ქორწინების აქტების ჟურნალში „მექორწინეთა“ გრაფაში (აქტი #3, 15.10.2001წ.) შესრულებულია არა დ.ს-ის, არა ქ.ჭ-ის, არა მ.რ-ის, არამედ, სავარაუდოდ, ვ. წ-ის მიერ. 2. ხელმოწერა დ.ს-ის გვარით ქორწინების ჩაწერის #3 აქტზე გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე)“ შესრულებულია დ. ს-ის მიერ. 3. ხელმოწერები ქ.ჭ-ის გვარით და ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები ხელმოწერების ქვეშ #3 ქორწინების აქტის მე-4 გვერდის მეორე მხარეზე გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ შესრულებულია ქ. ჭ-ის მიერ. 4. ხელმოწერა მ.რ-ის გვარით იმავე აქტის გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ შესრულებულია მ. რ-ის მიერ. 5. დადგენა საკითხისა _ შესრულებულია თუ არა ხელმოწერა ჟ.ყ-ის გვარით ქორწინების აქტების ჟურნალში (აქტი №3, 15.10.2001 წელი, გვ. 4) შეუძლებელია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. 6. ქორწინების ჩაწერის #3 აქტის გვერდზე წლის აღმნიშვნელ თარიღში შეტანილია ცვლილება, კერძოდ: არსებულ ციფრობრივ ჩანაწერში ბოლო ციფრი გადასწორებულია და ამჟამად არსებული თარიღის „2001-ის“ ნაცვლად ადრე ეწერა „2002“. 7. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ქორწინების #3 აქტის (15.10.01.) ხელნაწერის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნ. დ-მა განმარტა: გაცემულია სავარაუდო დადებითი დასკვნა; კვლევის ჩატარებისას, გამოიკვეთა, რომ თანადამთხვევითი კერძოდ, ნიშნები ერთობლიობაში უფრო მყარია და მნიშვნელოვანი, ვიდრე განმასხვავებელი და ქმნიან საიდენტიფიკაციო კერძო ნიშანთა კომპლექსს, რაც საკმარისია მხოლოდ სავარაუდო დასკვნისათვის; განმასხვავებელი ნიშნების არსებობამ არ მისცა ექსპერტს საშუალება კატეგორიული დადებითი დასკვნის გაცემისა; გამოსაკვლევ ხელმოწერასა და წარმოდგენილ ნიმუშებს შორის განსხვავება შეიძლება გამოიწვიოს უამრავმა ფაქტორმა: გადატანილი ავადმყოფობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადამიანის მიერ იშვიათად განხორციელებულმა ხელისმოწერამ, ფიზიკურმა დაღლილობამ, ხელმოწერისას კალმის წვერის გამართულობა, მყარი ზედაპირი და ა.შ. თუ ხელმოწერის შესრულებისას ხდება უშუალოდ ხელის მოძრაობის შეცვლა, აღნიშნული იწვევს უფრო მეტი განმასხვავებელი ნიშნების არსებობას;
ვ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამედიცინო-კვლევითი ცენტრის 23.05.2013წ. კონსულტაციის #2-წ-16*/17, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის 25.02.2014წ. გაცემული საკონსულტაციო დასკვნის #20/3/2014 მიხედვით, ადამიანის ხელწერა იცვლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცვლილებები, ასევე, მთელ რიგ დაავადებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანის ხელწერაზე და გამოიწვიოს ცვლილებები მის კალიგრაფიაში, ხელწერაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღებამაც;
1.2.6. აპელანტს გადატანილი აქვს სხვადასხვა დაავადებები: 2006 წელს მკურნალობდა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, მარჯვენა თირკმლის კიბოს დიაგნოზით, გაუკეთდა ოპერაცია და ამოიკვეთა მარჯვენა თირკმელი სრულად ლიმფურ კვანძებთან ერთად; 2008 წლის 11 ივნისს მკურნალობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ა. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკაში დიაგნოზით: არასტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია; 2012 წელს დაუდგინდა დიაგნოზი: ჰემორაგიული ინსულტი, მცირე ზომის ინტრაცერებრული ჰემატომა, გულის იშემიური დაავადება, რის გამოც ენიშნებოდა გარკვეული სამედიცინო პტრეპარატები. საქმეში წაერმოდგენილია ასევე სხვადასხვა დროის სამედიცინო დოკუმენტები ვ. წ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
1.2.7. მოწმედ დაიკითხნენ ქ. ჭ-ი და მ. რ-ი, რომლებიც, როგორც ქორწინების მოწმეები, აწერენ ხელს სადავო აქტს (ქორწინების ჩანაწერის აქტი #3). მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ქორწინების სააქტო ჩანაწერზე ვ. წ-ისა და დ. ს-ის ხელმოწერები შესრულებულია მათი თანდასწრებით, ხოლო მათ მიერ ხელმოწერა შესრულდა მხოლოდ მექორწინეთა ხელმოწერების შემდეგ. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს სადავო პერიოდისათვის ცაგერის რაიონის საკრებულოს სოფელ ა-ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ო. მ-ე, რომელიც ესწრებოდა ქორწინების ჩანაწერის აქტზე ხელმოწერის შესრულების პროცესს. მოწმეებმა დაადასტურეს ის გარემოებაც, რომ ხელმოწერამდე მექორწინეებს „მმაჩის განყოფილების გამგე“ ჟ.ყ-ის მიერ ეცნობათ ქორწინების სააქტო ჩანაწერის შინაარსის შესახებ. ო. მ-ემ დამატებით განმარტა, რომ ქორწინების სააქტო ჩანაწერზე „სამსახურებრივი ბეჭედი“ დაარტყა მეორე დღეს, რომელზეც უტყუარად იყო როგორც დ. ს-ის, ასევე, ვ. წ-ის ხელმოწერა. სასამართლოს დასკვნით, ქორწინების სააქტო ჩანაწერზე ვ. წ-ის ხელმოწერის გაყალბების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ შეფასდებოდა ის გარემოება, რომ 2002 და 2004 წლებში დ. ს-ემ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ოჯახის წევრების გრაფაში არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის არსებობის თაობაზე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი (ადრე მოქმედი რედაქციით), რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია მხოლოდ გარკვეულ პერიოდში მხარეთა კავშირის არსებობა და არა ამ ფაქტის რეგისტრაცია, რადგანაც სადავო სააქტო ჩანაწეზე ხელმოწერა არ ეკუთვნის მოსარჩელეს, სააქტო ჩანაწერის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 30.05.2012წ. წერილით. პალატამ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლი, რადგანაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ვ.წ-ის თანხმობა ქორწინებაზე (ქორწინების მსურველთა განცხადება), აღნიშნულის საპირისპიროდ კი, წარმოდგენილია მხოლოდ გაყალბებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი. ამ თვალსაზრისით სასამართლოს არ უხელმძღვანელია სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, რომლის შესაბამისადაც დაადგენდა, რომ არ არსებობს მოსარჩელის ნება ქორწინების თაობაზე. საქმის მასალებში არ მოიპოვება სამოქალაქო კოდექსის 1112-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება _ მოსარჩელის განცხადება ქორწინების მარეგისტრირებელი ორგანოს სახელზე. ამავე კოდექსის 1140-ე მუხლის საფუძველზე სრულიად არაკატეგორიული ხასიათის ექსპერტიზის დასკვნებისა და ცრუ მოწმეების ჩვენებაზე სასამართლომ არასწორად დაადგინა დასაქორწინებულ პირთა თანხმობის არსებობის ფაქტი. პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კატეგორიული ხასიათის დასკვნები, რომლებიც გამოძიების და არა მოსარჩელის მიერაა დანიშნული. პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1117-ე მუხლით იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ მოწმეების ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი, ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია;
1.4.2. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე (105-ე) მუხლების მოთხოვნები და არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 30.11.2012წ. დასკვნა არაკატეგორიული შინაარსისაა, რომელიც ამავე საქმეში არსებული კატეგორიული ხასიათის უარყოფითი დასკვნის საპირწონედ ვერ გამოდგება, ანალოგიურად შეიძლება ითქვას შპს „ვ-ის“ 2013 წლის დასკვნაზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოყენებული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.03.2013წ. დასკვნა, რომელიც, როგორც მოსარჩელის, ისე _ ჟ.ყ-ის ხელმოწერის გაყალბების ფაქტზე მიუთითებს. ასევე, არ იქნა გამოყენებული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 28.03.2014წ. დასკვნა, რომელიც ხელმოწერათა გაყალბების ფაქტს ადასტურებს;
1.4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, არასწორად განაცხადა სასამართლომ უარი ვ.წ-ის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულების _ ექსპერტიზის დასკვნის მიღებაზე იმ დასაბუთებით, თითქოს მოწმეებმა დეტალურად აღწერეს ხელმოწერის პროცესი. სწორედ ამით იყო განპირობებული სასამართლოს მთავარ სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რაც საპატიო მიზეზს წარმოადგენს. ამ დასკვნით კი, დადასტურებულია, რომ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩამატებულია ფურცელი და შეცვლილია რეგისტრაციის თარიღები. დასკვნის მიღებაზე უარით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნები, გარდა ამისა, პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები, რამდენადაც დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი განცხადების არარსებობითა და საქმეში არსებული ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნების წარდგენით მოსარჩელემ დაამტკიცა მოთხოვნის საფუძვლიანობა. სასამართლოს ამგვარი მიდგომით დაირღვა მოსარჩელის გარანტირებული თანასწორობის პრინციპი;
1.4.4. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმეში არსებული მოპასუხის ქონებრივი დეკლარაციები, სადაც ამ უაკანსკნელს ოჯახის წევრად მოსარჩელე არ მიუთითებია, ამასთანავე, პალატას ქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილობისას არ უხელმძღვანელია სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ ჩაიდინა დანაშაული _ ყალბი დოკუმენტის შექმნით ქონების მართლსაწინააღმდეგო გზით დაუფლების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი, რის გამოც ყადაღა დაედო მის მიერ უკანონოდ მითვისებულ ქონებას.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ ამავე მხარეებს შორის ქორწინების შეწყვეტიდან გამომდინარე განხილულია ქონებრივი დავა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მისი გაუქმება/ბათილად ცნობა საქმის მასალებით არ დასტურდება, პირიქით, საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.03.2016წ. #2ბ/6008-15 განჩინება, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებით დადგენილია მოდავე მხარეთა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამდენად, საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პოზიციას ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის არასწორად დადგენის, მათ შორის მტკიცებულებათა არასწორი შეფასებისა თუ სასამართლოს მხრიდან 215-ე და 380-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს ექსპერტიზის დასკვნების თაობაზე და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის დადგენილია 105-ე მუხლით და ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტის დასკვნის მიმართ, დადგენილი არ არის. საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანხმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. სააპელაციო პალატამ ექსპერტთა დასკვნები შეაფასა როგორც ერთობლიობაში, ისე _ სასამართლო სხდომაზე ექსპერტთა მიერ მიცემულ განმარტებებთან, მოწმეთა ჩვენებებთან და იმ გარემოებასთან მიმართებაში, რომ მოსარჩელეს გადატანილი ჰქონდა არა ერთი დაავადება, რაც შესაძლებელს ხდიდა მისი ხელმოწერის ცვლილებას. ამ უკანასკნელ საკითხთან მიმართებით კასატორს არა თუ დასაბუთებული შედავება, პრეტენზიაც არ აქვს წარმოდგენილი.
1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი და ქორწინების ნამდვილობისათვის დადგენილი წინაპირობების დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, მართებულად არ დააკმაყოფილეს სარჩელი ამავე კოდექსის 1140-ე მუხლზე დაყრდნობით.
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის დასაბუთება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტს საქმის წარმოების შეჩერებაზე იმ საფუძვლით ეთქვა უარი, რომ ამავე მოტივებით საქმის წარმოების შეჩერებაზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა სასამართლოს და არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, თავად სხდომის ოქმით დასტურდება, რომ აპელანტი შუამდგომლობას ამყარებდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის დასრულებამდეც მხარე მოითხოვდა საქმის წარმოებისშეჩერებას.
2.2. წინამდებარე საკასაციო საჩივრით მხარე, მართალია, ითხოვს ამ განჩინების გაუქმებას, თუმცა, არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ გარემოებაზე არ მიუთითებს, თუ რაში გამოიხატება ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევა.
2.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მართალია გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებები შეიძლება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდეს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც კასატორი არ მიუთითებს მოთხოვნის საფუძველს, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს შესაძლო დარღვევები, ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საპროცესო კოდექსის 279-ე-280-ე მუხლებს და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო, სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
3.1. წინამდებარე საკასაციო საჩივარს ერთვის მტკიცებულებები 40 (ორმოცი) ფურცლად, საკასაციო შესაგებელს კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ ასევე, დაურთო განცხადების ასლი 4 (ოთხ) ფურცლად.
3.2. წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღება-შეფასების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ხოლო საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების განმეორებით წარდგენა ეწინააღმდეგება პროცესის მიზნებს, რამდენადაც საკასაციო სასამართლო მათ, ასევე, მათ თაობაზე არსებულ შეფასებებსა და დასკვნებს იკვლევს მხარეთა შედავების ფარგლებში. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ამდენად, პალატა თვლის, რომ მხარეებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე/შესაგებელზე დოკუმენტები.
4. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ. ც-ის მიერ 23/09.2016წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 404-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. წ-ის უფლებამონაცვლე გ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. წ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. ც-ის მიერ 23/09.2016წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. კასატორის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებასა და მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 2016 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ვ. წ-ის უფლებამონაცვლე გ. წ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 40 (ორმოცი) ფურცლად (ტ. IV, ს.ფ. 279-318), ხოლო დ. ს-ეს _ საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულება _ განცხადების ასლი 4 (ოთხი) ფურცლად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური