საქმე №ას-896-862-2016 5 იანვარი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. ს-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის 14 500 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. რ. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 16 389 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები 2011 წელს ზეპირად შეთანხმდნენ ერთობლივ საქმიანობაზე და ამ მიზნით მოსარჩელემ გერმანიიდან ჩამოიყვანა სამგზავრო ავტობუსი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 101 230 აშშ დოლარი, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით მოპასუხის სახელზე აღებულ იქნა სესხი ბანკიდან, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა, მათ შორის, მოსარჩელის ქონება. ავტობუსზე ზედამხედველობას ახორციელებდა მოპასუხე და მისი ექსპლუატაციით მიღებული თანხით იფარებოდა აღებული სესხი. საქმიანობის გაფართოების მიზნით მხარეებმა გადაწყვიტეს მეორე ავტობუსის ჩამოყვანაც და ამ მიზნით მოპასუხის სახელზე კვლავ აღებულ იქნა მიზნობრივი სესხი. ამ სესხის ნაწილით გადაიფარა მანამდე ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება, ხოლო დარჩენილი ნაწილი მოსარჩელეს გაეგზავნა გერმანიაში. მოპასუხემ მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება იმ მიზეზით, რომ აღარ სურდა ავტობუსის ჩამოყვანა. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტაზე, რის გამოც მოსარჩელემ, გადარიცხული ფულიდან დაიტოვა კუთვნილი 27 000 ევრო, ხოლო 8 000 ევრო დაუბრუნა მოპასუხეს.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მეორე ავტობუსის შესაძენად გადარიცხული თანხის _ 35 255 (48 000 აშშ დოლარი) ევროს, დავალების შესასრულებლად გადახდილი გასამრჯელოს _ 7 300 აშშ დოლარის, ამ თანხის დაუბრუნებლობის გამო პროცენტის (ბანკის მიერ დადგენილი 15%), მიუღებელი შემოსავლის _ 24 000 აშშ დოლარისა (2013 წლის 28 სექტემბრიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით) და პირველი ავტობუსის ჩამოყვანისას ზედმეტად გადაცემული 2 800 ევროს მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შეგებებულ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია სამგზავრო ავტობუსი, რომლითაც ახორციელებს საერთაშორისო რეისებს. ბიზნესის გაფართოების მიზნით გადაწყვიტა მეორე ავტობუსის შეძენა და ბანკიდან აიღო სესხი. აღებული თანხის ნაწილით გადაფარა წინა ავტობუსის ჩამოყვანისათვის სესხად აღებული თანხა, ხოლო თანხის ნაწილი გერმანიაში გადაურიცხა მოპასუხეს (შეგებებულ სარჩელზე), რომელიც წასული იყო შეგებებული მოსარჩელის ავტობუსის შესაძენად. დავალების შესასრულებლად მოპასუხეს წინასწარ გადასცა 7 300 აშშ დოლარი. ავტობუსის შესაძენად კი, ჯამში გადაურიცხა 35 525 ევრო. გერმანიიდან მოპასუხემ ავტობუსის ნაცვლად ჩამოიყვანა 2 მსუბუქი ავტომანქანა, შეგებებულ მოსარჩელეს კი დაჰპირდა, რომ დაუბრუნებდა 25 000 აშშ დოლარს, დანარჩენ თანხას გადასცემდა მოგვიანებით. ამ უკანასკნელს დანაპირები არ შეუსრულებია, რის გამოც შეგებებული სარჩელის ავტორს ადგება ზიანი. სესხის თანხის დასაფარად ყოველთვიურად ბანკში უწევს 2 750 აშშ დოლარის შეტანა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. თავდაპირველმა მოპასუხემ კვალიფიციური შედავებით სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ მხარეები ერთობლივ საქმიანობაზე არ შეთანხმებულან, რ.ს-ე მოქმედებდა დავალების ფარგლებში, რომელიც მან ჯეროვნად არ შეასრულა. რაიმე ვალდებულება მოსარჩელის წინაშე მოპასუხეს არ აქვს.
2.2. მარტივი შედავების წარდგენით შეგებებულმა მოპასუხემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რ. ს-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 19 300 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, შეგებებულმა მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადმა მოსარჩელემ _ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების/გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ. ს-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ს-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 55 300 აშშ დოლარის გადახდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით რ. ს-ის საკასაციო საჩივარი, ასევე, გ. ს-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ნაწილში (გ. ს-ისათვის 14 500 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე, რ. ს-ისათვის 35 252 ევროს, 7 300 აშშ დოლარის, ამ თანხების 15%-ისა და ზედმეტად გადახდილი 2 700 ევროს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში) საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ასევე, დაკმაყოფილდა გ. ს-ის შუამდგომლობა ვიდეო ჩანაწერებისა და ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევასა და საქმიდან მათ ამოღებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე და როგორც დაუშვებელი, საქმიდან ამოღებულ იქნა რ. ს-ის დაზუსტებულ სარჩელზე დართული 30.05.2014წ. ექსპერტიზის დასკვნა;
5.2. საქმის ხელახალი განხილვის შედეგად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სასარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ს-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 35 900 აშშ დოლარისა და 2 700 ევროს გადახდა, ხოლო გ. ს-ის სასარგებლოდ თავდაპირველი მოსარჩელისათვის 19 300 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის 14 500 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2011 წლის 28 ივნისს გ. ს-ემ სს „პ-თან“ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც, საკრედიტო ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა 75 000 აშშ დოლარით. სესხი უზრუნველყოფილი იყო ხუთი ფიზიკური პირის, მათ შორის, რ. ს-ის უძრავი ქონებით, ასევე ც. შ-ის სოლიდარული თავდებობით. სს „პ-მა“ გასცა სესხი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით წლიური 15%-იანი სარგებლით. სესხის მიზანს წარმოადგენდა სამგზავრო ავტობუსის შეძენა, რომელიც რ. ს-ეს უნდა შეეძინა გერმანიაში;
1.2.2. 2011 წლის 15 ივნისს გ. ს-ემ, როგორც „საკუთრების მიმნდობმა“, სანოტარო წესით გაცემული მინდობილობით, რ. ს-ეს, როგორც „მინდობილ მესაკუთრეს“, მიანიჭა შენგენის ქვეყნებში, კერძოდ, გერმანიაში, მისი სახელით ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების, ავტომანქანის აღრიცხვიდან მოხსნის, სატრანზიტო ნომრების მიღებისა და ნებისმიერი ქვეყნის გავლით საქართველოში ჩამოყვანის უფლებამოსილება;
1.2.3. საგადახდო დავალებების თანახმად, 2011 წლის 29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გ. ს-ემ რ. ს-ეს სს „პ-ის“ მეშვეობით გერმანიაში გადაურიცხა 53 429 ევრო. გადარიცხვის მიზანს წარმოადგენდა სამგზავრო ავტობუსის შეძენა, რისთვისაც, გ.ს-ის მიერ 15.06.2011წ. გაცემული იყო სანოტარო მინდობილობა;
1.2.4. რ. ს-ემ გ. ს-ის სახელზე გერმანიაში შეიძინა სატრანსპორტო საშუალება ავტობუსი „MEN Ayats Atlantis“ (გამოშვების წელი 2004), რომელიც საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ აღირიცხა გ. ს-ის სახელზე. 2011 წლის 8 ივლისის #27 ანგარიშ-ფაქტურით, გ. ს-ის სახელზე შეძენილი სატრანსპორტო საშუალების (ავტობუსი MEN Ayats Atlantis, გამოშვების წელი 2004) ფასი შეადგენდა 50 700 ევროს;
1.2.5. 2011 წლის თხუთმეტ ივნისს გ. ს-ემ, სანოტარო წესით შედგენილი მინდობილობით, 5 წლის ვადით, რ. და ა. ს-ეებთან ერთად, რ. ს-ეს სარგებლობაში გადასცა, მისი კუთვნილი ავტობუსი;
1.2.6. შპს „ბ-სა“ და რ. ს-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, შპს „ბ-სა“ და გ. ს-ეს შორის 2012 წლის 1 დეკემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებისა და შპს „ბ-ის“ სამგზავრო უწყისების თანახმად, 2011 წლის ნოემბრიდან, რ. ს-ე დასაქმებული იყო შპს „ბ-ში“ მძღოლად, 2012 წლის 1 დეკემბრიდან სამგზავრო ავტობუსი (MEN Ayats Atlantis) გ. ს-ემ იჯარის წესით გადასცა შპს „ბ-ს“, რომლითაც სრულდებოდა საერთაშორისო რეისები. ამ ავტობუსზე მძღოლად ასევე მუშაობდა რ. ს-ე. იჯარის შედეგად მიღებული თანხით 2011 წლის 28 ივნისს გ. ს-ის მიერ, ბანკიდან ნასესხები თანხა იფარებოდა;
1.2.7. 2013 წლის 27 აგვისტოს სს „ლ-იდან“ გ. ს-ემ ისესხა თანხა, რომლის მოცულობაც განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა ოთხი პირის უძრავ ქონებებზე იპოთეკით. აღნიშნული სესხის ერთი ნაწილით (47 190.54 აშშ დოლარი) სრულად დაიფარა გ. ს-ის მიერ 2011 წლის 28 ივნისს სს „პ-იდან“ აღებული სესხის დარჩენილი ნაწილი, ხოლო სხვა ნაწილი, 2013 წლის 24 და 28 სექტემბერს, რ. ს-ეს გადაეგზავნა გერმანიაში, მეორე ავტობუსის შესაძენად, კერძოდ: 2013 წლის 24 სექტემბერს გადაგზავნილ იქნა 20 000 ევრო, ხოლო 2013 წლის 28 სექტემბერს _ 10 000 და 5 255 ევრო, სულ 35 255 ევრო, რაც იმ დროისათვის არსებული კურსით შეადგენდა 48 000 აშშ დოლარს;
1.2.8. რ. ს-ეს გ. ს-ისათვის გერმანიიდან მეორე ავტობუსი არ ჩამოუყვანია. მან თავისთვის ჩამოიყვანა 2 მსუბუქი ავტომანქანა, რომლებიც გ. ს-ეს არ გადასცემია, ამასთან, არც გადარიცხული თანხები დაუბრუნებია. ამ ფაქტის საწინააღმდეგო გარემოებას არ ადასტურებდა რ. ს-ის სარჩელზე თანდართული ხელნაწერი;
1.2.9. რ. ს-ემ ვერ დაამტკიცა მხარეთა ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმებისა და ვალდებულებიდან გასვლის გამო კომპენსაციის მოთხოვნის უფლების წარმოშობის ფაქტი (მან ვერ წარადგინა კონკრეტული შესატანის, მათ შორის, რემონტისა თუ სხვა ხარჯების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულება, რ.ს-ემ ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების მიზნით მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა, ამ მოწმეთა ჩვენებები არ აბათილებდა საქმეში წარმოდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ დავალების ხელშეკრულებებს, ამ გარემოებას არ ცვლიდა ის ფაქტიც, რომ გ. ს-ის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, სხვა პირების ქონებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იყო რ.ს-ის ქონებითაც, რამდენადაც უდავო იყო მხარეთა ნათესაური კავშირი, ასევე ის, რომ რ. ს-ე დაკავებულია საზღვარგარეთიდან ავტომობილების იმპორტითა და საქართველოში მათი რეალიზაციით, საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო ავტობუსის იჯარით გაცემის, მოიჯარესა და რ.ს-ეს შორის მგზავრთა გადაყვანის თაობაზე დადებული ხელშეკრულებისა და თავდაპირველი მოსარჩელისათვის ამ გადაყვანის საზღაურის (ხელფასის) გაცემის უწყისის ასლები, რაც შეეხებოდა გ. ს-ის მიერ დაწერილ ხელწერილს, მის პირველ და მეორე გვერდზე გაკეთებული ჩანაწერი ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხველი იყო: ერთ შემთხვევაში ფიქსირდებოდა, რომ „რიჩოს“ გადახდილი აქვს 28 700, ხოლო იმავდროულად „მოსაცემია 21 600“, გაურკვეველი იყო ისიც, რა ვითარებაში დაიწერა იგი ან რა ფაქტი დაფიქსირდა მასში), აღნიშნულის საპირისპიროდ, გ. ს-ემ დაძლია მხარეთა შორის დავალების ხელეკრულებების დადებისა და ამ ხელშეკრულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოთხოვნის წარმოშობის ფაქტის მტკიცება (საქმეში არსებული 2011 წლის 15 ივნისის მინდობილობის შინაარსით დგინდებოდა გ. ს-ის მიერ რ. ს-ისათვის ავტომანქანის შეძენის დავალების ნების გამოვლენა; სს „პ-თან“, ასევე, სს „ლ-თან“ დადებული ხელშეკრულების მხარეს (მოვალეს) წარმოადგენდა გ. ს-ე; ავტობუსის შესაძენი თანხები რ. ს-ისათვის სწორედ გ. ს-ის მიერ იყო გადარიცხული);
1.2.10. გ. ს-ემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რ. ს-ისათვის გასამრჯელოს სახით 7 300 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გაიზიარა მხარეთა შეთანხმება ავტობუსის ერთობლივად შეძენის მიზნით გ. ს-ის მიერ სს „პ-იდან“ 70 000 აშშ დოლარის (და არა 75 000 აშშ დოლარის თაობაზე, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს) სესხების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფილი იყო კასატორის უძრავი ქონებით, თუმცა არასწორად შეაფასა იგი. 2011 წლის 15 ივნისის მინდობილობის ფარგლებში ჩამოყვანილი ავტობუსის განბაჟების, შეკეთების, ნაწილების გამოცვლისა და სხვა ხარჯები, სულ _ 101 230 აშშ დოლარი გაღებულია რ.ს-ის მიერ, ამასთანავე, პირველი ავტობუსის ღირებულებიდან 28 700 აშშ დოლარის კასატორის მიერ შესატანის სახით ამხანაგობაში შეტანის ფაქტს ადასტურებს მხარეთა ახსნა-განმარტება, აუდიო-ჩანაწერი, ასევე, საქმეში არსებული კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესრულებული ხელწერილი, რომლის ავთენტურობა სადავო არაა, უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში მან დაადასტურა ხელწერილის მის მიერ დაწერის ფაქტი, თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს ხელწერილი არა სადავო გარემოებას ადასტურებდა, არამედ, მხარეთა შორის არსებულ სხვა ვალდებულებას შეეხებოდა, რომელიც გ.ს-ეს სრულყოფილად აქვს შესრულებული, თუმცა, ვალის არსებობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმის ჩვენებით ან მხარის განცხადებით;
1.4.2. გაურკვეველია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მეორე ავტობუსის შეძენა განხორციელდა დავალების საფუძველზე, რადგანაც საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მინდობილობა, რომლის ფარგლებშიც ჩამოყვანილ იქნა ავტობუსი და მისი მოქმედების ვადა ამოწურულია, ხოლო, მეორე მინდობილობა შეეხება კასატორის მიერ უკვე შეძენილი ავტობუსის საზღვარგარეთ გაყვანის საკითხს;
1.4.3. დაუსაბთებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მეორე ავტობუსის ჩამოსაყვანად მოწინააღმდეგე მხარემ კასატორს ხელზე გადასცა 7 300 აშშ დოლარი, ამგვარი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება;
1.4.4. არასწორია სასამართლოს დასკვნა მხარეთა ურთიერთობის დავალების და არა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად მოწესრიგების, ასევე, და გ.ს-ის შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ამხანაგობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნდა იქნას განხილული კასატორის მიერ გადახდილი თანხები. ამ ფაქტს ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ბანკიდან სესხის აღების ფაქტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 931-ე, 932-ე მუხლების მოთხოვნები;
1.4.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-5, 102-ე, 105-ე, 131-ე, 132-ე, 133-ე მუხლების მოთხოვნებს, რამდენადაც განსახილველი საქმის მომზადების ეტაპზე, შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელში გ.ს-ემ აღიარა, რომ როგორც ავტობუსის მესაკუთრე, დაქირავებული მძღოლების დახმარებით ეწევა მგზავრთა გადაყვანას ქ.სტამბულის მიმართულებით და მას, როგორც მესაკუთრეს, მოგება 1 000-1 500 აშშ დოლარი რჩება თითოეულ რეისზე, შესაძლებელია თვის განმავლობაში ოთხი რეისის შესრულება, მისაღები მოგება მან დაკარგა კასატორის ქმედებით. ამ გარემოებას დაეთანხმა ძირითადი მოსარჩელეც და იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ზეპირი ხელშეკრულება, სადაც თითოეული მონაწილის შესატანი იყო თანაბარი, ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია კასატორის მიერ ამ მიზნით ნაღდი ფულის _ 28 700 აშშ დოლარის შეტანის, ასევე, მომსახურების გაწევის ფაქტი, ამასთანავე, ვინაიდან ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგება მხარეთა შორის ნაწილდებოდა თანაბრად, ხოლო ავტობუსმა რეისების შესრულება 2011 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიწყო, ზემოხსენებული ოდენობით მოგების მიღების გზით, 2013 წლის 28 სექტემბრამდე კასატორს უნდა მიეღო 62 500 აშშ დოლარი, რაც არ მიუღია. ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ მოგების მიღების ფაქტის გადამოწმების მიზნით, კასატორი რამდენჯერმე გაჰყვა ავტობუსს რეისის შესრულებისას, რასაც მხარეთა უთანხმოება მოჰყვა. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმებოდა კასატორის შეთავაზებას ერთობლივი საქმინობიდან გამომდინარე მისი ვალების დაფარვის თაობაზე, ამასთანავე, გ.ს-ეს არ ჰქონდა რ.ს-ის კუთვნილი წილის გამოსყიდვის საშუალება, ამ უკანასკნელს შეეთავაზა მეორე ავტობუსის შეძენა. ეს გარემოება დასტურდება მოწმე გ.ღოღობერიძის ჩვენებით. მეორე ავტობუსის შესაძენად სესხის აღება კვლავ შეგებებულმა მოსარჩელემ იკისრა, რადგანაც მას გადასაფარი ჰქონდა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება, თუმცა მეორე ავტობუსის შერჩევის შემდეგ შეგებებულმა მოსარჩელემ უარი განაცხადა მის შეძენაზე და მოითხოვა თანხის დაბრუნება (რაც დასტურდება საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერითა და მისი ავთენტურობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნით), რამაც მეტად გაამწვავა მხარეთა ურთიერთობა და გადააწყვეტინა კასატორს ხელშეკრულებიდან გასვლა, ამასთანავე, ვინაიდან მისთვის გადარიცხული თანხა არ იყო საკმარისი მიზნის განსახორციელებლად, მან გადაწყვიტა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეეძინა მსუბუქი ავტომობილები, რაც მისთვის გადაცემული თანხიდან განახორციელა (ეს თანხა 48 000 აშშ დოლარი იყო მისი კუთვნილი წილი ამხანაგობიდან, ხოლო 8 000 ევრო დაუბრუნა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა ამ მხრივ სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები არ გაითვალისწინა). ამდენად, ვინაიდან, ამხანაგობიდან გასვლის გამო, კასატორის მიერ მისაღები თანხა 62 500 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც მან 48 000 აშ დოლარი მიიღო, მისაღები თანხის დარჩენილ ოდენობას შეადგენს 14 500 აშშ დოლარი;
1.4.6. საქმეში წარმოდგენილი ფარული ჩანაწერი ზემოხსენებულ გარემოებებთან ერთად ადასტურებს ასევე მეორე ავტობუსის არა დავალების, არამედ, ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში შეძენის ფაქტს, მართალია, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ ამ მტკიცებულების მიღებაზე უარს ვერ მიაღწია, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება მასზე არ დაამყარა, სადაც მოწინააღმდეგე მხარე აღიარებს სადავო გარემოებებს. თავის მხრივ, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება სამოქალაქო კოდექსის 709-ე-722-ე მუხლებზე დაყრდნობით არასწორია, აღნიშნულით სასამართლო გასცდა დავის ფაქტობრივ გარემოებებს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაცულია საქმის გარემოებათა საკასაციო სასამართლოს მითითების ფარგლებში გამოკვლევა-შეფასება (სსსკ-ის 412.2 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე ზედმიწევნით გაიზიარა საკასაციო სასამართლოს მითითებები მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტის თაობაზე და სწორედ სარჩელსა/შეგებებულ სარჩელსა და შესაგებლებლებში გამოთქმულ მოსაზრებათა გათვალისწინებით დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები), შესაბამისად, დასაბუთებულია (მის წინააღმდეგ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია კასატორს) ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. ს-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია, კერძოდ, რ. ს-ისათვის პირველი ავტობუსის შესაძენად გადარიცხული თანხის _ 2 700 ევროს, მეორე ავტობუსის შესაძენად გადარიცხული თანხის ეკვივალენტი 48 000 აშშ დოლარის, მეორე ავტობუსის შესაძენად გადარიცხული თანხის დაყოვნებისათვის 15%-ის _ 7 200 აშშ დოლარის, ჯამში _ 55 200 აშშ დოლარისა და 2 700 ევროს დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მხარეთა ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებად (სკ-ის 709-ე მუხლი) და რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის მითითებათაგან გადახვევის მოტივით, ამავე კოდექსის 715-ე მუხლის საფუძველზე, სწორად დააკისრა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს, როგორც დავალების ფარგლებში მიღებული და მინდობილი მოქმედების შესრულებისათვის გამოუყენებელი თანხები, ისე _ მეორე ავტობუსის შეძენისას გადაცემული თანხის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც საკასაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს კასატორს, რომ ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელზეც იგი საკუთარ მოთხოვნებს ამყარებს და მათი შეუსწავლელობის მოტივით მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმებს დარღვეულად, საკასაციო სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებადაა მიჩნეული (იხ. სუსგ: №ას-1054-994-2015, 22 იანვარი, 2016 წელი, ასევე, სუსგ №ას-1337-1375-2014, 17 ივლისი, 2015 წელი), შესაბამისად, სასამართლო მას ვერ დაეყრდნობოდა, რაც შეეხება ხელწერილს, გარდა იმისა, რომ ამ მტკიცებულებით არ დასტურდება ის, თუ რა სახის ნება გამოავლინა მხარემ, იგი ვერც მხარეთა ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმების დასადასტურებლად ვერ იქნება გამოსადეგი, რამდენადაც, როგორც თავად კასატორი მიუთითებს, მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა მხოლოდ ხელწერილის მის მიერ შედგენა, რომელიც სხვა სამართლებრივ ურთიერთობას შეეხებოდა, შესაბამისად, როგორც ერთობლივი საქმიანობის თაობაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტზე მიმთითებელ მხარეს, სწორედ კასატორს ევალებოდა უტყუარი მტკიცებულებებით ამ გარემოების დადასტურება (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პირველი ავტობუსის ჩამოყვანის თაობაზე მხარეთა შორის დავალების სამართლებრივი ურთიერთობა სააპელაციო სასამართლომ დაამყარა წერილობით ხელშეკრულებას, რომელსაც, ბუნებრივია, ვერ გააქარწყლებდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენება, ხოლო, რაც შეეხება მეორე ავტობუსის დავალების ფარგლებში ჩამოყვანას, ეს საკითხი ძირითადი სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელში იქნა მითითებული, რომელიც არც შესაგებლით და არც საქმის მომზადების ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია კასატორს (სსსკ-ის 201.4 და 219.1 მუხლები), შესაბამისად, ეს ფაქტი უდავოდ მიიჩნევა და მის წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზიები ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 24.08.2016წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი _ 500 ლარისა და 15.10.2016წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 5 500 ლარის, სულ _ 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ. ს-ეს (პ/...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 24.08.2016წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი _ 500 ლარისა და 15.10.2016წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 5 500 ლარის, სულ _ 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური