Facebook Twitter

საქმე №ას-782-749-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ც-ა, ნ. ც-ე, მ. ს-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შ. ც-ამ, ნ. ც-ემ და მ. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები; სხვა თანამოსარჩელეთა თაობაზე იხ. სუსგ №ას-593-561-2015, 15.17.2015წ.) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ სახელფასო დავალიანების _ შ.ც-ას სასარგებლოდ, 2 800 ლარის, ნ.ც-ის სასარგებლოდ _ 2 450 ლარის, ხოლო მ.ს-ის სასარგებლოდ _ 1 508,2 ლარის დამსაქმებლისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხე დაწესებულებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მათ მიმართეს დამსაქმებელს თხოვნით, მიეცა ცნობა სახელფასო დავალიანების არსებობის თაობაზე და აენაზღაურებინა იგი. მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ _ სახელფასო დავალიანების არსებობის თაობაზე ცნობის გაცემის მოთხოვნის ნაწილში დააკმაყოფილა მოთხოვნა, ხოლო ხელფასი არ აუნაზღაურებია და არც მიზეზი უცნობებია დასაქმებულებისათვის.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის #107/ნ ბრძანებით დამტკიცებული მოპასუხის დებულების 5.3. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამსაქმებელ ორგანიზაციას წარმოადგენს გენერალური დირექტორი და ორგანიზაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის მიერ ხელმოწერილი წერილი დავალიანების განსაზღვრის შესახებ არ შეიძლება იურიდიული ძალის მქონედ იქნას მიჩნეული. ყოფილ შპს „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა“ და ყოფილ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს შორის 2004 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით სადავო სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება იკისრა ჯანდაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა, რომელიც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის #110 განკარგულების საფუძველზე გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც წარმოადგენს ყოფილი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს კრედიტორულ-დებიტორული დავალიანების ნაწილში. გარდა ამისა, ვინაიდან სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, ამ მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს შ. ც-ას სასარგებლოდ, დაეკისრა 2 800 ლარის, ნ. ც-ის სასარგებლოდ _ 2 450 ლარის, ხოლო მ. ს-ის სასარგებლოდ _ 1 509,2 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ აპელანტთან;

1.2.2. დამსაქმებლის დავალიანება შ. ც-ას მიმართ შეადგენდა 2 800 ლარს, ნ. ც-ის მიმართ _ 2 450 ლარს, ხოლო მ. ს-ის მიმართ _ 1 508.2 ლარს;

1.2.3. მოპასუხის 2013 წლის 2 ივლისის წერილში (რომელიც გაცემულია სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების წარმომადგენლის, მ. ქ-ის მოთხოვნის პასუხად) მითითებულია, რომ 2013 წლის 14 ივნისის განცხადების პასუხად ეგზავნება სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი და ამჟამინდელ თანამშრომლებზე რიცხული დავალიანების შესახებ ინფორმაცია დანართის სახით. დანართი დასათაურებულია როგორც: „ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელფასო კრედიტორული დავალიანებების შესახებ 2003 წლის 7 თვე“;

1.2.4. მოსარჩელე მხარეთა წარმომადგენელი 2013 წლის 14 ივნისის მიმართვით ითხოვდა, მოპასუხეს მიეწოდებინა ცნობა ყოფილი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების შესახებ, ასევე, მოპასუხეს აენაზღაურებინა სახელფასო დავალიანება, რომელსაც წლების მანძილზე ელოდნენ თანამშრომლები. აღნიშნული განცხადების პასუხად ვალდებულმა პირმა გასცა დოკუმენტი, რომელიც ცალსახად მიუთითებდა, რომ მოსარჩელეების მიმართ არსებობს შესაბამისი ოდენობის დავალიანება თვეების მიხედვით. აპელანტის მითითება 2004 წლის 1 ოქტომბრის შეთანხმებასა (საზოგადოებრივ ჯანდაცვის დეპარტამენტსა და შპს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სალიკვიდაციო კომისიას შორის, რომლის საფუძველზეც ცენტრის მოთხოვნები _ ვალდებულებები, სულ _ 332 186.60 ლარის ოდენობით გადაეკისრა დეპარტამენტს) და საქართველოს მთავრობის 01.03.2007წ. #110 განკარგულებაზე (რომლის საფუძველზეც დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანაზღაურების ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განისაზღვრა) არ ცვლიდა მოცემულობას მასზედ, რომ დავალიანება უშუალოდ მოპასუხის ბალანსზე ირიცხებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იყო და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ აპელანტის ბალანსზე ირიცხებოდა მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანება, რომლის ანაზღაურებას საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან გამორიცხავდა თავად სამინისტროს წარმომადგენელი. გარდა ამისა, ამავე საქმეში კანონიერ ძალაში შესულ ნაწილში გადაწყვეტილება უშუალოდ მოპასუხის მიერ იყო აღსრულებული.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია კასატორის მიერ გაცემული 2013 წლის 2 ივლისის წერილი, ისე მიიჩნია, რომ იგი წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარებას (რომელიც უნდა პასუხობდეს ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს), იმ პირობებში, როდესაც სახელფასო დავალიანება 2003 წლის 7 თვეს შეხებოდა და სწორედ 2003 წელს გააჩნდა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ამ თანხაზე, პალატას ასევე არ უმსჯელია იმ საკითხზე, დოკუმენტის გამცემი წარმოადგენდა თუ არა სსიპ-ის ხელმძღვანელისაგან უფლებამოსილ პირს, ეღიარებინა ხანდაზმული ვალდებულება (რის შესახებაც ახსნა-განმარტების მიცემისას მიეწოდა სასამართლოს ინფორმაცია);

1.4.2. სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე მუხლების შესაბამისად, პალატას არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისა, მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება მხოლოდ 2003 წელს გააჩნდათ, ხოლო სარჩელის აღძვრის დროსათვის გასული იყო 11 წელი;

1.4.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ვალდებულება გადაკისრებული ჰქონდა სხვა პირს, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლისა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ მოსარჩელეები, რაც დასტურდება თავად სარჩელით, ხოლო მათ ვალის გადაკისრებაზე უარი არ განუცხადებიათ.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური სამართლის და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე მუხლი). პალატა, უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს უზოგადესი და ამავდროულად ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება და იგი უმთავრესად მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილებაზე აისახება.

1.5.1. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხესთან, ხოლო ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ანაზღაურებული გარკვეული თვეების ხელფასი, შესაბამისად, თანხის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გამართულია. სარჩელის შემაფერხებელ შედავებას წარმოადგენდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება, ასევე ის გარემოება, რომ დამსაქმებელი არ იყო სათანადო მოპასუხე, რადგანაც ვალი სხვა პირს ჰქონდა გადაკისრებული. საკასაციო პალატა ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით, იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.4. პუნქტში განვითარებულ მსჯელობაზე, რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად შეაფასეს სადავო დოკუმენტი ვალის არსებობის აღიარებად, ხოლო ამგვარი აღიარების უკან წაღება მატერიალური კანონმდებლობით გამორიცხულია (სკ-ის 144.3 მუხლი), საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ამა თუ იმ დოკუმენტის იურიდიული კველიფიკაციისათვის გადამწყვეტია არა მხოლოდ საქმის მასალების ინდივიდუალური კვლევა, არამედ, მტკიცებულებათა ერთობლიობაში ყოველმხრივი შეფასება, რის შედეგადაც ყალიბდება სასამართლოს შინაგანი რწმენა.

1.5.2. პალატა აქვე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს დოკუმენტის არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემის თაობაზე, ვინაიდან ივარაუდება, რომ სადავო მტკიცებულება უფლებამოსილის პირის მიერაა (ხელმძღვანელის თანხმობით) გაცემული. საწინააღმდეგოს მტკიცების (პრეზუმფციის გაქარწყლების) ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 20.09.2016წ. #11661 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 750 ლარის 70% _ 525 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (ს/#211324351) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 20.09.2016წ. #11661 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 750 ლარის 70% _ 525 ლარი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური