Facebook Twitter

საქმე №ა-4585-შ-123-2016 3 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად შევამოწმე უკრაინის ხმელნიცკის ოლქის იზიასლავსკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ლ. პ-ოს შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

უკრაინის ხმელნიცკის ოლქის იზიასლავსკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ს. ძე ტ-ოს (დაბ: 1978 წელს) ჩამოერთვა მამობის უფლება დ. მ-ის ძე ტ-ოსა (დაბ: 1998 წელს, ხმელნიცკის ოლქის ქ.ი-ის მკვიდრი) და რ. მ-ის ასული ტ-ოს (დაბ: 2000 წელს, ხმელნიცკის ოლქის ქ.ი-ის მკვიდრი) მიმართ, არასრულწლოვანი ბავშვები: დ. მ-ის ძე ტ-ო და რ. მ-ის ასული ტ-ო დარჩნენ ბებიის _ ლ. ე-ის ასული პ-ოს (დაბ: 1961 წელს) მეურვეობის ქვეშ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. პ-ომ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, დ. მ-ის ძე ტ-ო და რ. მ-ის ასული ტ-ო საქართველოს მოქალაქეები არიან და მეურვეს სურს მათთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება, სსიპ „იუსტიციის სახლში“ გამოცხადებისას კი, მას მოსთხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქმის მასალების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი შუამდგომლობის წარმოებაში მიღების წინაპირობები არ არსებობს შემდეგი გარემოებების გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი არეგულირებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს და ნორმის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ მას იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვა ხდება ამ კოდექსით დადგენილი პროცესუალური წესების შესაბამისად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა უნდა შეესაბამებოდეს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოებაში მიღების ეტაპზე უნდა იკვეთებოდეს მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს განაცხადებს საქმის (შუამდგომლობის) წარმოებაში მიღებაზე (იხ. სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, 180-ე, 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნტი).

წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

ლ.პ-ოს მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით დასტურდება, რომ დ. მ-ის ძე ტ-ო და რ. მ-ის ასული ტ-ო არიან საქართველოს მოქალაქეები, ეს გარემოება, ერთი მხრივ, დასტურდება შუამდგომლობის ავტორის განმარტებით (იხ. შუამდგომლობა), ხოლო, მეორე მხრივ, შუამდგომლობას ერთვის დ. მ-ის ძე ტ-ოსა და რ. მ-ის ასული ტ-ოს პასპორტის ასლები, რითაც უდავოდ დასტურდება, რომ პასპორტის მფლობელები არიან საქართველოს მოქალაქეები. საკასაციო პალატის შეფასებით, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გამორიცხულია მხარის პოზიციის გაზიარება, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ინტერესით არსებობს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მოიხმობს საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას „საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ (ძალაშია 06.12.1996 წლიდან), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართლებრივი დახმარება აგრეთვე მოიცავს სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებას, ხოლო 30-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მოქალაქეების მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე კომპეტენტურია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომლის მოქალაქეც არის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობა. ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენცია.

იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მეურვეობაში მყოფი პირები საქართველოს მოქალაქეები არიან, პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის პირველ ნაწილით, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, ამავე კოდექსის 1276-ე მუხლით კი დადგენილია, რომ მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც 7 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. თავის მხრივ, ქართული კანონმდებლობით დადგენილია, რომ მეურვეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი არასრულწლოვანი სამეურვეო პირის მიერ 7 წლის ასაკის მიღწევაა (იხ. სსკ-ის 1302.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი)

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლების შესწავლით ირკვევა, რომ დ. ტ-ო დაბადებულია 1998 წლის 8 ივნისს, ხოლო რ. ტ-ო _ 2000 წლის 14 დეკემბერს, ანუ არც ერთი მათგანი მცირეწლოვანი და შესაბამისად, სამეურვეო პირი აღარაა, ამ ვითარებაში კი, ლ.პ-ოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება მაინც ვერ გახდება დ.ტ-ოსა და რ.ტ-ოს კანონიერ წარმომადგენლად მისი მიჩნევის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლ.პ-ოს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 180-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. პ-ოს უარი ეთქვას უკრაინის ხმელნიცკის ოლქის იზიასლავსკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე