საქმე №ას-755-723-2016 23 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. მ-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ძირითად სარჩელზე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ მოპასუხისათვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 5 სექტემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ გადაიხადა 30 000 აშშ დოლარი, ხოლო 10 000 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო შეთანხმების ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში _ 2014 წლის 5 მარტამდე, რომელიც მას არ გადაუხდია, შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.
1.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელისათვის 17 500 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.07.2015წ. სხდომის ოქმი).
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ მხარეთა 2013 წლის 5 სექტემბრის შეთანხმებისას შეგებებული სარჩელის მოპასუხემ დამალა მის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული მოსარჩელისათვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შეთანხმება გაფორმდა, შესაბამისად, მას არ მიეცა საშუალება, შეთანხმებაში გაეთვალისწინებინა აღნიშნული თანხა. მოპასუხეს საკუთარ ანგარიშზე ჰქონდა 35 000 აშშ დოლარი, საიდანაც ნახევარი, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ფულადი სახსრები, მას ეკუთვნის.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე თავდაპირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.07.2015წ. სხდომის ოქმი).
2.2. კვალიფიციური შესაგებლით ძირითადმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ სადავო თანხა იყო დედის საჩუქარი, რომელმაც საკუთარი ბინა გაყიდა და მას და მის დას მისცა გარკვეული თანხა მზითვის სახით. შეგებებულმა მოსარჩელემ იცოდა ამ თანხის არსებობის შესახებ, ვინაიდან მასაც ჰქონდა დანაზოგი, მაგრამ, შეთანხმების თანახმად, ამ თანხაზე მხარეებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეები 2005 წლის 6 დეკემბრიდან 2013 წლის 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
1.2.2. 2013 წლის 5 სექტემბერს მეუღლეები შეთანხმდნენ ქორწინების (თანაცხოვრების) პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ, კერძოდ, განსაზღვრეს ქონების ღირებულება და მათი გაყოფის წესი, რომლის თანახმად, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარი შემდეგი გრაფიკით: 30 000 აშშ დოლარი შეთანხმების ხელმოწერის დღეს, ხოლო 10 000 აშშ დოლარი _ არა უგვიანეს შეთანხმების ხელმოწერიდან 6 თვისა;
1.2.3. აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2013 წლის 5 სექტემბერის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადი მოსარჩელისათვის გადასაცემი აქვს 10 000 აშშ დოლარი, თუმცა შეგებებული სარჩელით მან მოითხოვა მოპასუხისათვის 17 500 აშშ დოლარის დაკისრება და მოთხოვნათა გაქვითვა იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხემ (შეგებებულ სარჩელეზე) დამალა მის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაცია, რის შესახებაც აპელანტისათვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შეთანხმება იქნა გაფორმებული, შესაბამისად, მას არ მიეცა საშუალება, შეთანხმებაში გაეთვალისწინებინა აღნიშნული თანხა. მოპასუხეს (შეგებებულ სარჩელზე) საკუთარ ანგარიშზე ჰქონდა 35 000 აშშ დოლარი, საიდანაც ნახევარი, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ფულადი სახსრები, ეკუთვნის აპელანტს. ამ ფაქტობრივი მოცემულობის ფარგლებში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარი 35 000 აშშ დოლარი არ წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 9 ივლისის ვადიანი ანაბრის ხელშეკრულების თანახმად, მეანაბრე თ. ს-ის ანგარიშზე განთავსდა 35 000 აშშ დოლარი. შეგებებული სარჩელის ავტორს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება სასამართლოსათვის, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის ანაბარზე განთავსებული 35 000 აშშ დოლარი მეუღლეთა საერთო ქონება (თანასაკუთრება) იყო, მან მხოლოდ ზეპირად მიუთითა იმის თაობაზე, რომ ეს თანხა წარმოადგენს ძირითადი მოსარჩელის მიერ ფარულად დაზოგილ თანხას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხული იქნენ მოწმეები: მ. რ-ის განმარტებით, აპელანტმა იცოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო თანხის დედისგან (საჩუქრის სახით) მიღების შესახებ; აღნიშნულზე მიუთითა გ. ფ-მაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თ. ს-ის მშობლების მიერ ბინის გაყიდვის შემდგომ თანხის გარკვეული ნაწილი გაიყვეს დებმა, იგი თავად ესწრებოდა თანხის გადაცემის პროცესს, თანხის გადაცემის შესახებ ცნობილი იყო თ.ს მეუღლისთვისაც; მოწმე ნ. ს-ემ განმარტა, რომ დედისაგან თანხა ბინის გაყიდვის შემდეგ გადაეცა მას და მის დას, თ. ს-ეს, რის თაობაზეც ცნობილი იყო აპელანტისათვის. მოწმე ლ. კ-ემ მიუთითა, რომ ბინის გაყიდვის შემდგომ თანხა საჩუქრად გადასცა თავის ქალიშვილებს (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.06.2015წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17.27.00-18.06.48სთ). საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 3 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება და შემოსავლის ორდერიც, რომლითაც დგინდება, რომ ლ. კ-ემ (თ. ს-ის დედა) გაყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და გამყიდველს ჩაერიცხა 228 000 აშშ დოლარი 2007 წლის 3 აპრილს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სადავო თანხა არ წარმოადგენდა კასატორის მოწინააღმდეგე მხარის ინდვიდუალურ საკუთრებას, რადგანაც მოწმეთა ჩვენებებით ეს გარემოება არ დასტურდებოდა, მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან მათ მიერ გადმოცემულ ფაქტებს, არამედ, გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებას, რადგანაც გადმოცემული ინფორმაცია, მათი განმარტებით, შეიტყვეს ძირითადი მოსარჩელისაგან. თავად ლ.კ-ემ დაადასტურა, რომ 30 000 აშშ დოლარი (და არა 35 000 აშშ დოლარი) მან საჩუქრად გადასცა თავისი შვილის ოჯახს, ამასთანავე, ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივია;
1.4.2. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხე ვალდებული იყო სათანადოდ დაემტკიცებინა შესაგებელში მითითებული ფაქტები. სწორედ ამ გარემოების გამო ამტკიცებდა კასატორი, რომ თანაცხოვრების პერიოდში გახსნილ ანაბარზე განთავსებული თანხა წარმოადგენდა დანაზოგს, რომელსაც კასატორი აძლევდა საკუთარ მეუღლეს. შეგებებული მოსარჩელე არის მაღალანაზღაურებადი ქირურგი, რის გამოც ამ თანხის მეუღლისათვის გადაცემა გამორიცხული არ არის (ამაზე მეტყველებს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ღირებულება, ასევე, საერთო შვილისათვის გადახდილი ალიმენტის ოდენობა _ 900 ლარი, რომლის პარალელურად კასატორს აქვს შესაძლებლობა არჩინოს ოჯახის სხვა წევრები). კასატორმა ანაბრის სახით სასამართლოს წარუდგინა სწორედ სათანადო მტკიცებულება, რომლის საპირისპიროდაც, მოწინააღმდეგე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მითითებით, რომ ეს თანხა იყო დედის საჩუქარი, რომელიც 2007 წელს გაყიდული უძრავი ქონების შედეგად მიღებული თანხაა და ანაბარზე მხოლოდ 2013 წელს იქნა განთავსებული;
1.4.3. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ მოწმე ადასტურებდა ძირითადი მოსარჩელისათვის 30 000 აშშ დოლარის გადაცემას, მაშინ, როდესაც ანაბარზე განთავსებულია 35 000 აშშ დოლარი, ამასთანავე, ძირითადი მოსარჩელის დედამ კატეგორიულად დაადასტურა, რომ გადაცემული თანხა აჩუქა კასატორსაც, რაც მოწინააღმდეგე მხარემაც დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური სამართლის და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე მუხლი). პალატა, უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს უზოგადესი და ამავდროულად ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება და იგი უმთავრესად მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილებაზე აისახება.
1.5.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმის დარღვევისკენაა მიმართული (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელზე _ მოპასუხის კვალიფიციურ შედავებაზე, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად დაადასტურა თანხის არსებობის ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ იგი არა სარჩელში მითითებულ, არამედ, სხვა ურთიერთობის ფარგლებში შეძენილ სიკეთეს წარმოადგენდა. კვალიფიციური შედავებისას მან წარადგინა დედის მიერ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, თანხის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ერთობლიობაში შესწავლა-შეფასება ქმნის სასამართლოს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ ანაბარზე განთავსებული თანხა, მიუხედავად ოდენობისა, შესაძლოა, მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდეს. ამ დაშვების საპირისპირო, დასაბუთებული პოზიციის დადასტურების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება შეგებებულ მოსარჩელეს, თუმცა, პალატის მოსაზრებით, იგი არ არის უტყუარი მტკიცებულებთ გამყარებული. საკასაციო საჩივრის შესწავლით, როგორც უკვე აღინიშნა, ირკვევა ის, რომ კასატორი მაღალანაზღაურებადი ქირურგია და შეძლებდა სადავო ოდენობით თანხის მეუღლისათვის გადაცემას. აღნიშნული ჰიპოთეტური მსჯელობა, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატის დასკვნით, ვერ გააქარწყლებს, რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელსაც მხარე აღიარებად მიიჩნევს, პალატა არ იზიარებს იმ დასაბუთებით, რომ საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, აღიარების გაზიარება სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული და მას, მსგავსად სხვა მტკიცებულებებისა (სსსკ-ის 105-ე მუხლი) აბსოლუტური ძალა არ გააჩნია, რამეთუ სასამართლოს შინაგანი რწმენა საქმის მასალების ყოველმხრივ კველევას უნდა ემყარებოდეს. თუკი მივიჩნევთ, რომ მჩუქებლის განმარტება ოჯახისათვის თანხის ჩუქების შესახებ ზემოხსენებული საპროცესო ნორმით გათვალისწინებული აღიარებაა, მაშინ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თანხა მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში გადაეცათ, თავის მხრიც, სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქება ცალმხრივი გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მჩუქებელი გამოხატავს ცალმხრივ ნებას, რომლის ნამდვილობისთვისაც საჭიროა მეორე მხარის მიერ მისი მიღება (სკ-ის 51.1 მუხლი). ამ შემთხვევაში, ჩუქების ნამდვილობისათვის საჭირო იყო საჩუქრის გადაცემისთანავე ცნობილი ყოფილიყო კასატორისათვის, რომელიც ამ ნებას მიიღებდა, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს შინაგანი რწმენა ემყარება საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 5 სექტემბრის შეთანხმებასაც, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებმა განსაზღვრეს თანასაკუთრებაში არსებული ქონების განაწილების წესი და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში შეიზღუდეს სამომავლოდ ქონებრივი პრეტენზიის გაცხადების უფლება.
1.6. საკასაციო პალატის მოსაზღებით ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, ამასთან, შეგებებული მოპასუხის არსებითი შედავების გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნტზე დაყრდნობით, მართებულად არ დააკმაყოფილეს შეგებებული სარჩელი.
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 20.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 186 ლარის 70% _ 2 230,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ვ. მ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 20.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 186 ლარის 70% _ 2 230,2 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე