საქმე №ა-3402-შ-93-2016 23 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – ნ. წ-ია, გ. ჩ-ი (მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ა (კ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენელი) (თავდაპირველი მოსარჩელე)
თანამოპასუხეები თავდაპირველ/შეგებებულ სარჩელში: დ. ჩ-ი, დ. ჩ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ – რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საკუთრების უფლების აღიარება სამკვიდრო ქონებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის, ლენინგრადის ოლქის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით:
1.1. აღიარებულ იქნა ნ. წ-იას, კ. ალექსანდრეს ძე ბ-ის, გ. ვაზგენის ძე ჩ-ის, დ. ვაზგენის ძე ჩ-ისა და დ. ვაზგენის ასულ ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება ლენინგრადის ოლქის ვიბორგის რაიონის, ადგილობრივი განყოფილება „რ-ის“, ქალაქის ტიპის დასახლება რ-დ, შ. ქუჩის №...ში (საინვენტარო №509) მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე (ლიტერ A) საერთო ფართობით 384,4 კვ.მ. ტერასით (ა), დახურული პარმაღით (ა1) და ფანჩატურით (გ) შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ნ. წ-იას საკუთრების უფლება – 76/200-ზე, კ. ბ-ის – 31/200-ზე, გ. ჩ-ის – 31/200-ზე; დ. ჩ-ის – 31/200-ზე, დ. ჩ-ის – 31/200-ზე;
1.2. აღიარებულ იქნა ნ. წ-იას, კ. ალექსანდრეს ძე ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ისა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება თითოეულზე 1/5 წილი 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, მდებარე მისამართზე: ლენინგრადის ოლქი, ვიბორგის რაიონი, დასახლება რ-, შ. ქუჩა, სახლი №--. საკადასტრო ნომერი 4...;
1.3. აღიარებულ იქნა ნ. წ-იას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ისა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება 131,3 კვ.მ ოთხოთახიან ბინაზე (მათ შორის, საცხოვრებელი ფართი 81,8 კვ.მ) მდებარე ქ.სანკტ-პეტერბურგში, მ. პროსპექტზე, სახლი 16, პირველ კორპუსში, მე-11 სართულზე მდებარე ბინა #..., შემდეგი წილებით: ნ. წ-იას– 6/10; კ. ბ-ს – 1/10; გ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10;
1.4. აღიარებულ იქნა ნ. წ-იას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ისა და დ. ჩ-ის საკუთრების უფლება შპს „ექსპარეს-მაგისტრალ-სერვისი „კ-ის“ საწესდებო კაპიტალში წილზე შემდეგი რაოდენობით: ნ. წ-იას– 6/10; კ. ბ-ს – 1/10; გ. ჩ-ს – 1/10; დევიდ ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10;
1.5. აღიარებულ იქნა ნ. წ-იას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ისა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება ავტომობილზე - TOYOTA LAND CRUIZER 120, 2004 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) J..., აღრიცხვაზეა სანკტ-პეტერბურგის შსს, რევოლუციის მოედანი, უსმსი რაგფ-ში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი A..., შემდეგი წილებით თითოეულს: ნ. წ-იას– 111/125; კ. ბ-ს – 7/250; გ. ჩ-ს – 7/250; დევიდ ჩ-ს – 7/250; დ. ჩ-ს – 7/250;
1.6. აღიარებულ იქნა ნ. წ-იას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ისა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება ავტომობილზე NISSAN PRIMERA ELEGANGE, 2004 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) S..., აღრიცხვაზეა სანკტ-პეტერბურგის შსმს, გამმა ავტო რაგდ-6-ში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი O..., შემდეგი წილებით: ნ. წ-იას– 72/100; კ. ბ-ს – 7/100; გ. ჩ-ს – 7/100; დ. ჩ-ს – 7/100; დ. ჩ-ს 7/100;
1.7. აღიარებულ იქნა ნ. წ-იას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ისა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე №- საერთო ფართით 61 კვ.მ. კუთვნილი მიწის ნაკვეთთან ერთად, ფართობით 270 კვ.მ. მდებარე მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, სექტორი მთაწმინდა, კვარტალი 6, ნაკვეთი №..., ფ-ის ზემო პლატო, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგი წილებით: ნ. წ-იას– 6/10; კ. ბ-ს – 1/10; გ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10.
2. საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს ნ. წ-იამ და გ. ჩ-მა და მოითხოვეს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც შუამდგომლობის ავტორები ცნობილ იქნენ საქართველოში, ქ.თბილისში, ფ-ის ზედა პლატოზე, ავტოსადგომის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. წ-იასა და გ. ჩ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას, საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. წ-იას მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობაზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო გ. ჩ-ს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგი გარემოებების გამო:
1. საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის/შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვის პროცესუალურ სტანდარტს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, ნ. წ-ია საკასაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საქართველოში, ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონის მე-6 კმ-ის ნაკვეთ #...ში, ფ-ის ზედა პლატოზე, ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ 61 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობა #1-ისა და 270 კვ.მ მიწის ნაკვეთის 6/10 ნაწილში მისი საერთო წილობრივი თანასაკუთრების უფლების აღიარების თაობაზე რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ.
1.2.1. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ამავე სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის №ა-4198-შ-84-2012 განჩინებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო სისტემა, ვებგვერდი: www.supretemcourt.ge), რომლითაც ნ. წ-იას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ლენინგრადის ოლქის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ქ.თბილისში, ფ-ის ზემო პლატოს, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 61კვ.მ შენობა-ნაგებობა №...ზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და არ გაუქმებულა.
1.2.2. ამავე მოთხოვნით, ნ. წ-იამ განმეორებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რის გამოც პალატა თვლის, რომ მისი მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, საქმის წარმოების დამაბრკოლებელი ვერ გახდება, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
1.2.3. ამდენად, ვინაიდან საკასაციო პალატამ 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით იმსჯელა ნ.წ-იას შუამდგომლობაზე და არ დააკმაყოფილა იგი, პალატა თვლის, რომ სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ნ. წ-იას მოთხოვნაზე, ამასთანავე, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა განემარტოს მხარეს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
1.3. რაც შეეხება გ. ჩ-ის მოთხოვნას საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონებიდან მისთვის წილის მიკუთვნების ნაწილში რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1.3.1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა დეტალურ ჩამონათვალს, როდესაც დაუშვებელია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. ნორმის „ა“ ქვეპუნქტით კი, განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება, აღსრულების პროცედურისას კი, უნდა შემოწმდეს, დაცულია თუ არა ზემოხსენებული კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნები (იხ. ამავე კანონის 71.2 მუხლი). საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ანალოგიურ საფუძველს აწესებს „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის (შემდგომში _ კონვენცია) 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას).
1.3.2. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გ. ჩ-ი მოითხოვს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქრთველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას მისთვის ქ.თბილისში მდებარე უძრავი ქონებიდან წილის მიკუთვნების ნაწილში. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია (იხ. ასევე, ზემოხსენებული კონვენციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი). ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით, სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.
1.3.3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამართლებრივი დახმარება არ გაიწევა, თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ტერიტრორიაზე მდებარე უძრავი ნივთების მიმართ მხარის სანივთო უფლების განსაზღვრა საქართველოს განსაკუთრებულ საერთაშორისო კომპეტენციას განეკუთვნება, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გ. ჩ-ის მოთხოვნის ნაწილში რუსეთის ფედერაციის, ლენინგრადის ოლქის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე, 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 187-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჩ-ის შუამდგომლობა საქართველოში, ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონის მე-6 კმ-ის ნაკვეთ #...ში, ფ-ის ზედა პლატოზე, ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ 61 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობა #...-ისა და 270 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/10 ნაწილში საერთო წილობრივი თანასაკუთრების უფლების აღიარების შესახებ რუსეთის ფედერაციის, ლენინგრადის ოლქის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ნ. წ-იას შუამდგომლობაზე საქართველოში, ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონის მე-6 კმ-ის ნაკვეთ #...ში, ფ-ის ზედა პლატოზე, ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ 61 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობა #...-ისა და 270 კვ.მ მიწის ნაკვეთის 6/10 ნაწილში საერთო წილობრივი თანასაკუთრების უფლების აღიარების შესახებ რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. განემარტოს მხარეს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე