საქმე №ას-1034-995-2016 23 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. ხ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. ხ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ძირითად სარჩელზე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან, მოსარჩელეს ეკუთვნის 551 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ #...), რომელიც საჯარო რეესტრში 2014 წლის 10 ივლისს დაირეგისტრირა. მოპასუხეს ეკუთვნის 1000 კვ.მ (ს/კ #...), რომელზეც უფლება რეგისტრირებულია 2008 წლის 18 ივლისს და 600 კვ.მ უძრავი ნივთი (ს/კ #...), რეგისტრირებული 2011 წლის 7 დეკემბერს. მომიჯნავე ნაკვეთები, ფაქტობრივი მდგომარეობით, ერთმანეთისგან გამოყოფილია მრავალი წლის წინ აგებული ბეტონის ღობით, რომელიც გრძელდება ასევე უძველესი ხისა და მავთულის ერთობლივი ღობით. სასაზღვრო ღობეს არ ემთხვევა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვნად არის გადასული მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვრებში, ხოლო საერთო მოსაზღვრე ღობე არის დარჩენილი მოპასუხის ნაკვეთების მხარეს, რის გამოც გამრუდებული და დაუზუსტებელია მოსარჩელის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარი, რომელიც ხელს უშლის მას საკუთრების თავისუფალ მფლობელობაში, სარგებლობასა და განკარგვაში. არსებული ხელშეშლის გამოსწორებისათვის საჭიროა მომიჯნავე ნაკვეთების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმ ფაქტობრივი საზღვრის მიხედვით, რომელიც არსებობდა და არსებობს დღეის მდგომარეობით. მოპასუხე, არა ერთი თხოვნის მიუხედავად, ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს რეალური ფაქტობრივი საზღვრის შესაბამისად არ აზუსტებს.
1.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მოპასუხემ თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შეგებებული მოსარჩელის კუთვნილი #... და #... მიწის ნაკვეთებზე მოპასუხის უკანონო მფლობელობის აღკვეთა, ასევე, ამ მიწის ნაკვეთებიდან თავდაპირველი მოსარჩელის მიერ უკანანოდ დაკავებული 40 კვ. მეტრის გამოთხოვა.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, ჭ-ის ქ#18-სა და #19-ში შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია ზემოხსენებული მიწის ნაკვეთები, ხოლო მოპასუხის სახელზე _ #... მიწის ნაკვეთი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, წყნეთში, ჭ-ის ქ#18-სა და #19-ში გ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან გ. ხ-ს დაკავებული აქვს გ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული #... მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 3,5 კვ.მ, ასევე, #... მიწის ნაკვეთიდან 36,5 კვ.მ. მოპასუხეს არ გააჩნია სადავო ფართის ფლობის უფლებამოსილება და უარს აცხადებს ნებაყოფლობით მის დაბრუნებაზე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ ძირითადი სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხელშეშლის ფაქტი, პირიქით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებენ იმაზე, რომ ძირითადი მოსარჩელის მხრიდან აქვს მოპასუხისათვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლას ადგილი, რადგანაც სწორედ ძირითადი მოსარჩელე ფლობს უკანონოდ მოპასუხის უძრავი ნივთის ნაწილს.
2.2. შეგებებული სარჩელი ასევე არ ცნო მოპასუხემ და განმარტა, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან შეგებებული სარჩელის მოპასუხე კი არ ფლობს მოსარჩელის საკუთრებას, არამედ საკადასტრო მონაცემებით მოსარჩელე იჭრება მოპასუხის საკუთრებაში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ხ-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა აპელანტის კუთვნილი 3,5 კვ.მ (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 სექტემბრის #... ექსპერტიზის დასკვნაში ცისფრად აღნიშნული, ს/კ #... ნაკვეთის შემადგენელი) და 36,5 კვ.მ (ყვითლად აღნიშნული, ს/კ #... ნაკვეთის შემადგენელი) მიწის ნაკვეთები ექსპერტიზის დასკვნის დანართის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა პროცესის ხარჯები.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, ქ.თბილისში, წყნეთში, ჭ-ის ქ#18-სა და #19-ში მდებარე მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდით ... და ...) საკუთრების უფლებით აღრიცხულია აპელანტის სახელზე;
1.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 მაისის #...- დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში დაბა წყნეთში, ჭ-ის ქუჩა #18, #19 და #20-ში მდებარე მხარეთა მიწის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული სასაზღვრო მიჯნის (ღობის) ადგილმდებარეობა საგრძნობლად განსხვავდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებისგან, კერძოდ, ფაქტობრივი ღობე, დღეისთვის ხვდება #... და #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებს შიგნით. ამავე ბიუროს 2015 წლის 28 სექტემბრის #... დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, ჭ-ის ქუჩა #18, #19 და #20-ში მდებარე აპელანტის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან მოწინააღმდეგე მხარეს დაკავებული ასევე #... მიწის ნაკვეთის ნაწილი - 3.5 კვ.მ, ასევე, #... მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 36,5კვ.მ.
1.2.3. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც მისი მხრიდან სადავო ფართის ფლობის მართლზომიერებას დაადასტურებდა, შესაბამისად, იგი სადავო მიწის ნაკვეთების (36.5 კვ.მ და 3.5 კვ.მ) მართლზომიერ მფლობელს არ წარმოადგენს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ ერთადერთი მიჯნა, რომლითაც გაყოფილი იყო მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, წლების წინ აგებული ბეტონის ღობეა, რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ ვინ უფრო ადრე დაარეგისტრირა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, მას რაიმე უპირატესობა არ შეიძლება მიენიჭოს, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ეს საკითხი არ იყო მოწესრიგებული და იგი დავის გადაწყვეტისას მნიშვნელობის არმქონეა. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში ადმინისტრაციული ორგანოები და შეგნებულად გადაწია საკადასტრო საზღვარი კასატორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რა საფუძვლით უნდა აეშენებინა მიჯნა კასატორს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის შუაში, რაც მოწმობს იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გააყალბა საჯარო რეესტრის ამონაწერი, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, 1000 კვ.მ დაზუსტებული #... მიწის ნაკვეთის შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე, არასწორია.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით _ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით და სწორად დაადგინა ვინდიკაციური სარჩელის ფაქტობრივი ელემენტების არსებობა. სასამართლოს დასკვნა საკუთრების უფლების თაობაზე ემყარება საჯარო რეესტრის ამონაწერს, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (სკ-ის 312-ე მუხლი), შესაბამისად, მხოლოდ მხარის სიტყვიერი შედავება რეესტრის ჩასნაწერის სიყალბის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მხრიდან. სასამართლოს დასკვნა კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარის ქონების ფლობის თაობაზე ემყარება საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის გამაბათილებელ საპირწონე მტკიცებულებაზეც კასატორს არ მიუთითებია, ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტის მტკიცების მიზნით, რეესტრის ჩანაწერთან შედარებით შეუძლებელია, უპირატესობა მიენიჭოს მხარის მიერ აგებულ სასაზღვრო მიჯნას, თავის მხრივ, ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში (სკ-ის 172.1 მუხლი) მფლობელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ნივთის მართლზომიერად ფლობის დადასტურება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია კასატორმა.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 21.11.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. ხ-ს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 21.11.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური