Facebook Twitter

საქმე № 190210016001279490

საქმე №ას-26-24-2017 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ფლობს მის კუთვნილ უძრავ ნივთს, თუმცა მხარეებს შორის უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ასევე, არ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, შესაბამისად, მოპასუხე აღნიშნული ნივთით სარგებლობისთვის არანაირ თანხას არ იხდის.

3. ქალაქ რუსთავის მერმა 2015 წლის 7 ოქტომბერს წერილით მიმართა მოპასუხეს და სთხოვა უძრავი ქონების გამოთავისუფლება, ვინაიდან აღნიშნული ფართი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის უკვე იყო დავა იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და ისინი მორიგდნენ. ამდენად, მოპასუხე სადავო ფართს ფლობს მართლზომიერად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 275-ე მუხლით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით და განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, არსებობს თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და მას დროულად, კანონით დადგენილი წესით, ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლოზე გამოცხადებული მხარის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ აპელანტისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო 2016 წლის 7 დეკემბერს, 15:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ. მასვე განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დანიშნულ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარემ კი, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობები.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმის განხილვის შესახებ აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით. მხარემ განმარტა, რომ არც ორგანიზაციის მხრიდან უფლებამოსილი პირი და არც ადვოკატი სასამართლო პროცესის თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო სადავო განჩინება. არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

15. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

17. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

18. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 7 დეკემბერს, 15.00 საათზე.

20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ საქმის განხილვის თარიღისა და ადგილის შესახებ აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მოპასუხეს გაეგზავნა სასამართლო უწყება (ტომი 2, ს.ფ. 24). ასევე, საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული უწყების აპელანტი ორგანიზაციისათვის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილი (ტომი 2, ს.ფ. 26), რომლის თანახმად 2016 წლის 9 სექტემბერს უწყება ჩაიბარა მთავარი კომიტეტის წევრმა და ორგანიზაციის წარმომადგენელმა პირმა.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ არც ორგანიზაციის მხრიდან უფლებამოსილი პირი და არც ადვოკატი სასამართლო პროცესის თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ სასამართლო პროცესის შესახებ აპელანტს ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

22. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს არ მიუთითებია ისეთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობაზე, რომელიც ხელს შეუშლიდა მხარეს, გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და საკუთარი საპროცესო ვალდებულებების შესრულების გზით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ვარაუდს და გახდებოდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობა.

24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე