საქმე № 010217715001199142
საქმე №ას-108-101-2017 1 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. ს.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს.-ე, ა. მ.–ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. მ. ს.-ემ (შემდგომში – განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
2. განმცხადებელმა განმარტა, რომ გეგმავს სარჩელის აღძვრას მ. ს.-ის (შემდგომში – მოწინააღმდეგე მხარე, მოვალე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, რის გამოც უზრუნველყოფის სახით ყადაღა უნდა დაედოს მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი.
4. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმე გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, მისი დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება და განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშის ½ ნაწილში.
განმცხადებლის მოთხოვნა:
8. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. მ.–მა (შემდგომში – კრედიტორი) და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმება. მანვე განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულებისას კრედიტორი მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ გასაჩივრებული განჩინებით მოვალის ქონებას დაედო ყადაღა.
9. კრედიტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ეხება მის კანონიერ ინტერესებს, რის გამოც შესაძლებლობა უნდა მიეცეს, გაასაჩივროს იგი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 192-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელს კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში სარჩელი არ აღუძრავს, რაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კრედიტორის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 20 მაისის განჩინება და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის ½ ნაწილს.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საპროცესო მოქმედების შესასრულებლად ახალი საპროცესო ვადის განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით:
12. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ განმცხადებელს სარჩელი 10 დღის ვადაში არ აღუძრავს, თუმცა პალატას არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით მხარეს სარჩელის შეტანისათვის 10 დღის ვადა არ დადგენია.
13. მართალია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია როგორც სარჩელის ჩაბარების, სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის ჩაბარების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები, თუმცა საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლო განჩინებით უსაზღვრავს თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელების უზრუნველსაყოფად კანონით დადგენილ ვადას და მისი შეუსრულებლობის შედეგებს. კანონის აღნიშნული მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა. ამ ხარვეზის შეტყობისთანავე, სასამართლოს უნდა განესაზღვრა ხარვეზის აღმოფხვრის ვადა, რაც არ იქნა უზრუნველყოფილი. აღნიშნულმა კი, გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე.
14. საჩივრის ავტორმა მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაში განსაზღვრული არ ყოფილა სარჩელის წარდგენის ვადა. ეს გარემოება სწორედ იმ განსაკუთრებულ ობიექტურ მიზეზს წარმოადგენს, რამაც გამოიწვია სარჩელის წარუდგენლობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 20 მაისის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება და განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოვალის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის ½ ნაწილს.
17. უზრუნველყოფის ღონისძიება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განმცხადებლის მოთხოვნით, მოვალის მიმართ სამომავლოდ აღსაძრავი სარჩელის უზრუნველსაყოფად.
18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლსი 20 მაისის განჩინება, სააღსრულებო ფურცელი და ჩაბარდა 2016 წლის 6 ივლისს.
19. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ განმცხადებლის სარჩელი მოვალის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (რომლის უზრუნველსაყოფადაც განხორციელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისს ყადაღის დადება მოვალის საბანკო ანგარიშებზე), 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი არ არის.
20. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართვით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №… აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლის თანახმადაც მოვალეს დაეკისრა 28 000 ლარისა და 840 ლარის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ. აღმასრულებლის მითითებით, მოვალეს ერიცხება თანხა საბანკო დაწესებულებაში. სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით წარდგენილი იქნა საინკასო დავალება დავალიანების სრულ ოდენობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღის საფუძველზე ბანკს შეზღუდული აქვს უფლება, შეასრულოს საინკასო დავალება რეგისტრირებული ყადაღის ფარგლებში.
21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კრედიტორის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ბანკში მოვალის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის ½ ნაწილს, აღნიშნული განჩინების მიღების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებელმა უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე მიღებული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში არ წარადგინა სარჩელი სასამართლოში.
22. საჩივრის ავტორის პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ მისი მხრიდან სარჩელის წარუდგენლობის მიზეზი უკავშირდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე მიღებული 2016 წლის 20 მაისის განჩინებით განმცხადებლისათვის სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადის განუსაზღვრელობას, რასაც სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) VII თავი ეთმობა საპროცესო ვადებს. საპროცესო ვადები ორი სახისაა: კანონისმიერი ვადები და სასამართლო ვადები. ა) კანონისმიერი ვადებია, რომლებიც კანონითაა დადგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მოქმედება ამ კანონით დადგენილ ვადაში უნდა შესრულდეს. ბ) სასამართლოსმიერი ვადებია, რომლებიც სასამართლოს მიერაა განსაზღვრული. სასამართლოს შეუძლია ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვროს ვადა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ვადა არაა დადგენილი კანონით.
24. სსსკ-ის 192-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებიდან (განჩინების ჩაბარების მომენტიდან) 10 დღის ვადაში სარჩელის წარდგენის ვალდებულებას. ასევე, დგინდება სარჩელის წარდგენის ვადა, რომელიც კანონისმიერ ვადას წარმოადგენს და არ არის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რაც მხარის მიერ საქმის წარმოების პროცესში იმპერატიულად უნდა იქნეს დაცული.
25. სსსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, თუ რა გარემოებებზე მითითებას უნდა შეიცავდეს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინება. აღნიშნული ნორმის თანახმად: სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია სასამართლომ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი.
26. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად (სსსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილი) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების სავალდებულო რეკვიზიტს არ წარმოადგენს სარჩელის სასამართლოში 10 დღიან ვადაში წარდგენის ვალდებულებაზე მითითება, ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონით დადგენილი ვადა მხარემ უნდა დაიცვას და შეასრულოს მიუხედავად სასამართლოს მიერ აღნიშნულზე მითითება-მიუთითებლობისა.
27. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
28. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან გასულია 4 თვე და ამ ვადაში (იმისდა მიუხედავად, რომ სასამართლო განჩინებაში არ არის 10-დღიან ვადაზე მითითება) სარჩელი მომჩივანს არ აღუძრავს. ცხადია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (სარჩელის აღძვრამდე) ვერ იქნება განუსაზღვრელი ვადით გამოყენებული კეთილგონივრულობიდან (და კეთილსინდისიერებიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლიდან) გამომდინარეც. 4 თვე ვერანაირად ვერ მიიჩნევა იმ ვადად, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელემ ვერ მოახერხა სარჩლის აღძვრა. კანონმდებელმა, სწორედ იმიტომ დათქვა 10-დღიანი ვადა სარჩელის აღსაძრავად, რომ გაითვალისწინა მეორე მხარის ინტერესებიც, რომლის უფლებაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ერთგვარად შეზღუდულია, რის გამოც იგი განუსაზღვრელი ვადით არ შეიძლება, გაგრძელდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების კანონშესაბამისობა.
31. საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სააპელაციო სასამართლომ არ განუმარტა მხარეს საპროცესო ვალდებულების არსებობის – სარჩელის შეტანის აუცილებლობის შესახებ და არ დაუდგინა მას საპროცესო ვადა აღნიშნულის განსახორცილებელად.
32. მხარე მიიჩნევს, რომ სარჩელის წარდგენის ვადა მას სასამართლოს განჩინებით უნდა განსაზღვროდა. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია როგორც სარჩელის ჩაბარების, სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის ჩაბარების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები, თუმცა სასამართლო განჩინებით მაინც უსაზღვრავს მხარეს თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელების უზრუნველსაყოფად კანონით დადგენილ ვადას და მისი შეუსრულებლობის შედეგებს.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას.
34. სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 192-ე მუხლი, რომლის თანახმად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
35. მითითებული ნორმა ითვალისწინებს ისეთ საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანა სარჩელის აღძვრამდე. აღნიშნული შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგადი წანამძღვრების არსებობისას, თუმცა საგულისხმოა, რომ კანონის იმპერატიული ხასიათის დანაწესი ადგენს ამგვარი საპროცესო ღონისძიების გატარების შემდეგ სარჩელის მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში აღძვრას, რათა არ დაირღვეს ბალანსი გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროებასა და იმ მხარის უფლებებს შორის, რომლის წინააღმდეგაც იქნა ის გამოყენებული, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
36. სწორედ აღნიშნულითაა განპირობებული სსსკ-ის 192-ე მუხლით განმცხადებლისათვის საკმაოდ შემჭიდროვებული ვადის განსაზღვრა, კერძოდ, განმცხადებელი ვალდებულია, სარჩელი წარადგინოს სასამართლოში მისი წინასწარ უზრუნველყოფიდან 10 დღის ვადაში.
37. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ დასაბუთებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი ვადების იურიდიულ ბუნებასთან დაკავშირებით.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო ვადებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ვინაიდან სამართალწარმოების მიზანია არა მხოლოდ პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა, არამედ აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადებში.
39. გარკვეულ შემთხვევებში კანონმდებელი პირდაპირ არ აწესებს რაიმე კონკრეტულ პერიოდს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, თავად განუსაზღვროს მხარეს საპროცესო ვადა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, როგორც ეს ხდება თუნდაც საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ შესაგებლის წარდგენისათვის საპროცესო ვადის დაწესებისას და სხვა შემთხვევებში. ასეთ დროს მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს საპროცესო ვადის გაგრძელება ობიექტური საჭიროების შემთხვევაში და, თავის მხრივ, სასამართლოსაც გააჩნია უფლებამოსილება, გაუგრძელეს მხარეს საპროცესო ვადა გონივრულ ფარგლებში (სსსკ-ის 64-ე მუხლი).
40. სასამართლოს მიერ დასადგენი ვადებისაგან განსხვავდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით იმპერატიულად განსაზღვრული ვადები. ძირითადი განსხვავება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს მკაცრად მითითებულ დროის პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში მის შეუსრულებლობას ნორმის ადრესატი მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგი მოჰყვება. ასეთ ვადათა რიცხვს განეკუთვნება სსსკ-ის 192-ე მუხლით დადგენილი 10-დღიანი ვადა.
41. ამდენად, განმცხადებელი ვალდებული იყო, სარჩელი აღეძრა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მომენტიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ნორმის მოქმედებაზე ვერ იმოქმედებს ის საკითხი, განუმარტა თუ არა სასამართლომ მხარეს 10-დღიანი ვადის არსებობისა და ამ ვადაში სარჩელის აღძვრის ვალდებულების შესახებ.
42. საგულისხმოა, რომ სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 192-ე მუხლი, შესაბამისად, ცხადია, რომ განმცხადებელი გაეცნო ნორმის შინაარსს და მის მოთხოვნებს. ამასთან, გონივრული განსჯის შედეგად, სასამართლოსათვის ამგვარი განცხადებით მიმართვას თან უნდა სდევდეს სარჩელის წარდგენა.
43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ვალდებულებაც გააჩნდა, გაეთვალისწინებინა კანონის დანაწესი, ვინაიდან კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
44. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული ცნობის საფუძველზე დაადგინა და არც საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, რომ განმცხადებლის სარჩელი მოვალის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (რომლის უზრუნველსაყოფადაც განხორციელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისს ყადაღის დადება მოვალის საბანკო ანგარიშებზე), 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი არ არის.
45. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის სარჩელის წარუდგენლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია. შესაბამისად, საჩივრის ავტორის პრეტენზია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მიმართ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ს.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრისა და 12 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე