Facebook Twitter

საქმე № 010235616700029924

საქმე №ას-204-193-2017 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს „თ.-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ.-ე, ლ. მ.-ი, ბ. ბ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებლის მოთხოვნა:

1. ლ. მ.-მა, დ. და ბ. ბ.-ეებმა (შემდგომში – განმცხადებელი) განცხადებით მიმართეს სასამართლოს სს „თ.-ის“ (შემდგომში – მოსარჩელე) მიმართ და მოითხოვეს სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს აეკრძალათ კუთვნილი ნივთების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით საჩივარი, დაუშვებლობის გამო, გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 3 იანვრის განჩინების ასლი საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2017 წლის 16 იანვარს.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, 63-ე მუხლით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილი ჩაბარების მომენტიდან საჩივრის შეტანის შესაძლებლობა მოსარჩელეს ჰქონდა 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ საჩივარი მხარემ წარადგინა 2017 წლის 25 იანვარს, რა დროსაც დაარღვია კანონით დადგენილი ვადა და საჩივარი ცნობილ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით განცხადება სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს აეკრძალათ კუთვნილი ნივთების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

10. წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი საჩივარი შეტანილ იქნა კანონის მოთხოვნის დარღვევით, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

11. სსსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.

12. კანონის მითითებული დანაწესი განამტკიცების მხარის უფლებას, საჩივრის შეტანის გზით სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ მის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა განუსაზღვრელი არ არის და შემოფარგლულია საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლის მიერ დადგენილი კონკრეტული ვადით. აღნიშნული ვადა აითვლება მხარის მიერ გასაჩივრებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან და გრძელდება 5 დღის განმავლობაში. მითითებული ვადის დარღვევისას მხარე კარგავს საჩივრის წარდგენის უფლებას.

13. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

14. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინების ასლი ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სათანადო მინდობილობით (ს.ფ. 31). აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ხელწერილი დათარიღებულია 2017 წლის 16 იანვრით (ს.ფ 30).

15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.

16. დასახელებული ნორმის შესაბამისად, სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საპროცესო დოკუმენტის მხარისათვის ჩასაბარებლად საკმარისია, იგი ჩაბარდეს მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

17. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება საჩივრის ავტორს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2017 წლის 16 იანვარს, შესაბამისად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა საჩივარი წარედგინა 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით (21-22 იანვარი წარმოადგენდა დასვენების დღეებს), თუმცა საჩივარი მხარემ სასამართლოში შეიტანა 2017 წლის 25 იანვარს (ს.ფ 35), კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას წარმოდგენილი საჩივრის შეტანის ვადის ათვლის წესი არ დაურღვევია, საჩივარი მხარის მიერ წარდგენილ იქნა 5-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.-ის“ საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. სს „თ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე