Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-14-კს-03 6 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

მსაჯულები: ი. იასეშვილი,

ი. ბუხნიკაშვილი

დავის საგანი: გადაწყვეტილების გაუქმება და ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

20.07.01წ. რ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გენერალური პროკურორის წარდგინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის 08.05.01წ. ¹9/45 დადგენილებით ისე დამტკიცდა რ. გ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დასკვნა, რომ არ გაუქმებულა მისი საქართველოს მოქალაქედ ცნობის შესახებ მანამდე გაცემული დასკვნა. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. შემდგომში რ. გ-მა შეცვალა თავისი მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხედ საქმეში საქართველოს პრეზიდენტის ჩაბმა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულება რ. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული ბრძანებულების ბათილად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულების ბათილად ცნობა. მოპასუხემ – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა და საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სადავო აქტის უცვლელად დატოვება.

რ. გ-ის სარჩელი პირველი ინსტანციით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, რომლის 26.03.02წ. გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა “საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე რ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.09.02წ. განჩინებით რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.03.02წ. გადაწყვეტილება.

რ. გ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს უფროსის მოადგილის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ რ. გ-ი არ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, ვინაიდან ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” კანონის ამოქმედების დროისათვის რ. გ-ი არ იყო ჩაწერილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და იგი არ არის რესპუბლიკაში დაბადებული. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.12.02წ. განჩინებით რ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ პირველი ინსტანციით განხილულ საქმეზე დაშვებულ იქნა პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება, პალატამ შესაძლებლად მიიჩნია აგრეთვე რ. გ-ის განცხადებაზე მიღებულ განჩინებაზე სსკ-ს 429-ე მუხლით დადგენილი წესით კერძო საჩივრის შეტანის დაშვება.

განცხადების განუხილველად დატოვების განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. გ-ის წარმომადგენელმა გ. ნ-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით დატოვა განუხილველად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, კერძოდ საკასაციო პალატამ არაკანონიერად გამოიყენა სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან საქმეში არსებული დოკუმენტების სიყალბის საფუძვლით განმცხადებელს არ მოუთხოვია საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ რ. გ-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ამოეწერა 1998წ. ივლისის თვეში, კანონი ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” მიღებული იქნა 30.09.98წ., ამდენად რ. გ-ი მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ვერ ჩაითვლება აზერბაიჯანის მოქალაქედ, რასაც ადასტურებს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს წერილი, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სსკ-ს 423-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს.

გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რ. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი იყო არამხოლოდ რ. გ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, არამედ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალქეობასთან შეუსაბამო დანარჩენი გარემოებების არსებობაც, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დადგენილება რ.გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ არ მოიცავდა სხვა საფუძვლებს.

გ. ნ-ემ ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოტანილია რ. გ-ის მიმართ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქალაქეობა შეუწყდა რ. გ-ს, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ რ. და რა. ერთიდაიგივე პიროვნებაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა 02.12.02წ. განჩინების გაუქმება და განცხადების არსებიტად განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო სარჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველიმუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებები. საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ იგი არ ითხოვს საქმის წარმოების განახლებას სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მაგრამ რ. გ-ის მიერ წარმოდგენილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის მოადგილის ცნობა ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან საქმეში დაცულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის ცნობა, რომლის თანახმად რ. გ-ი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს და ამ ცნობის სიყალბე არ არის დადასტურებული. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ცნობა თავისთავად წარმოადგენს სსკ-ს 423-მუხლის I ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

უსაფუძვლოა აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს, ვინაიდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენას უშუალოდ უკავშირდებოდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალქეობასთან შეუსაბამო დანარჩენი გარემოებების არსებობაც.

საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ წარმოადგენს აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 28.05.01წ. ¹212 ბრძანებულებაში მითითებულია რა. და არა რ. გ-ი, ბრძანებულების ტექსტი ერთვოდა საქმეს, ამ საფუძვლით მისი ბათილად ცნობა საქმის თავდაპირველი განხილვის დროს რ. გ-ს არ მოუთხოვია. ეს გარემოება საკასაციო პალატას მიაჩნია ბეჭდვის დროს დაშვებულ მექანიკურ შეცდომად, ვინაიდან დანარჩენი რეკვიზიტები ბრძანებულებაში სწორად არის ასახული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. გ-ის წარმომადგენლის გ. ნ-ის კერძო საჩივარი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 417-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. გ-ის წარმომადგენლის გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთაA პალატას.