საქმე № 330210114609635
საქმე №ას-1078-1035-2016 10 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ა.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 13 800 აშშ დოლარის ეკვივალნეტი ლარისა და ყოველთვიურად ქირის სახით საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებამდე 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 26 ივნისს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, დაფუძნდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, რომელშიც გაწევრიანდა მოსარჩელეც. მისი შენატანი შეადგენდა აღნიშნულ მისამართზე მის საკუთრებაში არსებულ 17 კვ.მ ფართს, რის სანაცვლოდაც, აშენებულ კორპუსში 50-60 კვ.მ საცხოვრებელი ფართი უნდა გადასცემოდა.
3. საცხოვრებელი ფართის გადაცემამდე მხარეები დამატებით შეთანხმდნენ ყოველთვიურად გადასახდელ ქირაზე – 200 აშშ დოლარზე.
4. მხარემ მიუთითა, რომ მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება მოსარჩელეს არ გადასცემია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულების არსებობის გარეშე გამოიჩინა კეთილი ნება და მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდიდა 200 აშშ დოლარს. ქირის სახით შეთანხმებული თანხის გადახდის ვალდებულება ამხანაგობის თავმჯდომარეს ეკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილეობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით 4800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სარჩელი მომავალ პერიოდზე ქირის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განხილვის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ყოველთვიურად ქირის დაკისრების თაობაზე.
9. რაც შეეხება გადაწყვეტილებას 13 800 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, იგი შესულია კანონიერ ძალაში.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 26 ივნისს დაიდო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, დაფუძნდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა. მოსარჩელე წარმოადგენს მის წევრს 17 კვ.მ ფართის შენატანით.
11. მოპასუხის შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა შემდეგი ვალდებულებების შესრულება: ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში მშენებლობის ორგანიზება და წარმართვა დამტკიცებული სამშენებლო დოკუმენტაციის და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი. მშენებლობის დაწყება (საძირკვლის ჩასხმა) საძიებო-საპროექტო სამუშაოების დამთავრებისა და მათი შესაბამისი სამსახურების მიერ დამტკიცებისთანავე და მშენებლობის დამთავრება, შესაბამისი ნებართვის აღებიდან ოცდაოთხი თვის განმავლობაში. მშენებლობის დაფინანსება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით იმ მიმართულებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, შესაბამისი ნებართვის აღებიდან თორმეტი თვის განმავლობაში მოხდეს სამშენებლო ამხანაგობის სახლის მშენებლობის სრულად დამთავრება. ინვესტიციების მოზიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად. ამხანაგობის ფინანსური საქმიანობის განხორციელება საფინანსო სფეროში საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
12. მოსარჩელეს მის მიერ განხორციელებული შენატანის საკომპენსაციოდ უნდა მიეღო 50-60 კვ.მ საცხოვრებელ ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობაში, ასევე, ქირა – 150 აშშ დოლარი მშენებლობის დაწყებიდან მშენებლობის სრული პერიოდის განმავლობაში.
13. მოსარჩელისათვის 2007 წლის 26 ივნისის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის გადახდაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს მოპასუხე, რომელიც მოსარჩელის ქირის სახით უხდიდა თვეში 200 აშშ დოლარს.
14. მართალია, 2007 წლის 26 ივნისის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების №1 დანართით განისაზღვრა, რომ მოსარჩელე ქირის სახით მიიღებდა 150 აშშ დოლარს, თუმცა, ვინაიდან, მოპასუხე აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში იხდიდა 200 აშშ დოლარს. აღნიშნული მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა მოდავე მხარეთა შეთანხმება ქირის სახით ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.
15. სარჩელის აღძვრამდე (2014 წლის 2 ოქტომბერი) მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია 69 თვის ქირა.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 13 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (69 თვის გადაუხდელი ქირის) გადახდა.
17. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრიდან 2014 წლის 2 ოქტომბრიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე – 2016 წლის 6 ოქტომბრამდე, 24 თვე მოსარჩელისათვის გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს (200 აშშ დოლარი 24 თვეზე) 4800 აშშ დოლარს.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა ის გარემოება, რომ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მის მიერ განხორციელებული შენატანის საკომპენსაციოდ 50-60 კვ.მ საცხოვრებელ ფართთან (თეთრი კარკასის მდგომარეობაში), ერთად ასევე მიიღებდა ქირას 200 აშშ დოლარის ოდენობით მშენებლობის დაწყებიდან მშენებლობის სრული პერიოდის განმავლობაში.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
20. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მის საწინააღმდეგოდ განმარტა სსკ-ის 316-ე მუხლი, რადგან მოთხოვნაზე უფლებამოსილ და შესრულებაზე ვალდებულ პირებად მოსარჩელე და მოპასუხე დაედგინა და უგულებელეყო მოპასუხის არგუმენტი სსკ-ის 371-ე მუხლთან დაკავშირებით.
21. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 204-ე მუხლი. ვალის გადაკისრება მოიცავს არა მხოლოდ ვალდებულების, არამედ უფლების გადასვლასაც. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორის მიმართ მხოლოდ ვალდებულების დაკისრება ჩანს.
22. სადავო ქირის გადახდის მოვალეობა გათვალისწინებულ იქნა დანართით, რომლის პირობები შეათანხმა ამხანაგობის თავმჯდომარემ, შესაბამისად, იგი იყო პასუხისმგებელი ამხანაგობის წესდებით განსაზღვრული დებულების შესრულებაზე.
23. მხარემ მიიჩნია, რომ თანხის გადახდაზე ვალდებულ პირად მოპასუხის მიჩნევა ეწინააღმდეგება სსკ-ის 204-ე მუხლს.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 26 ივნისს დაიდო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, დაფუძნდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა. მოსარჩელე წარმოადგენს მის წევრს 17 კვ.მ ფართის შენატანით.
27. მოპასუხის შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა შემდეგი ვალდებულებების შესრულება: ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში მშენებლობის ორგანიზება და წარმართვა დამტკიცებული სამშენებლო დოკუმენტაციის და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი. მშენებლობის დაწყება (საძირკვლის ჩასხმა) საძიებო-საპროექტო სამუშაოების დამთავრებისა და მათი შესაბამისი სამსახურების მიერ დამტკიცებისთანავე და მშენებლობის დამთავრება, შესაბამისი ნებართვის აღებიდან ოცდაოთხი თვის განმავლობაში. მშენებლობის დაფინანსება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით იმ მიმართულებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, შესაბამისი ნებართვის აღებიდან თორმეტი თვის განმავლობაში მოხდეს სამშენებლო ამხანაგობის სახლის მშენებლობის სრულად დამთავრება. ინვესტიციების მოზიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად. ამხანაგობის ფინანსური საქმიანობის განხორციელება საფინანსო სფეროში საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
28. მოსარჩელეს მის მიერ განხორციელებული შენატანის საკომპენსაციოდ უნდა მიეღო 50-60 კვ.მ საცხოვრებელ ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობაში, ასევე, ქირა – 150 აშშ დოლარი მშენებლობის დაწყებიდან მშენებლობის სრული პერიოდის განმავლობაში.
29. მოსარჩელისათვის 2007 წლის 26 ივნისის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის გადახდაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს მოპასუხე, რომელიც მოსარჩელის ქირის სახით უხდიდა თვეში 200 აშშ დოლარს.
30. მართალია, 2007 წლის 26 ივნისის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების №1 დანართით განისაზღვრა, რომ მოსარჩელე ქირის სახით მიიღებდა 150 აშშ დოლარს, თუმცა, ვინაიდან, მოპასუხე აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში იხდიდა 200 აშშ დოლარს. აღნიშნული მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა მოდავე მხარეთა შეთანხმება ქირის სახით ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.
31. სარჩელის აღძვრამდე (2014 წლის 2 ოქტომბერი) მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია 69 თვის ქირა.
32. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 13 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (69 თვის გადაუხდელი ქირის) გადახდა.
33. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრიდან 2014 წლის 2 ოქტომბრიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე – 2016 წლის 6 ოქტომბრამდე, 24 თვე მოსარჩელისათვის გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს (200 აშშ დოლარი 24 თვეზე) 4800 აშშ დოლარს.
34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის თანხის გადახდაზე ვალდებულ პირად მის მიჩნევას.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
37. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმად მხარეთა შორის სადავო არ არის 2014 წლის 2 ოქტომბრიდან 2016 წლის 6 ოქტომბრამდე მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რამაც 2016 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 4800 აშშ დოლარი. შესაბამისად, არსებობს აღნიშნული ოდენობის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ბ.-ის მიერ 2016 წლის 5 დეკემბერს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 615 ლარის 70% – 430,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს.“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ბ.-ის მიერ 2016 წლის 5 დეკემბერს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 615 ლარის 70% – 430,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური