საქმე № 330210014628685
საქმე №ას-1147-1103-2016 15 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ლ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ.-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ლ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სასესხო ვალდებულების – 4000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში მოპასუხეს ასესხა ჯერ 2000 აშშ დოლარი და შემდეგ დამატებით 3-ჯერ გადასცა 1000-1000 აშშ დოლარი, სულ – 5000 აშშ დოლარი, სესხის სახით აღებული თანხა მოპასუხეს სჭირდებოდა კომერციული საქმიანობისათვის.
3. 2012 წლის მარტში მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა სესხის დაბრუნება. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელის თხოვნით, 2012 წლის 13 ივლისს მოპასუხე და მისი მეუღლე გაყვნენ მოსარჩელეს ნოტარიუსთან ვალის აღიარების შესახებ ხელწერილის გასაფორმებლად, თუმცა მოპასუხის მეუღლემ მოიმიზეზა შეუძლოდ ყოფნა და ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება ვერ გაფორმდა. ამის შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელწერილს გააფორმებდნენ მოგვიანებით, ხოლო 1000 აშშ დოლარს მოპასუხე გადაუხდიდა იმავე დღეს.
4. მხარის მითითებით, მოპასუხემ მართლაც დაუყოვნებლივ ჩაურიცხა 1000 აშშ დოლარი მოსარჩელეს, რის შემდგომ დარჩენილი თანხა მისთვის არ გადაუცია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირადად მოსარჩელისაგან სესხი არ აუღია. წლების განმავლობაში მოპასუხის აწ გარდაცვლილი მეუღლე და მოსარჩელე იყვნენ საქმიანი პარტნიორები, რის საფუძველზეც მოსარჩელე სისტემატურად იღებდა მოგებიდან დივიდენდს. აღნიშნული ურთიერთობა მოპასუხის მეუღლემ შეწყვიტა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, და მაღაზია, 8790 ლარის ღირებულების საქონელთან ერთად, გადასცა მოსარჩელეს. სარჩელში მითითებული 1000 აშშ დოლარი მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მეუღლის დავალებით. ამდენად, მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო სესხის არსებობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად, რაზეც აპელანტმა შეიტანა საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2016 წლის 22 ივნისს, 13:00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლების შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები არ არსებობდა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ-ის) 241-ე მუხლისა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
13. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით.
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საპატიო მიზეზად საჩივრის ავტორი უთითებს ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის აპელანტის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება (სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). მეტიც, აპელანტი წარმოდგენილ საჩივარში თავად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ასეთი მტკიცებულება (ცნობა) არ გააჩნია. რაც შეეხება მის ახსნა-განმარტებას, რომ პროცესამდე 1 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ჰიპერტონიული შეტევები, რაც შეუძლებელს ხდიდა მგზავრობას და აბრკოლებდა გადაადგილებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარის ახსნა-განმარტება, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება აპელანტის ავადმყოფობა დადასტურდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 215-ე მუხლი მესამე ნაწილი, როდესაც სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა მისი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა, კერძოდ, მოსარჩელე მკურნალობდა ამბულატორიულად და სასამართლო პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა არ გააჩნდა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 1 თებერვალს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
21. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომა დანიშნული იყო 2016 წლის 22 ივნისს, 13:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული ფაქტი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა სასამართლომ მიერ განსაზღვრულ დროს იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო სასამართლოს არ აცნობა.
22. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობას და მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას შეეხება სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
26. მითითებული კანონის დანაწესი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სააპელაციო პალატას არ აცნობა. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე და არც აღნიშნულის შესახებ სასამართლოს არ აცნობებს.
27. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, იგი იყო ავად და მკურნალობდა ამბულატორიულად, რადგან აქვს მძიმე ფორმის ფსორიაზი. სხეულის შეშუპების გამო, მას ჰქონდა წოლითი რეჟიმი და არ შეეძლო გადაადგილება. აღნიშნულის შესახებ აპელანტმა სხდომის დღეს აცნობა სასამართლოს, თუმცა მისი მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
29. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
30. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
31. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
32. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა კონკრეტულად სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების პერიოდში, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე.
33. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სამედიცინო ცნობები სასამართლოს წარუდგინა უკვე საკასაციო საჩივრის შეტანის ეტაპზე. საკასაციო საჩივარზე დართულ იქნა ორი დოკუმენტი, კერძოდ: 1. მკურნალი ექიმის მიერ 2016 წლის 9 ნოემბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად აპელანტი დერმატოლოგთან მკურნალობდა და კონსულტაციაზე იმყოფებოდა 2016 წლის 11 მაისს, 30 მაისს, 27 ივნისს და 9 ნოემბერს დიაგნოზით – ქრონიკული ფსორიაზი, რომელსაც ახასიათებს რეციდივი; 2. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ფორმა №100, რომლის მიხედვით აპელანტმა მიმართა დაწესებულებას 2016 წლის 4 ნოემბერს. პაციენტს დაესვა გულის ჰიპერტენზიული დაავადების, ვენების დაზიანების, ჰიპოთირეოზის, ფსორიაზისა და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, პერიოდულად უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები და მკურნალობდა ამბულატორიულად.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოყვანილი არც ერთი დოკუმენტი არ ადასტურებს 2016 წლის 22 ივნისს აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გაუარესებას, რომლის გამოც მხარე ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო პროცესზე.
35. ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის უარი საქმის სხვა დროისათვის გადადებისა და აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს ითვალისწინებს სსსკ-ის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი მიზანშეწონილობა ვერ დაასაბუთა, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური