Facebook Twitter

საქმე № 330210014499349

საქმე №ას-1153-1108-2016 10 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. შ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.--ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „გ.მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.-ის“(შემდგომში – მოპასუხე საზოგადოება), დ. ჯ.–ის, ქ. ა.-ისა (შემდგომში – მოპასუხეები) და ი. შ.-ას (შემდგომში – კასატორი მოპასუხე) მიმართ მიწოდებული საქონლის ღირებულების – 5 244.4 ლარის, მოპასუხისათვის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 7000 ლარისა და პირგასამტეხლოს – 2755.6 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე საზოგადოებას მიაწოდა საქონელი, რომლის ღირებულების გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოპასუხეებს ეკისრებოდათ პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით. მოსარჩელე მოვალე იყო, მოპასუხე საზოგადოებისთვის მიწოდებული საქონლის ექსკლუზიურად რეალიზაციის სანაცვლოდ, გადაეხადა მოპასუხისათვის 12 000 ლარი, საიდანაც 7000 ლარს გადაუხდიდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 დღეში, ხოლო დანარჩენ თანხას – ეტაპობრივად.

3. მოპასუხე საზოგადოების მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე სოლიდარული ვალდებულება იკისრეს დანარჩენმა მოპასუხეებმა. თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 15 000 ლარი.

4. მოსარჩელემ მოპასუხეს შეპირებული 7000 ლარი ჩაურიცხა.

5. 2014 წლის 27 მარტის შედარების აქტით დაფიქსირდა მიწოდებული საქონლის ღირებულების დავალიანება – 5244,4 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

6. კასატორმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ შედარების აქტზე ხელი მოტყუებით მოაწერინა. მხარე ვარაუდობდა, რომ ხელს აწერდა ფართის იჯარის ხელშეკრულებას. მოსარჩელემ კი, ისარგებლა მისი ნდობით, აგრეთვე, იმ ფაქტით, რომ მოპასუხეს რუსული განათლება აქვს და ქართული ენა სათანადოდ არ იცის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 12 244.4 ლარისა და პირგასამტეხლოს – 2755.6 ლარის ანაზღაურება, რაც კასატორმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს მოპასუხე შპს-სა და მოსარჩელე საზოგადოების დირექტორებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია აწვდიდა მყიდველს პროდუქციას და მასთან დაკავშირებულ საბუთებს, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო, მიეღო საქონელი და გადაეხადა შეთანხმებული ფასი (1.1. პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პროდუქციის ექსკლუზიური პირობით, რეალიზაციის სანაცვლოდ, კომპანიას მყიდველისათვის უნდა გადაეხადა 12 000 ლარი ეტაპობრივად, კერძოდ, ხელშეკრულების ორივე მხარის ხელმოწერიდან 7 კალენდარული დღის ვადაში კომპანიას მყიდველისათვის უნდა გადაეხადა 7000 ლარი, ხოლო დარჩენილი 5000 ლარი – ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ეტაპობრივად, სანაცვლოდ მყიდველს კომპანიისაგან უნდა შეეძინა 100 000 ლარის ღირებულების პროდუქცია და უზრუნველეყო ამ ხელშეკრულების №2 დანართში აღნიშნული პროდუქციის სტატუსი (1.5. პუნქტი).

10. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევის/არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მას ეკისრებოდა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს – 13 000 ლარის გადახდა.

11. ხელშეკრულების №1 დანართის მე-4 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში მყიდველი ვალდებული იყო, კომპანიისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს ოდენობა საბოლოო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელი თანხის ორმაგ ოდენობას.

12. 2013 წლის 23 დეკემბერის ხელშეკრულების 7.13. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კომპანიის მიმართ არსებული მყიდველის ფულადი ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულებაზე, კომპანიის წინაშე პირადი (სოლიდარული) პასუხისმგებლობა (თავდებობა) იკისრეს თავდებებმა – დანარჩენმა მოპასუხეებმა. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა შეადგენდა – 15 000 ლარს.

13. საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 31 დეკემბრის საგადახდო დავალებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ მოპასუხე საზოგადოებისათვის 7 000 ლარის გადახდის ფაქტი.

14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2013 წლის 11 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხე ფიზიკური პირები წარმოადგენენ მოპასუხე საზოგადოების პარტნიორებს.

15. 2014 წლის 27 მარტის შედარების აქტის მიხედვით, ერთი მხრივ, მოსარჩელემ (გამყიდველი) და, მეორე მხრივ, მოპასუხე საზოგადოებამ (მყიდველი) დაადასტურეს, რომ აქტის შედგენის თარიღისათვის, მყიდველის დავალიანება გამყიდველის მიმართ შეადგენდა 5 244,40 ლარს.

16. სააპელაცო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხე საზოგადოებამ 2013 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც, მოსარჩელემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე და მოითხოვა 2014 წლის 27 მარტის შედარების აქტით განსაზღვრული თანხის გადახდა 5244,4 ლარის ოდენობით, ასევე, მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 7000 ლარის დაბრუნება.

17. მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხე საზოგადოების მიერ 2013 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე საზოგადოების პარტნიორებსა და მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში სოლიდარულად თავდებ პირებს შეტყობინება პირადად არ მიუღიათ.

18. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სადავოდ გახადა მოსარჩელის მოთხოვნა 7000 ლარის დაკისრების ნაწილში იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ მოპასუხე საზოგადოებისათვის გადახდილი 7000 ლარი წარმოადგენს ამ უკანასკნელის მხრიდან მოსარჩელის მიერ მოწოდებული პროდუქციის ექსკლუზიურად გაყიდვისათვის მიღებულ „გასამრჯელოს“. ამდენად, ეს თანხა არ წარმოადგენს ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრულ მატერიალურ სიკეთეს, ის მხოლოდ მიმღების მიერ სხვა კონკურენტი მომწოდებლების მხრიდან მოწოდებულ პროდუქციაზე უარი თქმის ეკვივალენტური გასამრჯელოა, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებებში სავსებით მისაღები ურთიერთობაა. აპელანტის განმარტებით, არსებობს ნეგატიური პირობით დადებული გარიგება მოსარჩელესა და მოვალეს შორის, რა დროსაც დადგენილია, რომ 7000 ლარის გადახდა მოხდა მხოლოდ იმ პირობით, რომ პროდუქციის მიმღები არ დაუშვებდა თავის ქსელში სხვა კომპანიის – მომწოდებლის შესვლას და მისი პროდუქციის რეალიზაციას, რაც მოპასუხე საზოგადოებას არ განუხორციელებია, შესაბამისად, აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება და არ არსებობს ამ თანხის მოპასუხეებისათვის, მით უმეტეს, თავდები პირისათვის დაკისრების საფუძველი.

19. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მსვლელობისას აპელანტი თავის შესაგებელს ამყარებდა მხოლოდ ორ გარემოებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ მას მიღებული აქვს რუსული განათლება, შესაბამისად, კარგად არ ფლობს ქართულ ენას და მოპასუხე საზოგადოების დირექტორმა, ხელშეკრულების დადების მიზნით, მას მიაწოდა მცდარი ინფორმაცია – განუმარტა რომ ფორმდებოდა კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება.

20. ამდენად, აპელანტმა მიუთითა ახალ გარემოებაზე, რის გამოც სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 380-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ადგენს ახალი ფაქტობრივი გარემოებების მიღებისა და მიღებაზე უარის სტანდარტს, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულზე და გამოიტანოს გადაწყვეტილება მითითებული გარემოების საფუძველზე.

21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები სადავო ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით, კერძოდ, კასატორმა მოპასუხემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას მას არ გააჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელს აწერდა ხელშეკრულებას თავდების სახით, ვინაიდან, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მასა და ხელშეკრულების ძირითად მხარეებს შორის საუბარი მიდიოდა სხვა ტიპის ურთიერთობაზე.

22. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

24. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 23 დეკემბერის ხელშეკრულების ხელმოწერისას კასატორი მოპასუხისათვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი და მისი ხელმოწერა გათვლილი იყო არა თავდებობის ხელშეკრულებაზე თანხმობისათვის, არამედ იჯარის ხელშეკრულებისათვის, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მხარის მხოლოდ ზეპირი მითითება სააპელაციო პალატამ სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარისად არ ჩათვალა.

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 50-ე და 327-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამასთან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა, რომ ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარისთვის ცნობილია ხელშეკრულების პირობები, იგი დაეთანხმა მათ და გამოავლინა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ნება. ამდენად, გარიგებაზე ხელმოწერა გულისხმობს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა ხელშეკრულების პირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში ხაზგასასმელია, რომ ხელშეკრულების ტექსტის გაცნობის შემთხვევაში ნებისმიერი პირისთვის, ვინც საშუალოდ მაინც ფლობს ქართულ ენასა და დამწერლობას, მისი შინაარსი უნდა იყოს გასაგები.

26. ამდენად, 2013 წლის 23 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ტექსტის გაცნობის შემთხვევაში აპელანტისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ იჯარის ხელშეკრულებას არ დებდა. ამასთან, ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, რომელზეც აპელანტმა მოაწერა ხელი, მოსარჩელე მითითებულია როგორც გამყიდველი, მოპასუხე საზოგადოება კი, როგორც მყიდველი, ხოლო თავად აპელანტი, როგორც თავდები ე.ი. მხოლოდ ამ გვერდზე განხორციელებული ჩანაწერის შესწავლის შემთხვევაშიც კი, ნებისმიერი გონიერი ადამიანისათვის ცნობილი იქნებოდა, თუ რა სახის ურთიერთობა დამყარდა.

27. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახად, აპელანტმა პირადად შეადგინა შესაგებელი და სააპელაციო საჩივარი, ასევე, თავის წარმომადგენლებზე გასცა ქართულ ენაზე შედგენილი მინდობილობები. აქედან გამომდინარე, მისი პრეტენზია ქართული ენის არცოდნის თაობაზე დაუსაბუთებელია.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი აპელანტის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და საპირისპირო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ი. შ.-ამ იკისრა სოლიდარული თავდებობა 2013 წლის 23 დეკემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე.

29. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე მუხლით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 477-ე მუხლით, 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, 354-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2014 წლის 27 მარტის შედარების აქტით დგინდება აქტის შედგენის დროისათვის მყიდველის დავალიანების ოდენობა გამყიდველის მიმართ – 5244,40 ლარი. 2013 წლის 31 დეკემბრის საგადახდო დავალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 7 000 ლარის გადახდის ფაქტი.

30. სსკ-ის 895-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერის ხელშეკრულების 7.13. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპანიის მიმართ არსებული მყიდველის ფულადი ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულებაზე, კომპანიის წინაშე პირადი (სოლიდარული) პასუხისმგებლობა (თავდებობა) იკისრეს თავდებებმა – მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა შეადგენდა 15 000 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე საზოგადოების, როგორც ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით მოსარჩელეს, როგორც კრედიტორს თავდების – კასატორი მოპასუხის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება.

31. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, სსკ-ის 902-ე მუხლიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობისაგან გათავისულების თაობაზე. ამ მუხლის პირველი ნაწილით, მართალია, დადგენილია კრედიტორის ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილებისას თავდების ინფორმირების თაობაზე, თუმცა ამავე ნორმის მეორე ნაწილით განსაზღვრულია ის სამართლებრივი შედეგი, რაც დადგება აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, კრედიტორი კარგავს თავისი მოთხოვნის უფლებას თავდების წინააღმდეგ არა მთლიანად შესასრულებელი ვალდებულების ოდენობით, არამედ იმ ოდენობით, რა ზიანიც გამოიწვია შეუსრულებლობამ.

32. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოეშვა არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების, არამედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება (სსკ-ის 417-ე მუხლი).

33. ამასთან, ვინაიდან კრედიტორმა სათანადო წესით არ აცნობა თავდებს მითითებული გარემოების დადგომის შესახებ, მან, ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თავდების მიმართ დაკარგა მხოლოდ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

34. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი ვალდებულებისათვის. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე დასაბუთებული პრეტენზია აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა თავდები პირებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

35. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული, დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

36. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კასატორმა მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

37. კასატორმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს სსკ-ის 902 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან თავდებებისათვის არ იყო ცნობილი, მხარის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, დავალიანების თაობაზე, ხოლო პროდუქციის მიწოდებაზე აღნიშნული მოსარჩელის მხრიდან არანაირად არ ასახულა.

38. მხარის მოსაზრებით, საქმეში არსებული წერილი მიუთითებს იმ საკითხზე, რომ მოსარჩელე ვალდებულად თვლიდა, შეედგინა ასეთი შინაარსის წერილი თავდებების სახელზე, თუმცა არ გაუგზავნია ის. სწორედ ამგვარმა შეფასებამ გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

41. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს მოპასუხე შპს-სა და მოსარჩელე საზოგადოების დირექტორებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია აწვდიდა მყიდველს პროდუქციას და მასთან დაკავშირებულ საბუთებს, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო, მიეღო საქონელი და გადაეხადა შეთანხმებული ფასი (1.1. პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პროდუქციის ექსკლუზიური პირობით, რეალიზაციის სანაცვლოდ, კომპანიას მყიდველისათვის უნდა გადაეხადა 12 000 ლარი ეტაპობრივად, კერძოდ, ხელშეკრულების ორივე მხარის ხელმოწერიდან 7 კალენდარული დღის ვადაში კომპანიას მყიდველისათვის უნდა გადაეხადა 7000 ლარი, ხოლო დარჩენილი 5000 ლარი – ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ეტაპობრივად, სანაცვლოდ მყიდველს კომპანიისაგან უნდა შეეძინა 100 000 ლარის ღირებულების პროდუქცია და უზრუნველეყო ამ ხელშეკრულების №2 დანართში აღნიშნული პროდუქციის სტატუსი (1.5. პუნქტი).

42. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევის/არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მას ეკისრებოდა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს – 13 000 ლარის გადახდა.

43. ხელშეკრულების №1 დანართის მე-4 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში მყიდველი ვალდებული იყო, კომპანიისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს ოდენობა საბოლოო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელი თანხის ორმაგ ოდენობას.

44. 2013 წლის 23 დეკემბერის ხელშეკრულების 7.13. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კომპანიის მიმართ არსებული მყიდველის ფულადი ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულებაზე, კომპანიის წინაშე პირადი (სოლიდარული) პასუხისმგებლობა (თავდებობა) იკისრეს თავდებებმა – დანარჩენმა მოპასუხეებმა. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა შეადგენდა – 15 000 ლარს.

45. საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 31 დეკემბრის საგადახდო დავალებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ მოპასუხე საზოგადოებისათვის 7 000 ლარის გადახდის ფაქტი.

46. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2013 წლის 11 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხე ფიზიკური პირები წარმოადგენენ მოპასუხე საზოგადოების პარტნიორებს.

47. 2014 წლის 27 მარტის შედარების აქტის მიხედვით, ერთი მხრივ, მოსარჩელემ (გამყიდველი) და, მეორე მხრივ, მოპასუხე საზოგადოებამ (მყიდველი) დაადასტურეს, რომ აქტის შედგენის თარიღისათვის, მყიდველის დავალიანება გამყიდველის მიმართ შეადგენდა 5 244,40 ლარს.

48. სააპელაცო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხე საზოგადოებამ 2013 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც, მოსარჩელემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე და მოითხოვა 2014 წლის 27 მარტის შედარების აქტით განსაზღვრული თანხის გადახდა 5244,4 ლარის ოდენობით, ასევე, მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 7000 ლარის დაბრუნება.

49. მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხე საზოგადოების მიერ 2013 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე საზოგადოების პარტნიორებსა და მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში სოლიდარულად თავდებ პირებს შეტყობინება პირადად არ მიუღიათ.

50. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 902-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულების შესახებ თავდებისათვის არ უცნობებია. აღნიშნული კი, თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

54. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგან სსკ-ის 902-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 4.03.2015წ. საქმე №ას-910-972-2014, 28.12.2001წ. საქმე №3კ/815-01). სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება მითითებულ სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება.

55. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორის მხრიდან მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ჯეროვნად რომ შეესრულებინა.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს №6 საგადახდო დავალებით გადახდილი 620 ლარის 70% – 434 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. შ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი. შ.-ას (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს №6 საგადახდო დავალებით გადახდილი 620 ლარის 70% – 434 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური