Facebook Twitter

საქმე № 340210016001364470

საქმე №ას-1164-1119-2016 1 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ქ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ--–--- ქ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მიაწოდა 33 495 ლარის ღირებულების პროდუქცია, თუმცა მოპასუხემ მას აუნაზღაურა მხოლოდ 2920 ლარი. მყიდველისათვის პროდუქციის გადაცემის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა საკმარისად დასაბუთებული არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ სააპელაციო პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 223 ლარის გადახდა, ასევე, გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინების ასლი აპელანტის ძმას ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, აპელანტისთვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ასლის ადრესატისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2016 წლის 18 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 27 ოქტომბერს, რომელიც არ ყოფილა უქმე და ან დასვენების დღე.

9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ განუმარტავს მისთვის იმის შესახებ, რომ მხარეს შეეძლო რაიმე შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე ისარგებლებდა ასეთი შესაძლებლობით და წარმოადგენდა კიდეც მტკიცებულებას – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ ცნობას, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სესხის აღების ფაქტს. მოპასუხე შესაგებელშიც უთითებდა, რომ მოსარჩელის ქმედების გამო, დასჭირდა ბანკიდან სესხის აღება და დასაფარი აქვს იგი ერთი თვის ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.

15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და 10 დღის ვადაში დაავალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1223 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

18. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

19. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, მხარეს სადავოდ არ გაუხდია და საქმის მასალებში წარმოდგენილი უკუგზავნილით (ს.ფ. 100) დასტურდება, რომ 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მისამართზე და 2016 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ძმას, რის დასტურად ხელმოწერასთან ერთად მითითებულია პირადობის მოწმობის ნომერი.

20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

21. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2016 წლის 17 ოქტომბრის მომდევნო დღიდან – 2016 წლის 18 ოქტომბრიდან და ამოიწურა 27 ოქტომბერს.

23. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

25. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა განემარტა მისთვის საპროცესო ვადის გაგრძელების ან სხვაგვარი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შესახებ.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს არც შესაძლებლობა და არც კანონით დადგენილი არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, მხარეს განუმარტოს ყოველი საპროცესო უფლების შესახებ, რომელიც მხარეს საქმის სასამართლოში წარმოებისას ამა თუ იმ ეტაპზე გააჩნია. მხარე თავადაა ვალდებული, იცოდეს საკუთარი საპროცესო უფლებები ან საჭიროების შემთხვევაში მიმართოს კვალიფიციურ დახმარებას.

27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ქ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე