Facebook Twitter

საქმე №330210015001002567

საქმე №ას-1222-1181-2016 3 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბ.–ი, ვ. დ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქ. ბ.–მა და ვ. დ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ს.-ის“ (შემდგომში –მოპასუხეები) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხის, შეგებებული სარჩელის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა.

კასატორების მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2475 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2475 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

9. საქმის მასალებში წარმოდგენილი ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით დგინდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განჩინების შესახებ სატელეფონო შეტყობინება ამავე წლის 12 იანვარს ჩაბარდა კასატორი ორგანიზაციის თანამშრომელსა და წარმომადგენელს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია წერილობითი რწმუნებულებით (ს.ფ. 432).

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინებას კასატორისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს, რადგან იგი ეცნობა მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

13. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

14. განსახილველ შემთხვევაში მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2017 წლის 13 იანვარიდან და ამოიწურა 2017 წლის 17 იანვარს.

15. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

17. მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, საკასაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი