Facebook Twitter

საქმე №ა-4418-შ-122-2016 24 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ. ნ.-უ

წარმომადგენელი – ი. ნ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ფ.-ა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ფ.-ას“ შ. ნ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 24091,81 ევროს გადახდა.

შ. ნ.-ს წარმომადგენელმა ი. ნ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და გერმანიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შ. ნ.-ს წარმომადგენელ ი. ნ.-ას შუამდგომლობა დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას წარმოებაში და მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები შპს ფ.-ას“ სამჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, მაგრამ სასამართლო მოხელის მიერ შედგენეილი აქტებიდან ირკვევა, რომ არცერთ მისამართზე შპს ფ.-ა“ არ მდებარეობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით დადგინდა უწყები ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს ფ.-ას“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შ. ნ.-ს წარმომადგენელ ი. ნ.-ას შუამდგომლობა დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ფ.-ას“ შ. ნ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 24091,81 ევროს გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და გერმანიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს ფ.-ას“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ნ.-ს წარმომადგენელ ი. ნ.-ას შუამდგომლობა დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ფ.-ას“ (ს/კ ...) შ. ნ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 24091,81 ევროს გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური

-