საქმე №ას-863-830-2016 5 იანვარი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-ა, გ. ჩ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. ჩ-ამ და რ. ჭ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები, მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვეს დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის #... ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 2012 წლის 27 ნოემბრისა და 2013 წლის 1 თებერვლის შრომითი კონტრაქტის 5.1 და 5.2. მუხლების, 2013 წლის 1 ივლისის #... და 2013 წლის 1 მარტის #... ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხის დავალდებულება, გ. ჩ-ას შპს „ს-ის“ ს-ო დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ხობის ს-ო სერვისცენტრის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო, რ. ჭ-ას _ შპს „ს-ის“ ს-ო დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ხობის ს-ო სერვისცენტრის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, იძულებითი განაცდურის _ თითოეულისთვის 750 ლარის ანაზღაურება, განთავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: რ. ჭ-ა მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა 2007, ხოლო გ. ჩ-ა _ 2004 წლიდან. ორივე მოსარჩელეს, შპს „ს-ის“ ადმინისტრაციას, საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და შპს „ს-ის“ გაერთიანებულ პროფკომიტეტს შორის 2010 წლის 24 მარტს გაფორმებული კოლექტიური შეთანხმების 4.3 და 4.4 მუხლების თანახმად, შპს „ს-ის“ ადმინისტრაციასთან გაფორმებული ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულებები განუსაზღვრელი ვადით. 2012 წლის 27 ნოემბერს გამოცემული #... ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად, ყველა მუშაკს შეუწყდა გრძელვადიანი შრომითი კონტრაქტი და იმავე დღეს, 2012 წლის 27 ნოემბერს მათთან გაფორმდა ერთთვიანი შრომითი კონტრაქტები. დამსაქმებლის დირექტორის 2013 წლის 1 მარტისა და 2013 წლის 1 ივლისის ბრძანებებით, ერთთვიანი შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლის მოტივით მოსარჩელეები უკანონოდ გათავისუფლდნენ სამსახურიდან, კერძოდ დაირღვა, იმ დროისთვის მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მოსარჩელეებთან 2012 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 5.2 და 5.3 მუხლების მოთხოვნები.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები მიღებული იყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, საერთაშორისო აქტების მოთხოვნათა დაცვით. სადავო ბრძანებები არც კოლექტიურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის #... ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 2012 წლის 27 ნოემბერსა და 2013 წლის 1 თებერვალს გ. ჩ-ასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტების 5.1. და 5.2. მუხლები და სამუშაოდან გ. ჩ-ას გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მარტის #... ბრძანება, გ. ჩ-ა აღდგენილ იქნა შპს „ს-ის“ ხობის ს-ო სერვისცენტრის (ს-ო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) თანამდებობაზე, 2013 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 750 ლარის ანაზღაურება (საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით), ასევე, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 27 ნოემბერსა და 2013 წლის 1 თებერვალს რ. ჭ-ასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის 5.1. და 5.2. მუხლები, რ. ჭ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 ივლისის #... ბრძანება და რ. ჭ-ა აღდგენილ იქნა შპს „ს-ის“ ხობის ს-ო სერვისცენტრის (ს-ო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე, დამსაქმებელს რ. ჭ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2013 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით (საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით).
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. გ. ჩ-ა 2004 წლიდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე მოკლევადიანი მიმდევრობითი ხელშეკრულებებით დასაქმებული იყო სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ფოსტის რაიონული სამმართველოს ხობის ს-ო განყოფილების (ამჟამად იწოდება სერვის-ცენტრად) უფროსის (ამჟამად _ მენეჯერი) თანამდებობაზე, ხოლო რ. ჭ-ა _ 2007 წლიდან 2011 წლის 18 ივლისამდე დამსაქმებელი ორგანიზაციის რეგიონალური ფილიალის ზუგდიდის ს-ო განყოფილების (ამჟამად სერვის-ცენტრი) უფროსის (ამჟამად მენეჯერი) თანამდებობაზე;
1.2.2. 2010 წლის 24 მარტს მოპასუხის ადმინისტრაციასა და საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა გაერთიანებულ პროფკომიტეტს შორის გაფორმდა კოლექტიური შეთანხმება, რომლის 4.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაკებს, რომლებიც მუშაობდნენ შპს „ს-აში“ სამ წელზე ხანგრძლივად, ადმინისტრაცია გაუფორმებდა შრომით კონტრაქტებს განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოლექტიური შეთანხმების მიხედვით, მხარეებს შეთანხმების ვადის გასვლამდე უფლება არ ჰქონდათ, ცალმხრივად შეეცვალათ ან შეეწყვიტათ მასში შეტანილი ვალდებულებები. შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის შეცვლა ან გაუქმება შეიძლებოდა მხოლოდ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ამასთან, შეტანილი ცვლილებებით არ უნდა მომხდარიყო მუშაკთა შრომითი პირობების გაუარესება და არ უნდა დარღვეულიყო მოქმედი კანონმდებლობითა და ამ შეთანხმებით დადგენილი სოციალური გარანტიები;
1.2.3. მოპასუხესა და რ. ჭ-ას შორის 2011 წლის 18 ივლისს, ამ დრომდე არსებული მოკლევადიანი ხელშეკრულების ნაცვლად, დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა რეგიონალური ფილიალის ზუგდიდის ს-ო განყოფილების (სერვის-ცენტრი) უფროსის (მენეჯერის) თანამდებობაზე. 2011 წლის 1 სექტემბრიდან მითითებულ თანამდებობას ეწოდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ფოსტის რაიონული სამმართველოს ზუგდიდის ს-ო განყოფილების უფროსი;
1.2.4. მოპასუხესა და გ. ჩ-ას შორის 2011 წლის 1 სექტემბერს, ამ დრომდე არსებული მოკლევადიანი ხელშეკრულების ნაცვლად, დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ფოსტის რაიონული სამმართველოს ხობის ს-ო განყოფილების (სერვის-ცენტრი) უფროსის (მენეჯერი) თანამდებობაზე;
1.2.5. დამსაქმებლის გენერალურმა დირექტორმა 2012 წლის 27 ნოემბერს გამოსცა #... ბრძანება, რომლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დამტკიცდა დასაქმებულებთან ხელშეკრულებების ახალი ფორმა, დადგენილ იქნა ყველა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ახალი ფორმის შესაბამისად, ყველა დასაქმებულთან ხელახალი ხელშეკრულებების გაფორმება;
1.2.6. 2012 წლის 27 ნოემბრის #... ბრძანებით დამტკიცებული ახალი ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით, 5.2 პუნქტით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პრეტენზიების არარსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადის გასვლისას, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა ავტომატურად, ერთი თვით ყოველ ჯერზე, ხოლო, 5.3. პუნქტის შესაბამისად, პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებული იყო, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე, წერილობით ეცნობებინა მეორე მხარისათვის. 2012 წლის 27 ნოემბრის #... ბრძანების საფუძველზე, იმავე დღეს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები საწარმოს თანამშრომლებთან, მათ შორის, მოსარჩელეებთანაც;
1.2.7. 2013 წლის 1 მარტს დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა გ. ჩ-ასთან, კერძოდ, გამოსცა ბრძანება #... შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ, რომლითაც შპს „ს-ას“ ს-ო დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ხობის ს-ო სერვისცენტრის უფროს გ. ჩ-ას (მოსარჩელე) არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა 2013 წლის 1 მარტიდან;
1.2.8. დამსაქმებელსა და რ. ჭ-ას შორის 2013 წლის 1 მარტს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ცვლილება შევიდა შრომითი ხელშეკრულებაში და რ. ჭ-ა (გ. ჩ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ) დასაქმდა შპს „ს-ის“ ს-ო დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ხობის ს-ო სერვის-ცენტრის უფროსად (მენეჯერად);
1.2.9. 2013 წლის 1 ივლისს დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა რ. ჭ-ასთან, კერძოდ, გამოსცა #... ბრძანება „შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ“, რომლითაც შპს „ს-ის“ ს-ო დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ხობის ს-ო სერვისცენტრის უფროს რ. ჭ-ას (მოსარჩელე) არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა 2013 წლის 1 ივლისიდან;
1.2.10. დასაქმებულების წინააღმდეგ მოპასუხეს, რაიმე დისციპლინური ღონისძიება, მათ შორის, ზეპირი ან წერილობითი გაფრთხილება, არ გამოუყენებია, რაც დასტურია იმისა, რომ ისინი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურერივ მოვალეობებს;
1.2.11. მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და საწარმოს გენერალური დირექტორის 2011 წლის 6 ივლისის #15-01/138 ბრძანებით დამტკიცებული „შრომის შინაგანაწესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) საფუძველზე. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 18 ნოემბერს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მითითება ხანდაზმულობაზე, კერძოდ, გ. ჩ-ა თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1 მარტს, რ. ჭ-ა _ 2013 წლის 1 ივლისს, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 11 ნოემბერს, ერთ შემთხვევაში, გათავისუფლებიდან 2 წლისა და 7 თვის, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ 2 წლისა და 4 თვის გასვლის შემდგომ. შრომით დავაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, არამედ, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რადგან ამით ირღვევა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის შედეგები, რაც მოჰყვა მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენას: ამდენი ხნის განმავლობაში მათ არ უმუშავიათ და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რამდენად ეფექტურად განახორციელებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობებს. ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ არასწორად უარყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #158 კონვენცია მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს მიერ არ არის რატიფიცირებული, რადგანაც ამ კონვენციით დანერგილი პრინციპების გამოყენების შესაძლებლობა დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (სუსგ №ას-106-101-2014, 02.10.2014წ.). განსახილველ შემთხვევაში, გათავისუფლებიდან განვლილი დროის გათვალისწინებით სარჩელის აღძვრით, სახეზეა მოსარჩელეთა მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დარღვევა, შესაბამისად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად სამართლიანი იქნება სრულად განაცდურის ანაზღაურება, რადგან ეს აშკარად დააზიანებს დამსაქმებლის ეკონომიკურ ინტერესებს და საფრთხეს შეუქმნის მის ეფექტურ ფუნქციონირებას.
1.4.2. მოსარჩელეებს გაფორმებული ჰქონდათ ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა 5.2. მუხლის თანახმად, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პრეტენზიის არარსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადის გასვლისას ხელშეკრულების ვადა გაგრძელდებოდა ავტომატურად ერთი თვით ყოველ ჯერზე. დასაქმებულებს კასატორის მიერ ხელშეკრულებები არ გაუგრძელდათ იმიტომ, რომ ისინი არაჯეროვნად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. 2012 წელს კომპანიაში განხორციელდა არა ერთი სტრუქტურული ცვლილება, კომპანია გადავიდა თანამედროვე კომპიუტერულ საქმის წარმოებაზე, შესაბამისად, გარკვეულმა თანამშრომლებმა სათანადოდ ვერ აითვისეს დაკისრებული მოვალეობები. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით დამკვიდრებული ნების ავტონომიის პრინციპი სავალდებულო წესით კანდიდატის დაქირავების შემაკავებელი ფაქტორია (სუსგ-ებები: №ას-695-1025-07; №ას-680-10101-07; №ას-697-917-08; №ას-343-327-2011). შრომის კოდექსის (ძველი რედაქციის) 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულებები ისე იყო ფორმულირებული, რომ მხარეთა მიერ პრეტენზიების არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღარ გაგრძელდებოდა და ამასთანავე, ვინაიდან, კომპანიას ჰქონდა პატივსადები მიზეზი, მოსარჩელეებს აღარ გაუგრძელდათ ხელშეკრულებები. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეები არაერთხელ იქნენ სიტყვიერად გაფრთხილებული, გარდა ამისა, კომპანია არ იყო ვალდებული, იმ დროს მოქმედი შრომის კანონმდებლობის გათვალისწინებით, წერილობით დაესაბუთებინა დასაქმებულთა გათავისუფლების შესახებ პრეტენზიების არსებობა;
1.4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა კანონით შემოთავაზებული ალტერნატივები გადაწყვეტილებით არ არის გათვალისწინებული, ამასთანავე, ბრძანების ბათილად ცნობისას სასამართლოს არ უმსჯელია დაკისრებული განაცდურის სამართლიან ოდენობაზე, ასევე ის, რომ მართლსაწინააღმდეგოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა იძულებითი მოცდენისთვის შრომის ანაზღაურების შესახებ ვრცელდება მაქსიმუმ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღამდე (სუსგ №ას-549-517-2012, 19 ოქტომბერი, 2010 წელი), მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი დავის განხილვის ვადა. ამ ვადისა და იძულებითი განაცდურის არსის გაანალიზების საფუძველზე ცხადია, რომ როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვისაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობისთვის აუცილებელია მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვეტა.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ მართებულად არ იხელმძღვანელა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #158 კონვენციით ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას, ვინაიდან ხანდაზმულობა კანონით გათვალისწინებული უფლების იძულებითი დაცვის ვადაა. მართალია, 2014 წლის 2 ოქტომბრის №ას-106-101-2014 განჩინებით საკასაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია არაა რატიფიცირებული საქართველოს მიერ, დასაშვებად მიიჩნია ამ კონვენციით დადგენილი პრინციპების საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა საკასაციო სასამართლოს მსჯელობიდან ირკვევა შრომითი ურთიერთობის დამყარების წინაპირობა იმ ფუნდამენტურ დებულებებზე, რომლებიც წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან, რაც არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარი სპეციალური დანაწესებისათვის სავალდებულო ძალის მინიჭებად, როგორიცაა, მაგალითად, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი, აქვე უდავოდაა გასათვალისწინებელი სააპელაციო პალატის შეფასება, რომელიც სადავო არ გაუხდია კასატორს, რომ უვადო შრომითი პირობები დამსაქმებელმა ცალმხრივი ნების საფუძველზე შეცვალა ვადიან შრომით ხელშეკრულებად, რაც არღვევს შრომის კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებულ მხარეთა თანასწორობის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, შესაბამისად, დამსაქმებლის ნებას სამართლებრივი შედეგი არ წარმოუშვია (სკ-ის 54-ე მუხლი), თუნდაც ამ საფუძვლიდან გამომდინარე იქნებოდა გაუმართლებელი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის სარჩელის 1-თვიანი ვადით შეზღუდვა. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის არგუმენტს მეწარმე სუბიექტის მიმართ დაკისრებული განაცდურის გონივრული ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ პირის არაკეთილსინდისიერად მიჩნევა (სკ-ის 115-ე მუხლი) არ შეიძლება დაეფუძნოს ამ პირის მიერ უფლების იძულებით განხორციელების ვადაში დაცვის ფაქტს, მით უფრო, რომ მოთხოვნილი კომპენსაცია, შრომის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სპეციალური შემთხვევაა და გარანტირებულს ხდის დასაქმებულის უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას, მიიღოს შრომის ანაზღაურება, რაც დამსაქმებლის ბრალითაა გამოწვეული. საკასაციო სასამართლო აქვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ემყარება შრომითი ურთიერთობის ვადის ამოწურვას (რაც თავისთავად არარა ნების საფუძველზეა მიღებული), ხოლო დამსაქმებელი ბრძანების კანონიერებას ასაბუთებს დასაქმებულთა არასაკმარისი კვალიფიკაციითა და მათი მხრიდან დისციპლინური გადაცდომით. ამ საკითხს არც გამოიკვლევს საკასაციო სასამართლო, ვინაიდან იგი სადავო ბრძანებაში არაა მითითებული (თავად ბრძანება კი, სკ-ის 54-ე მუხლით ბათილია). ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, პირის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება მოწმდება გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში (ნება) გამოვლენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლით და არა დამსაქმებლის მიერ დავის განხილვისას ,გაჟღერებული ახალი საფუძვლით (იხ. სუსგ-ებები: №ას-1261-1520-09, 23 მარტი, 2010 წელი; №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; №ას-239-226-2015, 19 ივნისი, 2015 წელი).
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 22.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 700 ლარის 70% _ 1 890 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 22.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 700 ლარის 70% _ 1 890 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური