Facebook Twitter

საქმე №ას-1061-1021-2016 20 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ვალდებულების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. ს-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ 2014 წლის 15 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ვალდებულების 1 130 დოლარის ოდენობით არსებობის აღიარების მოთხოვნით (საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენდა 255 აშშ დოლარი, ხოლო ხუთი თვის სარგებელს _ 875 აშშ დოლარი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოვალეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეუსრულებია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი, უნდა გაუქმდეს, რადგანაც ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის 13 სექტემბერს გამოიტანა, თუმცა იგი მხარეს არა 21-ე დღეს, 30-დღიან ვადაშიც ვერ ჩაბარდა არაერთი თხოვნის მიუხედავად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მხარეს 2016 წლის 25 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადაც 26 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს, რომელიც სასამართლოში 28 ოქტომბერსაა ჩაბარებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, პირადად ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი;

1.2.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დასტურდება, რომ მხარეებს ამომწურავად განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა და მისი გასაჩივრების წესი;

1.2.3. რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მხრიდან მოტივირებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება;

1.2.4. ხელწერილის თანახმად, მოსარჩელემ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 25 ოქტომბერს მიმართა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით და იმავე დღეს ჩაიბარა იგი;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ იგი ფოსტას აპელანტმა 2016 წლის 31 ოქტომბერს ჩააბარა;

1.2.6. უდავოა ის გარემოებაც, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2016 წლის 3 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე _ 2016 წლის 13 ოქტომბერი.

1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

1.5. უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არაა.

1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ საპროცესო ვადის დარღვევა მისი ბრალით არ მომხდარა. როგორც თავად კერძო საჩივარშია განმარტებული, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ შეძლო მიუხედავად არაერთი მცდელობისა, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მხრიდან საპროცესო ვადის დარღვევას დაადასტურებდა, ამასთანავე, საგულისხმოა ისიც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი პირის მიერ საპროცესო წესის დაცვად განიხილება დადგენილ ვადაში მისი უშუალოდ გამოცხადება სასამართლოში (იხ. სუსგ №ას-733-695-2013, 10 დეკემბერი, 2013 წელი). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების დღიდან უნდა დაწყებულიყო, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან.

1.7. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

1.8. ამდენად, უდავოა, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე