Facebook Twitter

საქმე №ას-1090-1047-2016 20 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. ა-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ გ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ც. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. და გია ბ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, მფლობელები, ლ. ბ-ი, ასევე, შემდგომში _აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ამ ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით ლ.ბ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სახლიდან, მიუხედავად საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობისა, მასაც გააჩნია წილი, რამდენადაც ქონება მამის სამკვიდროს წარმოადგენდა, ამასთან, მოპასუხეები ხელს არ უშლიან მოსარჩელეს ქონებით სარგებლობაში. მეორე თანამოპასუხეს სასამართლოსათვის შესაგებლით არ მიუმართავს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები გამოსახლდნენ მოსარჩელის კუთვნილი, ქარელის რაიონის სოფელ ქ-ი მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ #...).

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით აპელანტს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის ან ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, ხარვეზის გამოსწორების მიზნით მფლობელმა სასამართლოს წარუდგინა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობა, რომლითაც ნათლად დასტურდება, რომ აპელანტი უმუშევარი იყო და ჰქონდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საკმარისად არ მიიჩნია სააპელაციო პალატამ და გაუგრძელა მხარეს საპროცესო ვადა. აღნიშნულის პასუხად მხარემ კვლავ წარადგინა მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობა და მეზობლების მიერ შედგენილი აქტი მხარის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე. სასამართლომ ამ შემთხვევაში, იმსჯელა კვლავ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობაზე და მხარეს გაუგრძელა საპროცესო ვადა. ვინაიდან სასამართლოს არ ჰქონდა ნამსჯელი მეორე მტკიცებულებაზე, ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორი სხვა დამატებით მტკიცებულებას ვერ წარადგენდა (რადგანაც მოსარჩელემ ის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამორიცხა), იმედი ჰქონდა, რომ სასამართლო დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას, თუმცა, გასაჩივრებული განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, რაც არასწორია, რადგანაც სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, სააპელაციო საჩივრის თანახმად, მფლობელი არის არას მქონე და არ გააჩნია შესაბამისი სახსრები;

1.2.2. 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად ამსახველი მტკიცებულებების წარდგენა, რაც მისცემდა სასამართლოს შესაძლებლობას, ემსჯელა აპელანტის შუამდგომლობაზე;

1.2.3. ხარვეზის გამოსწორების მიზნით, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობა, რომლის თანახმადაც, აპელანტი ნამდვილად ცხოვრობს სოფელ ქ-ი, არის უმუშევარი და აქვს რთული ეკონომიკური მდგომარეობა;

1.2.4. 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულება არასაკმარისად მიიჩნია და აპელანტს საპროცესო ვადა გაუგრძელა 7 დღით;

1.2.5. ხარვეზის გამოსწორების მიზნით, აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაცემული იმავე შინაარსის ცნობა და მეზობლების მიერ ხელმოწერილი აქტი, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის ავტორს აქვს რთული ეკონომიკური მდგომარეობა, ცხოვრობს დედის ოჯახში (მოსარჩელის) და აქვს დაძაბული ურთიერთობა დედასთან, აპელანტს არ ერიცხება მიწის ნაკვეთი, ხოლო სოციალური დახმარება მოუხსნა დედამ, იგი შვილებს მეზობლების დახმარებით არჩენს;

1.2.6. 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ ცნობებზე დაყრდნობით არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა და კვლავ გაუგრძელა საპროცესო ვადა 5 დღით;

1.2.7. დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულების მიზნით აპელანტმა სასამართლოს კვლავ მეზობლების მიერ შედგენილი აქტის ასლი წარუდგინა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება;

1.2.8. 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს სასამართლოს მიერ ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არასწორად შეფასების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს იკვლევს ინდივიდუალურად და ერთობლიობაში, როგორც ობიექტური, ისე _ სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, ბუნებრივია, კანონი მტკიცებულებათაგან არც ერთს უპირატესობას არ ანიჭებს, თუმცა მათმა შესწავლამ სასამართლო უნდა დაარწმუნოს სადავო ფაქტის ნამდვილობაში. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო საკითხს აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობის სწორად შეფასება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, თუმცა, იგი ასევე არ არის აბსოლუტური. მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ მიხედვით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესებს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ: პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის თანახმადაც სასამართლო უფლებამოსილია, გაათავისუფლოს პირი ბაჟის გადახდისაგან (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. საკასაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკასაც (კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით). პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, #17, 2006, ECHR).

1.4. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ წარადგინა რა მისი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება (რა დროსაც გასათვალისწინებელია მათ შორის საქმის მასალებით დადასტურებული გარემოება იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორს ჰყავს მეუღლე, რომელიც წინამდებარე დავის საუბიექტი, თანამოპასუხეა, ხოლო მისი, როგორც აპელანტთან საერთო მეურნეობის მწარმოებელი პირის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი არავითარი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება), პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რომლის წინააღმდეგაც არ არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების საფუძვლებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე