Facebook Twitter

№ა-4004-შ-111-2016 23 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირის და კანაკერ-ზეიტუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“ (შპს „ს. ს. ს.“)

განხილვის საგანი – სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირის და კანაკერ-ზეიტუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირის და კანაკერ-ზეიტუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინებით გაკოტრებულად მიჩნეული შპს „რ-ის“ მიმართ დაიწყო სალიკვიდაციო წარმოება.

2. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირის და კანაკერ-ზეიტუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირის და კანაკერ-ზეიტუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

4. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემომითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „რ-ს“ (შპს „ს. ს. ს.ს“) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ნ., თ-ის ქ.33. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებებზე, რომ: ადრესატის მოძიება ვერ მოხერხდა; მისამართი არ არის სწორი; ამ მისამართზე ცხოვრობს სხვა პიროვნება.

5. შუამდგომლობაზე თანდართულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის #--- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ს. ს. ს.ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ---) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული არ არის. ამასთან, მითითებულ სააგენტოს სსიპ შემოსავლების სამსახურმა გადაუგზავნა მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების ამსახველი ჩანაწერი, საკანცელარიო წიგნი, რომელშიც მოცემულია მხოლოდ შემდეგი მონაცემი: შპს „რ-ი“; ს/მ ---; ხელმძღვანელი პირი - ა. ე-ი.

6. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოს დაავალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შპს „რ-ისათვის“ (შპს „ს. ს. ს.“) (მისამართი: ნ., თ-ის ქ.33) ჩაებარებინა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირის და კანაკერ-ზეიტუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლები; მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციების ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

7. 2017 წლის 10 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს; აღნიშნული მომართვით ირკვევა, რომ ზემოხსენებულ მისამართზე მოპასუხე იურიდიული პირის მოძიება ვერ მოხერხდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

12. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და აღნიშნული შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „რ-ს“ (შპს „ს. ს. ს.ს“) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ნ., თ-ის ქ.33. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის ზემოხსენებული კორესპონდენციის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებებზე, რომ: ადრესატის მოძიება ვერ მოხერხდა; მისამართი არ არის სწორი; ამ მისამართზე ცხოვრობს სხვა პიროვნება.

13. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოს დაავალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შპს „რ-ისათვის“ (შპს „ს. ს. ს.“) (მისამართი: ნ., თ-ის ქ.33) ჩაებარებინა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირის და კანაკერ-ზეიტუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლები; მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციების ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ. 2017 წლის 10 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს; აღნიშნული მომართვით ირკვევა, რომ ზემოხსენებულ მისამართზე მოპასუხე იურიდიული პირის მოძიება ვერ მოხერხდა.

14. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე მოპასუხეს გზავნილი ვერ ჩაბარდა ზემოხსენებული გარემოებების გამო. ამასთან, საკასაციო სასამართლო შეეცადა მოპასუხის იურიდიული მისამართის მოძიებას იმ მიზნით, რომ მასზე სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარება უზრუნველეყო, თუმცა აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდა, კერძოდ: როგორც საქმის მასალებით დგინდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული არ არის შპს „რ-ის“ (შპს „ს. ს. ს.ს“) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურმა, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა შპს „რ-ის“ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების ამსახველი ჩანაწერი (საკანცელარიო წიგნი), რომელშიც მოცემული მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია: შპს „რ-ი“; ს/ნ - 236683521; ხელმძღვანელი პირი - ა. ე-ი (ს.ფ. 2). მოპასუხის იურიდიული მისამართის დადგენა ასევე შეუძლებელია სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდიდან, ვინაიდან დასახელებული საიდენტიფიკაციო ნომრით იურიდიული პირის მონაცემებში საიტზე ატვირთულია ერთადერთი დოკუმენტი, რომლის გახსნაც ვერ ხერხდება (იხ.: ---). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოსათვის უცნობია მოპასუხე იურიდიული პირის მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება იქნებოდა შესაძლებელი.

15. ზემომითითებული გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, რაც სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია (შედარებისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა - იხ. სუსგ, #ა-3985-შ-104-2013, 12.01.2015წ.), ამდენად, შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირის და კანაკერ-ზეიტუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე