Facebook Twitter

საქმე №ას-981-945-2016 23 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ღია სააქციო საზოგადოება „ს-ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ა. 21“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. 21-ის“ სარჩელი ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „ა-ის“ წარმომადგენლობა საქართველოში „ა-ას“ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ 1 150 433,50 ლარის, ამ ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის _ 542 345,07 ლარის, პირგასამტეხლოს _ 22 879 ლარისა და პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. 21-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „ა-ის“ წარმომადგენლობას (ფილიალს) საქართველოში „ა-ას“ შპს „ა. 21-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 150 433,40 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „ა-ის“ წარმომადგენლობამ (ფილიალმა) საქართველოში „ა-ამ“, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. 21-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „ა-ის“ წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში „ა-ას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „ა-მა“ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოის და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ დასაბუთებით, რომ დავის განხილვაში განმცხადებელი, როგორც მხარე არ ყოფილა მიწვეული.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „ა-ის“ განცხადება ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა განმცხადებელმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „ა-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის გამოყენების კანონიერება, კერძოდ ის, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით კი, კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას გამოთქვამს შემდეგზე:

1.2.1. სააპელაციო სასამართლო არასწორად გადმოსცემს განმცხადებლის წერილობით განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისთვის 2016 წლის 27 აპრილის მდგომარეობით ცნობილი იყო „ა-ის“ წარმომადგენლობას (ფილიალი) „ა-ასა“ და შპს „ა. 21-ს“ შორის მიმდინარე დავის თაობაზე. აღნიშნული მსჯელობის უსწორობას ადასტურებს ის გარემოება, რომ მხარისათვის ამ დროს არაოფიციალურად იყო ცნობილი დავის არსებობის ფაქტი, რომლის გადამოწმების მიზნით იქნა გამოთხოვილი სამოქალაქო საქმის მასალები, აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, მხარეს არ აქვს დარღვეული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა თავდაპირველად, განსჯადობის წესის დარღვევით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რაც ადასტურებს სუბიექტის ნებას, წარადგინოს საჩივარი, შესაბამისად, სადავო დოკუმენტის გასაჩივრების პერიოდში, ვადის დენის შეჩერების გამო, ეს ვადები მხედველობაში არ მიიღება. 2016 წლის 27 აპრილს გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი გახდა შპს „ა. 21-ის“ მიერ სარჩელის წარდგენა „ა-ის“ წარმომადგენლობის (ფილიალის) საქართველოში „ა-ას“ მიმართ, რომლის თაობაზეც 2014 წლის 28 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო და შემდეგ საკასაციო წესით გასაჩივრდა;

1.2.2. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-16 მუხლის მე-3 ნაწილზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე და განმარტავს, რომ მართალია, ფილიალის საქმიანობიდან გამომდინარე დავა დასაშვებია, მაგრამ ფილიალი არ წარმოადგენს იურიდიუოლ პირს და არ გააჩნია საპროცესო უფლებაუნარიანობა. „ა-ა“ ასევე წარმოადგენს უცხოური საწარმოს ფილიალს და იგი იურიდიული პირი არაა, რადგანაც არ გააჩნია განცალკევებული ქონება, რითაც დამოუკიდებლად აგებდა პასუხს. ამ მიზეზის გათვალისწინებით, მხარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდესის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა მიეღო სარჩელი წარმოებაში, რაც მიღებული გადაწყვეტილების ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძველია.

1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და ყურადღებას რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე გაამახვილებს:

1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მოხმობილი ნორმა ადგენს განცხადების განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას, შეამოწმოს საქმის წარმოების განახლების შესახებ წარდგენილი მხარის წერილობითი პრეტენზია, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, შეესაბამება თუ არა კანონის იმპერატიულ წინაპირობებს (სსკ-ის 424-ე-427-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაშვება-განხილვა არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაჩივრების უფლების მინიჭებას იმ მხარისათვის, რომლისთვისაც ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგი მიუღებელი აღმოჩნდება. კანონის ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპს, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საპროცესო კოდექსის LII თავი შეეხება მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებულ, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ხარვეზების გამოსწორების სპეციალურ შემთხვევას და უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობის პრინციპის უტყუარად დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი).

1.3.2. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეს დარღვეული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის 1-თვიანი ვადა, ამასთანავე, არ არსებობდა 422-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით სასამართლოსათვის მიმართვის წინაპირობები.

1.3.3. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ღსს „ა-ს“ დარღვეული აქვს განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა. კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტის გაზიარების შემთხვევაში, რომ მისთვის საქმის განხილვის თაობაზე ოფიციალურად საქმის მასალების გაცნობისთანავე გახდა ცნობილი, პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადის დენა უნდა აითვალოს „ა-ის“ მიერ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების პასუხად წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, რომელთა შორისაა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გზავნილი, რომლითაც ადრესატ „ა-ის“ წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ მოთხოვნილი საქმის მასალები, რომელიც ადრესატს (ორგანიზაციის წარმომადგენელს) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა 2016 წლის 7 მაისს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 8 მაისს და ამოიწურა სამუშაო დღეს, ოთხშაბათს _ 8 ივნისს. საქმეში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ღსს „ა-მა“ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა 2016 წლის 26 ივლისს. ამ ფაქტობრივ ვითარებას ვერ შეცვლის ის, რომ განცხადება თავდაპირველად არაგანსჯად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იქნა წარდგენილი (დათარიღებულია 2016 წლის 11 მაისით, 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით საქალაქო სასამართლომ, განმცხადებლის მიერ საპროცესო კოდექსის 831 მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენების გამო, განუხილველად დატოვა იგი), რადგანაც წარმომადგენლის მიერ არაგანსჯადი სასამართლოსათვის მიმართვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დენას არ აჩერებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი დანაწესი ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ერთადერთი შემთხვევა, რაც საპროცესო ვადის დენაზე ახდენს გავლენას, 62-ე მუხლია, რომლის თანახმადაც, ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება.

1.3.4. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ უცხოურო საწარმოს რეგისტრირებული ფილიალი სამართალსუბიექტი არაა (სსსკ-ის 422-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები), პალატა არ იზიარებს მას და მხარის პრეტენზიების საპირისპიროდ, განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის ცნება, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და ნორმის მე-5 ნაწილით, კანონმდებელი, კომერციული მიზნით შექმნილი იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი მოწესრიგებისათვის სპეციალურ ნორმატიულ აქტზე _ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე მიუთითებს. ამ უკანასკნელი ნორმატიული აქტით იურიდიული პირის ნამდვილობის უმთავრეს კრიტერიუმად მიჩნეულია მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია (იხ. 4.1. მუხლი), ამასთანავე, მართალია, იურიდიული პირის ფილიალი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არ განიხილება და რეგისტრაციასაც არ ექვემდებარება, არამედ, სამართალსუბიექტად მაინც ფილიალის დამაარსებელი ძირითადი საწარმო განიხილება (იხ. 16.1 მუხლი), თუმცა ეს დათქმა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეეხება, ხოლო უცხოური საწარმოს ფილიალის სამართლებრივ სტატუსს ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა წინაპირობა და რა თქმა უნდა მის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წაეყენება (იხ. ამავე კანონის 16.6. მუხლი). ამდენად, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება _ ფილიალი, რეისტრაციაუნარიანი ფილიალია, რომელიც დამოუკიდებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს. ის გარემოება, რომ „ა-ა“, როგორც უცხოური საწარმოს ფილიალი, რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, დადასტურებულია საქმეში არსებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით და ეს საკითხი კერძო საჩივრით შედავებული არაა.

1.3.5. რაც შეეხება საპროცესო უფლებაუნარიანობის საკითხს, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, უცხოური საწარმოს რეგისტრირებული ფილიალი სწორედ მხარის სტატუსს ატარებს სამოქალაქო პროცესის მიზნებისათვის, რომელსაც ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილისა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გააჩნია საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, შესაბამისად, უცხოური საწარმოს რეგისტრირებული წარმომადგენლობის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის განხილვა დასაშვები იყო ამ ფილიალის, როგორც სრულუფლებიანი საპროცესო მხარის მიმართ, ხოლო განმცხადებელს არ მიუთითებია სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობების რეალურად არსებობის ფაქტზე.

1.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

2. სასამართლო ხარჯები:

კერძო საჩივრის ავტორმა საკუთარი ინიციატივით წარმოადგინა სახწელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითრის დედანი სასამართლოში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, პალატა თვლის, რომ ამავე კოდექსის მე-7 და 42-ე მუხლების შესაბამისად, მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღია სააქციო საზოგადოება „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ღია სააქციო საზოგადოება „ს-ს“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირი, პირველი რეგისტრაციის #..., სახელმწიფო რეგისტრაციის #(ტპინ): ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) დაუბრუნდეს ა. ბ-ის მიერ 11.10.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე