Facebook Twitter

საქმე №ას-1013-974-2016 13 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იპოთეკის უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ. შ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან იპოთეკარი) მიმართ მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, ლ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით იპოთეკარის სარჩელი მოსარჩელისა და ც. ქ-ის (შემდგომში _ მოვალე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოვალეს იპოთეკარის სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის _ 30 000 აშშ დოლარის, სარგებლის _ 2 700 და 3 000 აშშ დოლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 2 445 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილებით დადგინდა ვალდებულების შესრულება იპოთეკის საგნის (ზემოხსენებული ქონების) იძულებითი რეალიზაციის გზით. ვინაიდან იპოთეკარი აყოვნებდა შესრულების მიღებას, მესაკუთრემ გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებები სრულად შეასრულა დეპონირებით. მესაკუთრის წერილობით მოთხოვნას, იპოთეკარს გაეუქმებინა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლება, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენდა ვალდებულების შესრულებას, იპოთეკარისათვის ნივთზე რეგისტრირებული უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით მესაკუთრეს არც წერილობით და არც ზეპირად არ მიუმართავს, ხოლო მოპასუხეს, როგორც კრედიტორს, არ დაუყოვნებია ვალდებულების შესრულების მიღება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოპასუხის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ლ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #...).

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა იპოთეკარმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 8 მაისს მოპასუხესა და მოვალეს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოვალეს გაეხსნა 30 000 აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, წლიური სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%-ით, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - გადაუხდელი ძირითადი თანხის 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი ქ.თბილისში, ლ-ის ქ.#...-ში მდებარე უძრავი ქონება;

1.2.2. 2012 წლის 9 მაისს, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართის სახით, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო #3186 ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის თანხა განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით, ვადა – 35 თვით, წლიური სარგებლის ოდენობა – 36%-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ დარჩენილი სესხის თანხის 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2.3. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოვალემ ვერ შეასრულა. გარდა ამისა, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელემ ჩაანაცვლა და დღეის მდგომარეობით ამ ნივთის მესაკუთრე ეს უკანასკნელია;

1.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით იპოთეკარის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოვალეს იპოთეკარის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირი თანხის _ 30 000 აშშ დოლარის, პროცენტის, 2012 წლის 9 აგვისტოდან 2012 წლის 9 ნოემბრამდე 2 700 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე 2012 წლის 9 ნოემბრიდან 2013 წლის 19 თებერვლამდე წლიური 60%-ის ოდენობით და მოვალეს იპოთეკარის სასარგებლოდ 2012 წლის 9 ნოემბრიდან 2013 წლის 19 თებერვლამდე დაეკისრა წლიური 36%-ის, 3 000 აშშ დოლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 2 445 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ნ. შ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ლ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #...), ამასთან, დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარად, მისი დაფარვა განხორციელებულიყო მოვალის საკუთრებაში არსებული ქონებიდან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 540 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 800 ლარის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მესაკუთრემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. იპოთეკარს ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია და ამდენად, ძირითადი თანხის (30 000 აშშ დოლარი) ნაწილში იგი შევიდა კანონიერ ძალაში;

1.2.5. 2014 წლის 17 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით იპოთეკარის სასარგებლოდ დაკისრებული ძირითადი თანხის - 30 000 აშშ დოლარის დეპონირება განახორციელა. ვალდებულების ამ გზით შესრულება მოვალემ იმით დაასაბუთა, რომ კრედიტორმა ძირითადი თანხის ნაწილში დააყოვნა შესრულების მიღება, მისი განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ ამ თანხის მათ ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, პირველ რიგში დაიფარებოდა პირგასამტეხლო და პროცენტი, ანუ ის კომპონენტები, რომელთა ოდენობაც მოვალეს სადავოდ ჰქონდა გამხდარი ზემოთ მითითებული დავის ფარგლებში. ხსენებულ საქმეზე წარდგენილი სარჩელით იპოთეკარი მოითხოვდა 62 150 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხა 30 000 აშშ დოლარს, პროცენტი – 7 700 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო – 24 450 აშშ დოლარს შეადგენდა. 2015 წლის 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების დარჩენილ ნაწილში კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მესაკუთრემ კვლავ მიმართა ნოტარიუსს და იპოთეკარის სასარგებლოდ დარჩენილი თანხის - 8 145 აშშ დოლარისა და 1 340 ლარის დეპონირება განახორციელა. იპოთეკარმა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის მიღებაზე ორივე ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში უარი განაცხადა. პირველ შემთხვევაში უარის თქმის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ განთავსებული თანხა სრულად არ ფარავდა დავალიანებას და 30 000 აშშ დოლარის მიღებით ვალდებულებას სრულყოფილად შესრულებულად ვერ მიიჩნევდა, მოგვიანებით, 2015 წლის 20 იანვარს განთავსებული თანხის - 8 145 აშშ დოლარის და 1 340 ლარის მიღებაზე კი უარი იმაზე მითითებით დაასაბუთა, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის მიღების შემთხვევაში, დეპოზიტზე განთავსებულ თანხას გამოაკლდებოდა მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალის მხრიდან განხორციელებული ღონისძიების ხარჯები, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ამ თანხების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების საჭიროება;

1.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემდეგ, იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა და დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 7 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება;

1.2.7. 2014 წლის 17 თებერვალს განხორციელებული დეპონირების შესახებ, ნოტარიუსმა იპოთეკარს აცნობა 2014 წლის 18 თებერვალს და განუმარტა დეპონირებული თანხის დაგვიანებით გატანის შედეგები. აღნიშნული წერილის პასუხად, გაგზავნილი დოკუმენტით თანხის მიღებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ განთავსებული თანხა სრულად არ ფარავდა დავალიანებას და თანხის მიღებით ვალდებულებას შესრულებულად ვერ მიიჩნევდა, მოგვიანებით კი, როდესაც მოვალემ სადეპოზიტო ანგარიშზე დარჩენილი თანხაც განათავსა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შესრულების მიღებაზე უარი დეპოზიტზე თანხის შენახვისთვის გათვალისწინებული საზღაურის მოსალოდნელი გამოქვითვის მიზეზით განაცხადა;

1.2.8. აპელანტი იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ პირველ შემთხვევაში დეპოზიტზე განთავსებული 30 000 აშშ დოლარის და მეორე შემთხვევაში 8 145 აშშ დოლარისა და 1 340 ლარის მიღების სანაცვლოდ, მოვალე ითხოვდა ვალდებულების სრულყოფილად შესრულებულად მიჩნევას, ამ პირობით თანხის მიღების შემთხვევაში იგი დაკარგავდა მოთხოვნის უფლებას ვალდებულების დანარჩენ ნაწილზე, რაც, ერთ შემთხვევაში, 8 145 აშშ დოლარსა და 1 340 ლარს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, 30 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ნოტარიუსის 2014 წლის 18 თებერვლის წერილით კრედიტორს, მოვალის მიერ ძირი თანხის დეპოზიტზე განთავსებასთან ერთად, ეცნობა, რომ ნოტარიუსი შესრულების საგანს შეინახავდა სამ წლამდე ვადით, შესაბამისად, კრედიტორისთვის ცნობილი იყო, რომ 2015 წლის 20 იანვარს დეპონირებული თანხის მიღებით მას არ ერთმეოდა 2014 წლის 17 თებერვალს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის მოთხოვნის უფლება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილებით მოვალისთვის დაკისრებული თანხის სრულად დეპონირების შესახებ, ნაცვლად შესრულების მიღებისა, მან ნოტარიუსისთვის მიწერილ წერილებში უარი განაცხადა თანხის მიღებაზე და მიმართა იძულებით აღსრულებას. ეს გარემოებები სარწმუნოს ხდიდა მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ დეპონირება იყო კრედიტორის მოქმედებით გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი;

1.2.9. მესაკუთრის მიერ დეპონირების უფლების გამოყენება მიზნად არ ისახავდა იპოთეკარისათვის ზიანის მიყენებას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლი, რამდენადაც, იგი მოვალის უფლებაა და ამ უფლებით სარგებლობა მას მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ კრედიტორი არ იღებს შესრულებას, შესაბამისად, ამ ფაქტის დადასტურება სწორედ მოვალის ტვირთს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს მოვალის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლისა. ამ შემთხვევაში, უფლების ბოროტად გამოყენებით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი უდავოა, რამდენადაც კრედიტორს აკლდება ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებისას გაქვითული საზღაური. იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრეს არასოდეს მიუმართავს იპოთეკარისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს ვალდებულების შესრულების მიღება არ დაუყოვნებია, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დარღვევა;

1.4.2. ნოტარიუსის მიერ თანხის დეპოზიტში მიღებისას არ შემოწმებულა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, კერძოდ, დოკუმენტში მითითებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ნოტარიუსმა მიიღო თანხა, მოგვიანებით მოსარჩელემ განახორციელა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის დეპონირება, რაც არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების წესიდან, შესაბამისად, თუკი დეპონირება ბათილია, ვალდებულება კვლავ არსებობს და არ არსებობს ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამდენად, სასამართლომ არასწორად ცნო კასატორი სამოქალაქო უფლების არაკეთილსინდისიერ შემსრულებლად იმ პირობებში, როდესაც მოვალეობის დამრღვევი მოწინააღმდეგე მხარეა.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტის რამდენიმე საშუალებას, მათ შორისაა 434-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დეპონირების წესი და ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, მოვალე პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება. საკასაციო პალატა ზოგადად იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების წესი სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა განსაზღვრული, თუმცა, მოვალეობათა კეთილსინიდისიერად შესრულების პრინციპი არა მხოლოდ მოვალეს, კრედიტორსაც უდგენს სხვისი ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების სტანდარტს (სკ-ის 316.2 მუხლი). სწორედ იმ პირობებში, როდესაც კრედიტორი თავად არ უწყობს ხელს ვალდებულების შესრულებას (იხ. მაგ: სკ-ის 390-ე მუხლი), კანონი ზემოხსენებული წესით ვალდებულების შესრულების წესის დადგენისას იცავს კეთილსინიდისიერი მოვალის ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა და კასატორს პრეტენზიას არ გამოუთქვამს იმ გარემოებების თაობაზე, რომ ნოტარიუსმა დადგენილი წესით ჯეროვნად აცნობა იპოთეკარს დეპონირების ფაქტის თაობაზე და ამ უკანსკნელმა უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე, რომლის საპირისპიროდაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა და იძულებითი აღსრულების წარმოების დაწყება, რაც სავსებით სწორად შეფასდა კრედიტორის მხრიდან სამოქალაქო უფლების არამართლზომიერ გამოყენებად. სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (იხ. სუსგ №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი) და ამ მხრივ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია. ამდენად, ის ფაქტი, რომ დეპონირებულ თანხას უნდა გამოაკლდეს სანოტარო მომსახურების საზღაური, არ შეიძლება მოვალის ბრალეულ ქმედებად იქნას მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 392-ე მუხლის კონტექსტში. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ დეპონირების გზით შეწყდა რა მხარეთა შორის ვალდებულება, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება _ იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, აღარ არსებობს (სკ-ის 153.1 მუხლი), რაც უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ. ბ-ის მიერ კასატორის სახელით 21.11.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 746,95 ლარის 70% _ 3 322,865 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. ბ-ის მიერ კასატორის სახელით 21.11.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 746,95 ლარის 70% _ 3 322,865 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე