Facebook Twitter

№ას-99-95-2016 21 აპრილი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ზ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ი, თ. ნ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ. ნ-ი (შემდეგში: მამკვიდრებელი) 2012 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა და მის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1320-ე მუხლი).

2. მამკვიდრებელს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: დედა - ნ. ნ-ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე), შვილები - გ. და თ.ი (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და მეუღლე, რომელთანაც რეგისტირირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა (სსკ-ის 1336-ე და 1151-ე მუხლები მუხლები).

3. 2004 წლიდან გარდაცვალებამდე, მამკვიდრებელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. ყ-თან (შემდეგში: მამკვიდრებლის ფაქტიური მეუღლე, მოთხოვნის დამთმობი ან “ვითომ ცედენტი”).

4. 2015 წლის 6 აპრილს, მამკვიდრებლის ფაქტობრივმა მეუღლემ მოპასუხეებისგან ფულადი თანხის არანამდვილობის უფლება დაუთმო მ. ზ-ეს (შემდეგში - „ვითომ ცესიონერი, - მოთხოვნის მიმღები, მოსარჩელე) (სსკ-ის 199-ე მუხლი).

5. 2015 წლის 18 მაისს მოთხოვნის მიმღებმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6680 აშშ დოლარისა და 4000 ლარის გადახდის მოთხოვნით.

6. მოსარჩელე მოთხოვნას ასაბუთებდა შემდეგი ფაქტებით: 2004 -2012 წლებში, მამკვიდრებელი და ცედენტი (მოთხოვნის დამთმობი) ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში ქ. წ-ის ქ. მეორე შესახვევი №....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელსაც 4000 ლარის ღირებულების რემონტი ჩაუტარდა. ვინაიდან საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა პირველ მოსარჩელეს, სსკ-ის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად, გარდაცვლილს მისთვის გაწეული ხარჯების დაბრუნების ვალდებულება ჰქონდა. რაც შეეხება 6680 აშშ დოლარს, მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის ივნისში მამკვიდრებელს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი და სასწრაფო მკურნალობა დასჭირდა. გადაწყდა, რომ გაეყიდათ პირველი მოპასუხის დედისგან მემკვიდრეობით დატოვებული ბინა. ვინაიდან აღნიშნული ბინა კვლავ პირველი მოპასუხის დედის სახელზე ირიცხებოდა და მემკვიდრეობის მიღება დროსთან იყო დაკავშირებული, პირველი მოპასუხე ფაქტობრივ მეუღლეს სიტყვიერად შეუთანხმდაა, რომ გამოეტანა სესხი, მემკვიდრეობის აღდგენის შემდეგ კი პირველი მოპასუხე სამკვიდრო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაუფარავდა ვალს. ამ შეთახმების შემდეგ, 2012 წლის 8 აგვისტოს, „ვითომ ცედენტმა“ სს ”კ. პ. ჯ-სთან” გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, მან მისი კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა. (სსკ-ის 289.1 მუხლი). პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო ქონება მიიღო და უძრავი ნივთი მის სახელზეც აღრიცხა, მაგრამ დაპირებული თანხა არ გადაიხადა - მან მემკვიდრეობით მიღებული ქონება შვილიშვილს - მეორე მოპასუხეს აჩუქა. ამის შემდეგ ეს უკანასკნელი შეეცადა პოლიციისათვის მიმართვის გზით გამოესახლებინა ის |“ვითომ ცედენტი“) ქ. ქუთაისში ქ. წ-ის ქ. მეორე შესახვევი №...-ში მდებარე სახლიდან. გამოსახლების პროცესში პოლიციამ შეადგინა ოქმი, რომელიც თავისი შინაარსით ვალის აღიარებას წარმოადგენს, რადგან მეორე მოპასუხე, რომელიც ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა, სახლის ნებაყოფლობით დატოვებისა და მისი გაყიდვის შემდგომ მოთხოვნის დამთმობს სესხის დაფარვას დაჰპირდა. მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული 3500 აშშ დოლარის გარდა, „ვითომ ცედენტმა“ მამკვიდრებლის მკურნალობისთვის სხვა ხარჯებიც გასწია (სესხის ჩათვლით 6680 აშშ დოლარი), რისი გაწევაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების მოვალეობას წარმოადგენდა.

7. მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში განმარტეს, რომ რემონტი, რომელიც პირველი მოპასუხის ბინაში ჩატარდა, უმნიშვნელო იყო და იგი მამკვიდრებლის ძმამ გასწია. რაც შეეხება მამკვიდრებლის ფაქტობრივი მეუღლის მიერ აღებული სესხის სამკვიდრო ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით დაფარვის ვალდებულებას, ასეთ შეთანხებას ადგილი არ ჰქონია.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 317-ე, 615-ე, 619-ე, 972-ე, 972, 973-ე, 976-ე, 1421-ე და 1484-ე მუხლები და დაასკვნა, რომ:

8.1. განსახილველ შემთხვევაში, ქონებაზე ჩატარებული სამუშაოები ემსახურებოდა იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც აღნიშნული ქონებით სარგებლოდნენ, როგორც ნივთის თანამფლობელები. საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გაწეული ხარჯები ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის დაცვას არ ემსახურებოდა და არც მასთან ყოფილა შეთანხმებული, შესაბამისად, არ შეიძლება ანაზღაურდეს მეპატრონის მიერ. გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხარჯი მთლიანად „ვითომ ცედენტის“ მიერ იქნა გაწეული და მასში მონაწილეობას მამკვიდრებელი არ იღებდა. რაც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძვლებს, სახეზე არაა გამდიდრების ფაქტობრივი გარემოება, რადგან მოპასუხეებს არანაირი სიკეთე ნივთზე გაწეული ხარჯით არ მიუღიათ.

8.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა არც ის, რომ ფაქტობრივი მეუღლის მიერ აღებული სესხი მამკვიდრებლის მკურნალობას მოხმარდა. ასევე არ დასტურდებოდა როგორც მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების ოდენობა, ისე მოპასუხეების შეპირება სესხის დაფარვის თაობაზე. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, შესრულების მოპასუხეებისგან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხული იყო, რადგან შესრულება შეესაბამებოდა ზნეობრივ მოვალეობებს: მამკვიდრებელი და მოთხოვნის დამთმობი, როგორც მეუღლეები, 2004 წლიდან 2012 წლამდე ერთად ცხოვრობდნენ. ავადმყოფი მეუღლის მოვლა წარმოადგენდა ზნეობრივ ვალდებულებას, რაც მოსარჩელემ იკისრა ნებაყოფლობით და არ შეიძლება მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოეთხოვოს გარდაცვლილის დედას და შვილებს.

8.3. სსკ-ის1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1484- ე მუხლით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც. მამკვიდრებელს, რომელიც გარდაიცვალა 2012 წლის 5 დეკემბერს, ანდერძი არ დაუტოვებია, მისი პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ: დედა, მეუღლე რეგისტრირებული ქორწინებიდან და ორი შვილი, თუმცა არც ერთ მათგანს მამკვიდრებლიდან არაფერი არ მიუღიათ, რადგან გარდაცვლილს არ დაუტოვებია სამკვიდრო. შესაბამისად, მემკვიდრეობითი სამართლის საფუძვლებიდან გამომდინარე, არც მის შვილებს და არც დედას, არ წარმოშობიათ ვალდებულება - დაეფარათ მაკვიდრებლის ვალები, მათ შორის მკურნალობის ხარჯებიც.

9. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

9.1 სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ გარდაცვლილის მკურნალობის მიზნით სესხის აღების ფაქტი, მაშინ, როდესაც მამკვიდრებლის ავადმყოფობისა და სესხის აღების დრო ემთხვევა ერთმანეთს; მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხეები დაჰპირდნენ მოსარჩელეს, მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის საჭირო თანხის სესხად გამოტანის შემთხვევაში, ვალს გაუსტუმრებდნენ საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრეობის მიღებისა და მისი გასხვისების შემდეგ, პირველმა მოპასუხემ კი მიიღო სამკვიდრო ქონება და მეორე მოპასუხეს აჩუქა. იგივეს ადასტურებს საგამოძიებო ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ერთ-ერთი მოპასუხე;

9.2. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ საცხოვრებელ სახლზე გაწეული სარემონტო სამუშოები გასწია მხოლოდ მოთხოვნის დამთმობმა, მამკვიდრებელი ამ დროისთვის იყო უმუშევარი და შრომისუუნარო, ხოლო გაწეული დანახარჯების შედეგად გაიზარდა ნივთის ღირებულება, რაც სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა:

10.1. პირველი რიგის მემკვიდრეებს მამკვიდრებლიდან არაფერი არ მიუღიათ, რადგან გარდაცვლილს არ დაუტოვებია სამკვიდრო, რომელიც აქტივებისაგან შედგებოდა. შესაბამისად, სსკ-ს 1421-ე დაა 1484-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხეები არ არიან ვალდებულნი, დაფარონ მამკვიდრებლის ვალები, მათ შორის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯებიც, მით უფრო, როდესაც ასეთი ხარჯების არსებობა რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდება. მისი დადასტურების შემთხვევაშიც, ზნეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, შესრულება მაინც არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

10.2. სესხის სახით აღებული 3500 აშშ დოლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებს გამოკითხვის ოქმზე, როგორც ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა და ის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. დოკუმენტი ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პოლიციის განყოფილებაში მოპასუხის გამოკითხვის ოქმი ვალის აღიარების ხელშეკრულება არაა, რადგანაც მისი შინაარსიდან არ ირკვევა, რომ მხარეები თუნდაც რომელიმე პირობაზე შეთანხმდნენ.

12.3. საცხოვრებელ სახლზე გაწეული ხარჯის - 4000 ლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა თხოვების ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში, საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ნათხოვარ ქონებაზე ჩატარებული სამუშაოები ემსახურებოდა იმ პირთა ინტერესებს, რომლებმაც ითხოვეს აღნიშნული ქონება. ეს სამუშაო მესაკუთრის ქონების დაცვას არ ემსახურებოდა და არც მასთან იყო შეთანხმებული. ამდენად, ამ სამუშაოზე გაწეული ხარჯები არ შეიძლება ანაზღაურდეს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების სამართლებრივი ნორმებით, არც უსაფუძვლო გამდიდრების წესებით დადგენილი წინაპირობები იქნება სახეზე, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხები მხოლოდ მოთხოვნის დამთმობის კუთვნილება იყო. ასეთის დადასტურების შემთხვევაში, მოთხოვნა მაინც უსაფუძვლოა, ვინაიდან არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დანახარჯების გაწევით ქონების ღირებულება გაიზარდა და მეორე პირი ამით გამდიდრდა. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა აუდიტორული დასკვნა, თუმცა აღნიშნული დასკვნა არ შეიცავს მონაცემებს ხარჯების გაწევამდე ქონების ღირებულების თაობაზე, რითაც შესაძლებელი გახდებოდა ხარჯების გაწევის შედეგად ქონების ღირებულების გაზრდისა და მოპასუხის გამდიდრების ფაქტის დადგენა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

13.1. საგამოძიებო გამოკითხვის ოქმი არის ვალის აღიარების დოკუმენტი, რადგან მასში ნათქვამია, რომ სესხი - 3500 აშშ დოლარი, გარდაცვლილის მკურნალობისთვის იქნა აღებული. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ სესხის აღების დროისათვის პირველ მოპასუხეს ფაქტობრივი ფლობით უკვე მიღებული ჰქონდა დედისგან მემკვიდრეობა, თუმცა იმის გამო, რომ ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია გაძნელდა, ხოლო მამკვიდრებლის მდგომარეობა მძიმდებოდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დაიტვირთებოდა მოთხოვნის დამთმობის კუთვნილი ქონება. აღნიშნულ მტკიცებულებებს სასამართლომ ერთობლიობაში არ მისცა სწორი შეფასება და არ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობას. მეტიც, გარდაცვლილზე გაწეულ ხარჯს სასამართლო ზნეობრივ ვალდებულებად მიიჩნევს მაშინ, როდესაც მოთხოვნის დამთმობი და გარდაცვლილი არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მკურნალობის ხარჯების გაწევის კანონისმიერი ვალდებულება კი სწორედ გარდაცვლილის მემკვიდრეებს ჰქონდათ.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკისაგან. (იხილეთ სუსგ #as-745-961-08;)

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება ცალმხრივი ხელშეკრულებაა, მისი ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი მხარის მიერ ნების გამოვლენა. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება წარმოადგენს ხელშეკრულებას, ამდენად, ვალის არსებობის შესახებ ნება უნდა მიიღოს მეორე მხარემ, რათა ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს. ამასთან, ვალის აღიარების ხელშეკრულება მხარეთა შორის უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ოქმი არ შეიძლება იყოს მიჩნეული ნების ნამდვილ გამოვლენად, ვინაიდან არ შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებზე მითითებას, ანუ ყველა არსებით პირობაზე შეთანხმებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ საგამოძიებო დოკუმენტი (გამოკითხვის ოქმი) მიჩნეული უნდა იქნეს ვალის აღიარების ხელშეკრულებად. მოცემულ შემთხვევაში, ოქმის შინაარსიდან ნათელი ხდება ის გარემოება, რომ მხარეები წინასწარ, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმებას კი არ დებენ, არამედ, მასში გაცხადებულია მხოლოდ გარდაცვლილი მამკვიდრებლის სურვილი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მოპასუხეებმა აუნაზღაურონ დანახარჯი მოთხოვნის დამთმობს. მისი შესრულების სამართლებრივი ვალდებულება მოპასუხეებს არ აკისრიათ.

21. კასატორის არც ის პრეტენზიაა დასაბუთებული, რომელიც მამკვიდრებლის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას შეეხება.

ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე: „განსახილველ შემთხვევაში ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის. საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება. სსკ-ს 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია მიმღებსა და შემსრულებელს შორის არსებულ, სუბიექტური და ობიექტური გარემოებების თანხვედრასა და ერთობლიობაზე. „ზნეობრივი მოვალეობა“ შეიძლება სცილდებოდეს კანონით დადგენილი მოვალეობის ფარგლებს. კერძოდ, თუ შემსრულებელი შესრულების დროს ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით მოქმედებდა, მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა იმთავითვე გამოირიცხება. ანუ შესრულება, რომელიც საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივია, ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას წარმოშობს“ . არარეგისტრირებული ქორწინებიდან წარმოშობილი ზნეობრივი უფლება-მოვალეობების შესახებ ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და იგი შეიძლება მოიცავდეს სხვა დეფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე. აღნიშნული სამართლებრივი წესრიგი ასახულია სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა.“ ურთიერთობის ამგვარად შეფასება გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც, რომლის მიხედვით ქორწინება, როგორც ფაქტი, გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს და ოჯახური თანაცხოვრება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა პირადი, მჭიდრო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე. ამდენად, ოჯახური ურთიერთობის ცნების განმარტებისას, სააპელაციო პალატა დაეყრდნო როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლოს სტანდარტს და სწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან მხარეები, წლების მანძილზე, იმყოფებოდნენ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, ერთმანეთის მიმართ ზნეობრივი მოვალეობებიც წარმოეშობათ, რაც შესრულებულის უკან დაბრუნების უფლებას გამორიცხავს. (იხილეთ სუსგ ას-528-501-2015; 1202-1131-2012.).

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2, 257.1, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი