28 ნოემბერი, 2016 წელი,
№ას-852-818-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – რ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ნ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმათა რ. ხ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) ნ. ნ-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მოსარჩელის (აპელანტის) მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
- ზემოხსენებული განჩინების ასლი 2016 წლის 12 ივლისს ტელეფონით ჩაბარდა მოსარჩელის ოჯახის წევრს (მეუღლეს);
- 2016 წლის 22 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ არის მძიმე ავადმყოფი, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, არ გააჩნია სახლ-კარი, 2016 წლის 17 ივლისს, მეგობრების დახმარებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მისი მდგომარეობის გათვალისწინება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება;
- მოსარჩელის განცხადებას არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5, 368.7 და 63-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
7. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
8. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი, თუმცა, თავისივე დაუდევრობისა და უცოდინრობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები სასამართლოში არ წარუდგენია, ვინაიდან მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის შეტანა საკმარისი იყო;
- კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იგი არ უნდა დაისაჯოს თავისი უცოდინრობის გამო და სამართლიანი სასამართლოს გარეშე არ უნდა დარჩეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
11. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ მის მიერ გადახდილი 500 ლარი ჩაეთვალოს გადახდილად სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა გადაუვადდეს მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა და ავადმყოფობის გამო.
12. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის მიზნიდან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის ნაწილობრივ შევსებად ვერ ჩაეთვლება სახელმწიფო ბიუჯეტში 500 ლარის გადახდა, ვინაიდან, როგორც ხარვეზის შესახებ განჩინებით ირკვევა, აპელანტს დაევალა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე, გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, მას, თავისივე დაუდევრობით, სასამართლოში არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ამდენად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე 500 ლარის შეტანა ვერ მიიჩნევა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულებად და, შესაბამისად, ხარვეზის ნაწილობრივ შევსებად.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს, ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მოცემულ კონკრეტულ ეტაპზე მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.
14. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო საჩივარში იგი თავად მიუთითებდა, რომ გააჩნდა ქონება, რომლის რეალიზაციის შედეგად გარკვეულ შემოსავალს მიიღებდა და მოგვიანებით გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს. რაც შეეხება აპელანტის მიერ განცხადებაზე დართულ ჯანმრთელობის ცნობებს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერც ეს მტკიცებულებები ადასტურებენ უტყუარად აპელანტის გადახდისუუნარობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაუსაბუთებელია და ვერ დაკმაყოფილდება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ შეავსო ხარვეზი.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ასევე, რომ სამართლიან სასამართლოზე მოსარჩელის მითითება ვერ გახდება მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’. (იხ., Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
18. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ მან გადახდისუუნარობის გამო ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა, შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი არ არსებობდა და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი