11 მაისი, 2016 წელი,
№ას-213-203-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „გ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის არარსებულად აღიარება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „გ-მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ჯ-ას“ (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა სამართლებრივი ურთიერთობის არარსებულად აღიარება და გარიგების ბათილად ცნობა.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- დადგინდა, რომ მოსარჩელეს მისი კუთვნილი კერამიკული კომბინატი მოპასუხისათვის მართვის უფლებით არ გადაუცია;
- ბათილად იქნა ცნობილი გარიგების ნაწილი.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2015 წლის 18 დეკემბერს 13:30 საათზე, რის თაობაზეც სასამართლომ ხელწერილით გააფრთხილა მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. ს.ფ. 88-95);
- საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის მიხედვით, რომელიც ძალაშია 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე, მოპასუხის წარმომადგენელი უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 77);
- მოპასუხე, კანონით დადგენილ ვადაში (08.01.2016-18.01.2016), არ გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად;
- მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2016 წლის 5 თებერვალს.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 369-ე, 2591, მე-60 და 61-ე მუხლებზე და, წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 19 იანვრიდან და ამოიწურა ამავე წლის 01 თებერვალს 24:00 საათზე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსნებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
9. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- მოპასუხის წარმომადგენელი კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლისთანავე არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც აცნობა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული. 27.01.2016 წელს მოპასუხის წარმომადგენელმა მოსამართლის თანაშემწისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო, დამატებითი შეხსნების შემდეგ, 28.01.2016 წელს მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება;
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 29.01.2016 წელს, საიდანაც სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
12. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. ზემოხსენებული ნორმის დისპოზიცია გარკვევით მიუთითებს გასაჩივრების მსურველი მხარის ან მისი წარმომადგენლის ვალდებულებაზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად. ამავე ნორმით, ასევე, მკაფიოდაა დადგენილი მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი, კერძოდ, ასეთ დროს გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მეორე დღეს (სსსკ-ის 60.2 მუხლი), რაც კანონის იმპერატიული დანაწესია და მისი სხვაგვარად განმარტება დაუშვებელია.
14. კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოში გამოცხადება, ცხადია, ვერ შეცვლის სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ გასაჩივრების წესს. ამ წესიდან გამონაკლისი შესაძლებელია იყოს შემთხვევა, როდესაც, ზემოხსენებული ვადის გასვლის შემდეგაც, სასამართლოს მზად არა აქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი (სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი), ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ, #ას-1114-1048-2015, 16.12.2015).
16. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, ანუ 2016 წლის 29 იანვრიდან, ვინაიდან 2016 წლის 28 იანვრამდე სააპელაციო სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელი, კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლისთანავე, არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც აცნობა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის მიერ მითითებული გარემოება დასტურდება სატელეფონო კავშირის დეტალური ამონაბეჭდით მაგთიდან და მოსამართლის თანაშემწის ელექტრონული ფოსტიდან მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლით.
17. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოს ტელეფონით მიმართა კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ე.ი. მოპასუხემ არ შეასრულა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად გამოცხადების შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ დროს, სასამართლო არაა ვალდებული, მხარეს გაუგზავნოს და ჩააბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 2591 მუხლით განსაზღვრულ მიზანს. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ავალდებულებს სასამართლოს, დასაბუთებული გადაწყვეტილება გაუგზავნოს და ჩააბაროს ამავე მუხლში მითითებულ პირებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ მიეკუთვნება ზემოხსენებული ნორმით გათვალიწინებულ პირთა კატეგორიას, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არც ის ფაქტი დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა, 2016 წლის 19 იანვრიდან, ტელეფონით არაერთხელ მიმართა მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, მაგრამ ვერ შეძლო მისი მიღება ამავე წლის 28 იანვრამდე.
19. ზემოხსენებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს ტელეფონით პირველად მიმართა 2016 წლის 26 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ, მოპასუხე ვალდებული იყო თავად გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, სასამართლომ მას მაინც გაუგზავნა გადაწყვეტილების ასლი 2016 წლის 27 იანვარს, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იყო. მოპასუხის წარმომადგენლის შეხსენებისთანავე, მოსამართლის თანაშემწემ, დაუყოვნებლივ, 2016 წლის 28 იანვარს, 11:12 საათზე, გაუგზავნა მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი (იხ. ს.ფ. 138-140).
20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული ფაქტები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს მზად ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში. ამ გარემოების გაქარწყლება მოპასუხემ ვერ შეძლო, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლების საფუძველზე (იხ. სუსგ: #ას-843-793-2015, 13.11.2015; #ას-11-11-2016, 10.02.2016).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოთვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და, სსსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი