Facebook Twitter

№ას-882-849-2016 29 დეკემბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ე. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ. კ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. ლ-ის (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილების სარჩენად და დამატებითი ხარჯების გადახდა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ორი არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, თითოეულისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით;

- დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ს.ფ. 36-41);

- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, რომელიც, მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, შეეტანა სააპელაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 36-41, 44);

- მოპასუხე, კანონით დადგენილ ვადაში, არ გამოცხადებულა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად;

- მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 15.04.2016 წელს და ჩაბარდა 04.05.2016 წელს;

- მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 19.05.2016 წელს.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 369-ე, 2591, მე-60 და 61-ე მუხლებზე და, წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2016 წლის პირველ მაისს და ამოიწურა ამავე წლის 16 მაისს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთვევაში, თუ გასაჩივრების ვადის ათვლას დავიწყებდით მოპასუხისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, მაშინ 14-დღიანი ვადის დენა დაიწყებოდა 2016 წლის 05 მაისს და ამოიწურებოდა ამავე წლის 18 მაისს. აქედან გამომდინარე, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრების 14-დღიანი ვადა გასული იყო ორივე შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 19 მაისს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსნებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.

9. კერძო საჩივრის საფუძვლები:

- მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღეში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისი საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. ზემოხსენებული ნორმის დისპოზიცია გარკვევით მიუთითებს გასაჩივრების მსურველი მხარის ან მისი წარმომადგენლის ვალდებულებაზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად. ამავე ნორმით, ასევე, მკაფიოდაა დადგენილი მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი, კერძოდ, ასეთ დროს გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მეორე დღეს (სსსკ-ის 60.2 მუხლი), რაც კანონის იმპერატიული დანაწესია და მისი სხვაგვარად განმარტება დაუშვებელია.

14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე, კანონით დადგენილ ვადაში, არ გამოცხადებულა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის პირველ მაისს და ამოიწურა ამავე წლის 16 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 19 მაისს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი საჩივარი.

15. გასაზიარებელია, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მოპასუხისათვის ჩაბარების მომენტიდან, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლის შემთხვევაშიც, დაუშვებელი იქნებოდა მისი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყებოდა 2016 წლის 05 მაისს და ამოიწურებოდა ამავე წლის 18 მაისს. სააპელაციო საჩივარი კი, როგორც უკვე ითქვა, შეტანილია 2016 წლის 19 მაისს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი