№ას-899-865-2016 29 დეკემბერი, 2016 წელი,
ას-899-865-2016- ე-+ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ე-+“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 07 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ე-+“-მა (შემდეგში მოსარჩელემ ან აპელანტმა) მ. ო-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის განჩინებით:
- საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 07 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა, ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში: ა) სააპელაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა;
- ზემოხსენებული ხარვეზის განჩინება, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა მოსარჩელეს 2016 წლის 02 აგვისტოს;
- სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოსარჩელემ ხარვეზი არ შეავსო.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-60 და 61-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2016 წლის 03 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 12 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო ხარვეზის შეუვსებლობის გამო სსსკ-ის 368.5 მუხლის საფუძველზე.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.
11. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აპელანტმა დროულად შეავსო, კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეადგინა სააპელაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ ეს მასალები შეცდომით წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში 09.08.2016 წელს. მითითებული მასალების სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა დაგვიანდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი 07.09.2016 წელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა.
15. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი დროულად შეავსო. მართალია, შესაბამისი მასალები მან შეცდომით წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მაგრამ ამ მასალების სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა დაგვიანდა, რამაც განაპირობა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
16. საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ მოსაზრებას, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, ამავე განჩინებით დადგენილ ვადაში - 09.08.2016 წელს, აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიას ჩააბარა: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 175-200).
17. საქმის მასალებით ირკვევა, ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ზემოხსენებული მასალები სააპელაციო სასამართლოს გადაუგზავნა 2016 წლის 06 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 174), რაც ამავე წლის 09 სექტემბერს ჩაბარდა ამავე სასამართლოს კანცელარიას. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი კი, განუხილველად დარჩა 2016 წლის 07 სექტემბერს.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 371-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.
19. ზემოხსენებული ნორმა ავალდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნოს სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმე, აგრეთვე დამატებით შემოსული ყველა მასალა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ მუხლით დადგენილი წესი, სსსკ-ის 7.2 მუხლის საფუძველზე, უნდა გავრცელდეს, ასევე, განსახილველ შემთხვევაზეც, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საჩივრის გადაგზავნის შემდეგ, ამ საჩივართან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში შეცდომით შესული მასალაც უნდა განვიხილოთ როგორც სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ შესული დამატებითი მასალა.
20. პირველი ინსტანციის სასამართლომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დროულად არ შეასრულა თავისი ვალდებულება დამატებით შემოსული მასალის სააპელაციო სასამართლოში დაუყოვნებლივ გადაგზავნის თაობაზე, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დროულ შესრულებად უნდა ჩაეთვალოს, ხარვეზის შევსების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასალების შეტანა, შესაბამისად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობს, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე-+ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 07 სექტემბრის განჩინება და საქმე, შპს „ე-+ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი