Facebook Twitter

№ას-678-649-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – ა. ც-ე, ა. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ჯ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, მ-ის ქ.№.-ში, მე-2 კორპუსში მდებარე №. და №. ბინების მესაკუთრეს, 2014 წლის აგვისტოდან, წარმოადგენს ლ. ჯ-ე (შემდეგში მოსარჩელე).

2. ზემოხსნებულ მისამართზე მდებარე №13 ბინა უკანონოდ აქვს დაკავებული ა. ც-ეს (შემდეგში პირველ მოპასუხეს);

3. ამავე მისამართზე მდებარე №. ბინა, ასევე, უკანონოდ აქვს დაკავებული ა. ლ-ეს (შემდეგში მეორე მოპასუხეს);

4. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ მათ მიერ დაკავებულ ბინებს.

5. №… ბინის გასაქირავებელი ფასია 430 ლარი თვეში.

6. №… ბინის გასაქირავებელი ფასია 600 ლარი თვეში.

7. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:

- პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან №. ბინის გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა, ასევე, პირველი მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის (2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ივნისამდე) - 3870 ლარის დაკისრება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 430 ლარის დაკისრება;

- მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან №… ბინის გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა, ასევე, მეორე მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის (2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ივნისამდე) - 5400 ლარის დაკისრება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 ლარის დაკისრება.

8. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ზემოხსენებული ბინების მესაკუთრე. მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინებს და, მისი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მითითებულ უძრავ ქონებას. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობით მოსარჩელეს ადგება ზიანი, კერძოდ, იგი ვერ სარგებლობს სადავო ბინებით და, შესაბამისად, კარგავს შემოსავალს.

9. პირველმა მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ №… ბინა მას სარგებლობაში გადასცა თავდაცვის სამინისტრომ, შესაბამისად, იგი ამ ბინის მართლზომიერი მფლობელია.

10. სარჩელი არ ცნო, ასევე, მეორე მოპასუხემ და განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული №… ბინა მის ოჯახს სარგებლობაში გადასცა ძველი თბილისის გამგეობამ, შესაბამისად, იგი მართლზომიერად ფლობს მის მიერ დაკავებულ ბინას.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #... ბინა (ფართით 43.70კვ.მ) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს;

- პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 3 870 ლარის გადახდა, ასევე, 430 ლარის გადახდა ყოველთვიურად 2015 წლის ივნისიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;

- მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #16 ბინა (ფართით 60.52კვ.მ) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს;

- მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 5400 ლარის გადახდა, ასევე, 600 ლარის გადახდა ყოველთვიურად 2015 წლის ივნისიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

12. საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებები:

- მოპასუხეების წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი (19.06.2015 წელი, 14:00 საათი), ამასთან, მასვე განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები;

- 2015 წლის 18 ივნისს მეორე მოპასუხემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ავადმყოფობის გამო პროცესზე გამოცხადება არ შეეძლო;

- 2015 წლის 19 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, ასევე, არ გამოცხადდნენ მათი წარმომადგენლები. მათ სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე არ უცნობებიათ;

- სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, კერძოდ, მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

13. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 230-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტები), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 172.1 და 411-ე მუხლების მიხედვით, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნებს.

14. ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით:

- საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

16. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215.3 მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიხედვით, ავადმყოფობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. სასამართლომ შეაფასა მეორე მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მიიჩნია, რომ ეს ცნობა არ შეიცავდა მითითებას და არც მისი შინაარსიდან არ ჩანდა, რომ მეორე მოპასუხეს სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო ავადმყოფობის გამო.

17. საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა, ასევე, ის გარემოება, რომ მოპასუხეებს ჰყავდათ ორი წარმომადგენელი, რომლებიც სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, საჩივარშიც არ იყო მითითებული მოპასუხეთა წარმომადგენლების გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩენილიყო.

19. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით:

- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

21. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოპასუხის მიერ წარდგენილ სამედიცინო ცნობაში პაციენტისათვის დასმული დიაგნოზი არ იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ამ უკანასკნელს სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მეორე მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა სწორად მიიჩნია არასაპატიოდ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ 2015 წლის 19 ივნისის სხდომაზე არც მოპასუხეთა წარმომადგენლები გამოცხადებულან, რომლებსაც სასამართლოსათვის არ უცნობებიათ თავიანთი გამოუცხადებლობის მიზეზები.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

23. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 230-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იურიდიულად სწორად შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და, სსკ-ის 172.1 და 411-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

24. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

25. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- მეორე მოპასუხის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობით დასტურდებოდა ამ უკანასკნელის ავადმყოფობის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გადაედო საქმის განხილვა;

- სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარის სასამართლოში გამოცხადებისათვის. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ცნობა, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით ან სხვა დაუძლეველი ძალით. მიუხედავად ასეთი ცნობის არსებობისა, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ მიზეზით, რომ ჯანმრთელობის ცნობაში პირდაპირ არ იყო მითითებული ავადმყოფობის გამო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე;

- არასწორია სასამართლოს მსჯელობა პირველი მოპასუხის, ასევე, მოპასუხეების წარმომადგენლების სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოობის თაობაზე, ვინაიდან პირველი მოპასუხე საქართველოში საერთოდ არ იმყოფება, ხოლო მოპასუხეთა წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ პროცესი მხარის ავადმყოფობის გამო მაინც უნდა გადადებულიყო.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისისა და 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება არსებითად სწორია.

31. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

32. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

33. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

34. განსახილველ შემთხვევაში, მეორე მოპასუხე საქმის განხილვის გადადებას მოითხოვდა ავადმყოფობის გამო, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად მიიჩნევა და ამავე კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის განხილვის გადადებას.

35. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მეორე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა არ პასუხობს სსსკ-ის 215.3 მუხლით დადგენილ მოთხოვნას, კერძოდ, მასში პირდაპირ არაა მითითებული სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე.

36. ამასთან, თუნდაც მივიჩნიოთ, რომ მეორე მოპასუხეს ავადმყოფობის გამო მართლაც არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება მაინც ვერ გახდებოდა საქმის განხილვის გადადების საფუძველი, ვინაიდან მეორე მოპასუხე სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა და დღემდე არ მიუთითებია მისი გამოუცხადებლობის მიზეზებზე. მართალია, სსსკ-ის 93.2 მუხლის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფობის ან საზღვარგარეთ ყოფნის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას.

37. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ პირველ მოპასუხესა და მის წარმომადგენელს, ასევე, არ გააჩნიათ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, უფრო ზუსტად, მათ ასეთ მიზეზზე არც მიუთითებიათ. დადასტურებულადაც რომ მივიჩნიოთ პირველი მოპასუხის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი, ეს გარემოება, როგორც ითქვა, მის წარმომადგენელს არ ათავისუფლებდა სხდომაზე გამოცხადების ვალდებულებისაგან.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორია, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მითითება სსსკ-ის 230-ე მუხლზე, ვინაიდან ამ ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

39. ამდენად, ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამ დროს მხედველობაში არ მიიღება მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოებები. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული შეფასების შედეგად, სასამართლო არკვევს, თუ რომელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარეობს ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ანუ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას.

40. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 230.1 მუხლის საფუძველზე, დამტკიცებულად ითვლება მოსარჩელის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტები). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 172.1 მუხლის საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნებს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

41. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მეორე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 411-ე მუხლი. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული ნორმა არ წარმოადგენს მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს. ეს მუხლი აკონკრეტებს სსკ-ის 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის ანაზღაურების პრინციპს იმის შესახებ, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. თავის მხრივ, სსკ-ის 408-ე მუხლის გამოყენება უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას. სწორედ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა ანიჭებს უფლებას კრედიტორს, მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 394.1 მუხლის საფუძველზე.

42. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ანაზღაურების თაობაზე სახელშეკრულებო ნორმებს ვერ დაეფუძნება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არც დელიქტიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე (სსკ-ის 992-ე მუხლი), ვინაიდან უძრავი ქონების უკანონო მფლობელობით მოპასუხეებს მოსარჩელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისის სახით რაიმე ზიანი არ მიუყენებიათ.

43. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავავრცელოთ ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სსკ-ის 982-ე მუხლით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი). მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების მქონე ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე #ას-472-448-2013).

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მეორე მოთხოვნას.

45. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე #ას-472-448-2013; 25.05.2015წ., საქმე #ას-838-796-2013).

46. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 473.00 ლარის 70% – 331.10 ლარი. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

49. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ც-სა და ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა. ც-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ა. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (470.00 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 03.08.2016 და 3.00 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 05.08.2016, სულ 473.00 ლარის) 70% – 331.10 ლარი;

3. კასატორი ა. ლ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი