№ას-806-773-2016 29 დეკემბერი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლოში სარჩელი აღძრა ნ. ჩ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) ბ.მ.ა. „ძ--ის“ (შემდეგში პირველი მოპასუხის), ე. ტ-ის (შემდეგში მეორე მოპასუხის), ხ.ა ბ-ა (შემდეგში მესამე მოპასუხის) და გ. გ-ის (შემდეგში მეოთხე მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა კრების ოქმების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, უძრავი ქონების უკნონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მეოთხე მოპასუხის სახეზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს: ქ.თბილისში, ნ.ჩ-ს ქუჩის #..-ში მდებარე 6.74 კვ.მ სათავსოს (საკადასტრო კოდი: ...) და 18.65 კვ.მ ფართს (საკადასტრო კოდი: ...).
3. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
7. 2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მეოთხე მოპასუხემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 დეკემბრის განჩინებით:
- განცხადება დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მეოთხე მოპასუხის სახეზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს: ქ.თბილისში, ნ.ჩ-ს ქუჩის #...-ში მდებარე 6.74 კვ.მ სათავსოს (საკადასტრო კოდი: ...) და 18.65 კვ.მ ფართს (საკადასტრო კოდი: ...).
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 1991 მუხლზე და, წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გატარდა ხსენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
11. საჩივრის საფუძვლები:
- დავის საგანთან დაკავშირებით მოპასუხეების ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, მოსარჩელე აპირებს რეაგირებას დადგენილი წესით;
- სადავო ფართის ნაწილი რჩება დავის საგნად ადმინისტრაციულ საქმეში.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
15. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს სასამართლოს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თავისი ინიციატივით, გააუქმოს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც უნდა აისახოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა აღნიშნული საკითხი და თავისი გადაწყვეტილებით არ გააუქმა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლებელია ეს ხარვეზი გამოსწორდეს საპროცესო კანონის ანალოგიის გამოყენებით (სსსკ-ის 7.2-ე და 261-ე მუხლები), იმ თავისებურების გათვალისწინებით, რომ შესაბამისი განჩინების გამოტანა არ იქნება შეზღუდული რაიმე ვადით და გასაჩივრდება სსსკ-ის 197.1 მუხლით დადგენილი წესით.
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ გაუქმებულა ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა. დადგენილია, ასევე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 1991 მუხლი და მართებულად გააუქმა მოსარჩელის სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
18. საჩივრის ავტორის განმარტებით, დავის საგანთან დაკავშირებით გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების გამო, იგი აპირებს საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეუძლია ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (151-158-ე მუხლები).
19. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას სადავო ფართის ნაწილზე მიმდინარე ადმინისტრაციული დავის თაობაზე, ვერც ეს პრეტენზია იქნება მიღებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან მოსარჩელეს ადმინისტრაციულ დავაშიც შეუძლია მოითხოვოს თავისი სარჩელის უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში კი, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის წარმოება დასრულებულია და მოსარჩელის სარჩელი არაა დაკმაყოფილებული, რაც, თავის მხრივ, გამორიცხვას ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნებას.
20. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს მოსარჩელის საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჩ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი