№ას-611-584-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სს „ს-ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს-ის“ (შემდეგში მოპასუხის ან დამსაქმებლის) დირექტორთა საბჭოს 2012 წლის 27 ნოემბრის №1/44 დადგენილებით, ცვლილება შევიდა ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო დეპარტამენტის საშტატო განრიგში და დაემატა სალიანდაგო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთი საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგოთი 3100 ლარი. აღნიშნულ თანამდებობაზე იმავე დღეს დაინიშნა ვ. ა-ი (შემდეგში მოსარჩელე ან დასაქმებული).
2. მოსარჩელე 5 წლისა და 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მოპასუხესთან სხვადასხვა თანამდებობაზე.
3. მოპასუხის დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 14 აგვისტოს №9/43 დადგენილებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოპასუხის ფილიალ „ს-ის ინფრასტრუქტურის ფილიალის“ სალიანდაგო დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანა და ცალკეული საკადრო ცვლილებების განხორციელება.
4. ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, მოპასუხის ფილიალის დირექტორის 2014 წლის 05 სექტემბრის #...5 ბრძანებით შრომითი ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელესთან. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
5. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 14 აგვისტოს №9/43 დადგენილება და მოპასუხის ფილიალის დირექტორის 2014 წლის 05 სექტემბრის #... ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 8 თვის ხელფასის ოდენობით;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის (12000 ლარის) 0.07%-ის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მის აღსრულებამდე;
- სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე უკანონო იყო, ვინაიდან მოპასუხემ ვერ დაამტკიცა რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობა, კერძოდ, რეორგანიზაციის საფუძვლად მიჩნეულ მოპასუხის დირექტორთა საბჭოს დადგენილებაში არ იყო მითითებული იმის შესახებ, თუ, კონკრეტულად რომელმა გარემოებებმა განაპირობა რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა და რატომ აღარ არსებობდა იმ საშტატო ერთეულის არსებობის საჭიროება, რომელიც ზემოხსენებული რეორგანიზაციის საფუძვლით გაუქმდა.
8. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) და განმარტა, რომ რეორგანიზაცია დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი ეკონომიკური ფაქტორებით. საწარმოს საქმიანობა განსაზღვრულია მოგების მისაღებად, ამიტომ ყოველი მენეჯერული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გათვლას, ბაზრის შესწავლას, რომელიც მიუკერძოებელი დამკვირვებლის თვალში უნდა აჩვენებდეს, რომ მენეჯერებმა მიიღეს საწარმოსათვის საჭირო გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაცია გულისხმობს დასაქმებულების შესაძლო შემცირებას, ასეთი საკითხები გაანალიზებული უნდა იქნეს დეტალურად, სკურპულოზურად და ისე უნდა იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. თუ საქმის განხილვა ადასტურებს, რომ მენეჯერულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს გონივრული, მიზანზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, უდავოა, რომ გამართლება არ ექნება „რეორგანიზაციას“ და იგი უნდა ჩაითვალოს მოსამსახურის გათავისუფლების ფარულ გზად.
9. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილზე და განმარტა, რომ დასახელებული მუხლი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ალტერნატივა და მოახდინოს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა და ან დამსაქმებელს დააკისროს კომპენსაცია.
10. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოხსენებული საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ვალდებულია, ყოველმხრივ შეაფასოს საქმის გარემოებები, მხარეთა ინტერესები და შესაძლებლობები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო ვალდებულია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს უკანონოდ გათავისუფლებულის უფლებების დაცვას, მაგრამ, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია დამსაქმებლის, მეწარმე სუბიექტის ინტერესებიც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, მოპასუხის თანხმობით, შეთავსებით მუშაობდა სხვა საწარმოში დირექტორად. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოპასუხე აღარ იწონებდა მოსარჩელის შეთავსებით საქმიანობას, მიზანშეუწონელი იყო მოსარჩელის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, არა დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, არამედ მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდის დაკისრება 8 თვის ხელფასის ოდენობით.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით:
- სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ რეორგანიზაცია საწარმო/დაწესებულება/ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული ცვლილებაა, რომელიც პირის სამსახურიდან გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაედოს საფუძვლად, თუ პირის სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაციის შედეგებმა განაპირობა და არა უშუალოდ რეორგანიზაციის პროცესმა. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტით, დამსაქმებელს ყოველთვის შეეძლება კანონით აკრძალული საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული პროცესის ე.წ. „შიდა ორგანიზაციული ცვლილებით“ გამართლება. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული იყო უფუნქციო. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების უკანონობის თაობაზე.
15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ იგი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად საწარმოს ადმინისტრაციამ მიუთითა სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა, არსებობდა თუ არა შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებები, რაც დასახელებული საფუძვლით პირის გათავისუფლების კანონიერებას განაპირობებდა.
16. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება კანონიერად განხორციელდა, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. რაც შეეხებოდა მოპასუხის მითითებას იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, აღნიშნული არ წარმოადგენდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს და შესაბამისად, არც სასამართლოს განხილვის საგანს.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა, სამსახურში აღდგენის ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, დაკმაყოფილდა და ან ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
18. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ამასთან, მოსარჩელემ უარი თქვა სამსახურში აღდგენასა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფაზე, არსებობდა სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
19. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თავად კომპენსაციის ოდენობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად უნდა გადაწყდეს. პალატამ აღნიშნა, რომ სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული დანაწესით, კანონმდებელი ადგენს დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის სტანდარტს და ითვალისწინებს უფლების აღდგენის ყველა შესაძლებლობას, რაც, უპირველესად, დასაქმებულის სამსახურში აღდგენაში უნდა გამოიხატოს, მაგრამ ამ შესაძლებლობის გამორიცხვის შემთხვევაში, დამსაქმებელს ეკისრება კომპენსაციის გადახდა, რათა გარკვეულწილად აღდგეს დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილებით შელახული დასაქმებულის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრება, რვა თვის ხელფასის ოდენობით, წარმოადგენდა გონივრულ ოდენობას და არ არსებობდა მისი შეცვლის საფუძველი.
20. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების შესახებ, დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 31.3 და 38.8 მუხლებზე და ამ ნორმების ანალიზის საფუძველზე, განმარტა, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ყოველი დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, ვინაიდან კომპენსაცია წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
21. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
22. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- მოპასუხე თავის სააპელაციო საჩივარს ამყარებდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ მოპასუხემ, მოსარჩელესთან შეთანხმებით, შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ნაცვლად ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა (შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევა), შესაბამისად, მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა სამუშაოდან;
- სამუშაოდან მოსარჩელის კანონიერად გათავისუფლების ფაქტი გამორიცხავს მისთვის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის დაკისრების შესაძლებლობას.
23. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 06 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხის საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე სწორია.
28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
29. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
30. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა სამუშაოდან, ვინაიდან იგი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას (არ დადიოდა სამსახურში), თუმცა, მასთან შეთანხმებით, შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, არამედ ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
31. საკასაციო პალატა, უპირველესად, აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის არსთან დაკავშირებით, ასევე, მათ მიერ გაკეთებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა საწარმოში რეორგანიზაციის განხორციელების საფუძვლიანობა და, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების აუცილებლობა (იხ. წინამდებარე განჩინების 7, 8, 14-16 პუნქტები).
32. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს ზემოხსნებული დასკვნის გასაქარწყლებლად. ასეთად ვერ მიიჩნევა, წინამდებარე განჩინების 30-ე პუნქტში მითითებული კასატორის მოსაზრება, ვინაიდან, ჯერ ერთი, დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად, დამსაქმებელს თავის ბრძანებაში არ მიუთითებია დასაქმებულის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე. ამასთან, თუ დასაქმებული მართლაც უხეშად არღვევდა დაკისრებულ ვალდებულებას, მაშინ დამსაქმებელს, ჯერ სათანადო წესით უნდა დაეფიქსირებინა ვალდებულების დარღვევის ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ გაეთავისუფლებინა იგი სამუშაოდან შესაბამის სამართლებრივ საფუძველზე მითითებით (სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ დასაქმებული ეწეოდა შეთავსებით საქმიანობას სხვა საწარმოში, საკმარისი არაა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ დასაქმებული ძირითად სამუშაოს ვერ ასრულებდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, კასატორი არ უთითებს, რომ დასაქმებული მისი ნებართვის გარეშე მუშაობდა შეთავსებით, მეორეც, თუ, შეთავსებითი სამუშაოს გამო, იგი ვერ ასრულებდა ძირითად სამუშაოს მთელი 5 წლის განმავლობაში, მაშინ, გაუგებარია, უფრო ადრე რატომ არ გაათავისუფლა იგი დამსაქმებელმა სწორედ ამ საფუძვლით.
33. საკასაციო პლატა ვერ გაიზიარებს, ასევე, კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი შეთანხმებული იყო დასაქმებულთან, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო პლატის მოსაზრებით, მხარეებს შეეძლოთ შრომითი ხელშეკრულება შეეწყვიტათ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე (სშკ-ის 37.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ასეთი მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია.
34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შრომით სამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებები (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-122-114-2015, 23 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი), ასევე, სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები (იხ. სუს #ას-115-111-2016 განჩინება; 8 აპრილი, 2016 წელი; სუს 2014 წლის 28 მაისის #ას-1025-979-2013 განჩინება; სუს 2015 წლის 30 იანვრის #ას-883-845-2014 განჩინება).
35. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (992.00 ლარის, საგადახდო დავალება #13563, გადახდის თარიღი 03.06.2016) 70% – 694.40 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
38. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (992.00 ლარის, საგადახდო დავალება #13563, გადახდის თარიღი 03.06.2016) 70% – 694.40 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი