27 ოქტომბერი, 2016 წელი
№ას-268-255-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო სსიპ „თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის“ დირექტორის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანება ნ. გ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და იგი აღადგინა სსიპ „თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის“ უფლებამონაცვლე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კასატორი) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის ან მის ტოლფას თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა იძულებითი განაცდური - 650 ლარი, 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე, ყოველთვიურად ოდენობით. ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%, 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 7 აპრილს.
3. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2014 წლის 10 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე 11 707.56 ლარი ჩარიცხა.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან მოითხოვა, მოპასუხისთვის, მის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების გამო, პირგასამტეხლოს, 6 828 ლარის, დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 2012 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 4 სექტემბრამდე მოპასუხემ მისთვის იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორება 785 დღით დააყოვნა (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის 31.3 მუხლი).
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში აღნიშნა, რომ სასამართლოს ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მან აანაზღაურა შესაბამისი თანხა. შესაძლოა, მოსარჩელე კომპენსაციასა და სასამართლო დავის პერიოდში წარმოშობილი „დაყოვნების“ ცნებას ერთმანეთში ურევდეს. მოსარჩელის მოთხოვნებზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ მას უფლება არ ჰქონდა, სარჩელი ხელახლა აღეძრა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 081 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის 31.3 მუხლი.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მისი განმარტებით, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვადაგადაცილების ყოველი დღისთვის, კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა გადაუხდელი თანხის 0.07%-ით არის განსაზღვრული და მისი მოთხოვნა მოსარჩელის კანონისმიერი უფლებაა, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეხადა თითოეული დაყოვნებული დღისათვის 8 883 ლარის 0.07%, რაც ჯამში 5 081 ლარს (6.22 * 817) შეადგენდა. მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, პირვანდელი სარჩელის ფარგლებში დაყოვნებული თანხის 0.07% აღსრულებამდე მოეთხოვა, თუმცა, რადგან აღსრულებამდე არ მოითხოვა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მან ეს უფლება დაკარგა.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
11.1 სშკ-ის 31-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება არა მარტო ეწინააღმდეგება ამ მუხლის ნორმატიულ შინაარსს, არამედ სამართლის ზოგადი პრინციპების უარყოფას წარმოადგენს. სშკ-ის მე-7 თავი (31-34-ე მუხლები) არეგულირებს იმ პირების შრომის ანაზღაურების წესს, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობენ, რა დროსაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ დასაქმებულს ყოველთვიურად აუნაზღაუროს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო, როგორც ჩვეულებრივ რეჟიმში, ასევე, იძულებითი მოცდენის დროს (საწარმოო ციკლის შეფერხებისას), ამასთან, მას უფლება აქვს, დაუქვითოს ზედმეტად გადახდილი თანხა და საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას. ეს სშკ-ის მე-7 თავით განსაზღვრული იმ სამართალურთიერთობის ჩამონათვალის წრეა, რომელიც დასაქმებულის სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში რეგულირდება. მითითებულ ჩამონათვალში არ შედის ის ურთიერთობა, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ წარმოიშობა და არც ის ურთიერთობა, რომელიც თანამდებობაზე აღდგენის შემდეგ წარმოიშობა. აღნიშნულ ურთიერთობებს შრომის კოდექსი სხვა თავებში გაწერილი ნორმებით არეგულირებს, რომლებსაც კავშირი არ აქვთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების დროს საწარმოში წარმოქმნილ ურთიერთობებთან და სამართლებრივი რეგულირების სხვა სფეროს განეკუთვნება;
11.2 სშკ-ის 31.3 მუხლი მიუთითებს დამსაქმებლის ვალდებულებაზე, რომელიც მას წარმოეშობა ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების თანხების დაყოვნების გამო. ამ შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს, რომ ანაზღაურება გულისხმობს ფულადი ერთეულით გამოხატული თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რომელიც უნდა გაიცეს თვეში ერთხელ მაინც. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო (დამსაქმებელი) დააგვიანებს ხელფასის გაცემას, მაშინ მას დასაქმებულის სასარგებლოდ დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.07%. კანონის აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, სადავო ინტერპრეტაციის საფუძველი არ არსებობს იმის შესახებ, რომ იგივე მოსარჩელესთან მიმართებით მოპასუხეს ხელფასის დაგვიანებისა და დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებაზე არ უდავია. ამდენად, თუკი პირგასამტეხლოს დაკისრება შრომის ანაზღაურებას არ უკავშირდება, ე.ი. მოსარჩელე არ იყო და არც შეიძლება იყოს სშკ-ის 31.3 მუხლით გათვალისწინებული სამართალურთიერთობის სუბიექტი. დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს გამოყენების მეორე საფუძველს, რომელზეც კანონის ნორმა მიუთითებს, წარმოადგენს საწარმოს მხრიდან ანგარიშსწორებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების დაგვიანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არ განეკუთვნება სშკ-ის 31.3 მუხლით გათვალისწინებული სამართალურთიერთობის სამართალსუბიექტს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იგი ასეთად არასწორად მიიჩნიეს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფის თაობაზე.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2011 წლის 22 თებერვლიდან უკვე შეწყვეტილი იყო და მას სასამართლოში სარჩელი ჰქონდა აღძრული მოპასუხის წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენისა და 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე, ყოველთვიურად 650 ლარის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ასევე, აღნიშნული პერიოდისათვის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის, ანაზღაურების მოთხოვნით. სასამართლომ 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 7 აპრილს.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა წარმოადგენს პირის სამართლის ნორმით/ნორმებით უზრუნველყოფილ უფლებას კონკრეტული მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება (ასევე მოქმედებისაგან თავის შეკავებაც სსკ-ის 316.1 მუხლი). ამ უფლების ძალით კრედიტორს (მოსარჩელეს) კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი. მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს, ანუ მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 3.1. მუხლი), შესაბამისად, სასამართლოც ამ ფარგლებითაა შებოჭილი (სსსკ-ის 248-ე მუხლი). მოსარჩელეს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამთავრებულ პროცესშივე შეეძლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) დაკისრება მოეთხოვა, რაც არ გაუკეთებია. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 266-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს უფლებას უკარგავს, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავდაპირველად აღძრული სარჩელით მოითხოვა, რომ მოპასუხეს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% დაჰკისრებოდა 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე. სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამჟამად განსახილველი სარჩელით მოსარჩელე იმავე მოთხოვნას აყენებს, იმავე საფუძვლით. წინა სარჩელისგან განსხვავება მხოლოდ ასანაზღაურებელი თანხის დროის მონაკვეთშია, რაც დაუშვებელია.
17. გარდა ამისა, პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმ საფუძვლითაც, რომ არ არის განხორციელებული იმ ნორმებით (სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და 31-ე მუხლის მესამე ნაწილი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, საიდანაც ეს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს. 2012 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 4 სექტემბრამდე იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%), 6 828 ლარის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან და 31-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც:
ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი;
ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს.
გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი).
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სშკ-ის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება. განსახილველ შემთხვევაში, შრომის ანაზღაურების დაყოვნების გამო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე დაეკისრა და 2014 წლის 10 ივლისს აუნაზღაურდა. რაც შეეხება 2012 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 10 ივლისამდე დროის მონაკვეთში მითითებული თანხის ანაზღაურების დაყოვნების გამო აღძრულ მოთხოვნას, სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეგულირების სფეროში ვერ მოექცევა, რადგან იგი უკვე აღარ წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნას - შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების გამო დაყოვნებული თანხის პროცენტის ანაზღაურების შესახებ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო პერიოდში მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის მოსარჩელის მიერ მიუღებლობა, მისთვის შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნებასთან ვერ გაიგივდება, რადგან, რეალურად, ზემომითითებული დროის მონაკვეთში მოსარჩელე შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების მოცდენის სუბიექტი კი აღარ არის, არამედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ დადგენილი თანხის დაყოვნების სუბიექტია და ეს ვითარება მას სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონისმიერი საურავის მიღების უფლებას არ ანიჭებს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და უარყოფილი უნდა იქნეს.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მითითებული ნორმის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი ვალდებულია, შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ამ დროს მხედველობაში მიიღება არა მარტო საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი ბაჟი, არამედ, ის ხარჯებიც, რომლებიც გაიღეს მხარეებმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმეთა განხილვისას.
22. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 203.24 ლარი (ს.ფ. 244), ხოლო საკასაციო საჩივარზე - 300 ლარი (ს.ფ. 381-382). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელს, როგორც წაგებულ მხარეს, კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კასატორის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 503.24 ლარის, გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ინვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ. გ-ას, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 503.24 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი