გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-15-კს-03 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ივლისს შპს “შ-მა” განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილების დანართის ¹14 პუნქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვა. მოსარჩელემ განცხადებაში შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ქ. თბილისის საკრებულოს 2001წ. 7 მარტის ¹2-6 გადაწყვეტილებით რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე გადამზიდველის შერჩევის საკონკურსო პირობები და ხელშეკრულების ფორმა დამტკიცდა. შპს “შ-მა” მონაწილეობა მიიღო მითითებულ კონკურსში, გაიმარჯვა და 2002წ. 10 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამის სამსახურთან ხელშეკრულებაც გააფორმა.
მოსარჩელის თქმით, თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილებით თბილისში მიკრო ავტობუსების მოძრაობის ზოგიერთ მარშრუტში შევიდა ცვლილება, მათ შორის შპს “კ.ა-ის” საკუთრებაში ¹205 მარშრუტის სქემაშიც, რომელიც რეალურად დაემთხვა შპს “შ-ის” ¹157-ე მარშრუტს. მოსარჩელის მითითებით, ამით დაირღვა ნორმალური კონკურენციის ვითარება, საკრებულომ იგნორირება გაუკეთა ხელშეკრულებაში ასახულ მისივე ვალდებულებებს, შპს “კ. ა-ს” შეუქმნა უპირატესი უფლება, რადგან მას შეეძლო მგზავრების მომსახურება ნაკლებ ფასად ეწარმოებინა და, საბოლოოდ, შექმნა შპს “შ-ის” გასაკოტრებლად პირობები. შპს “შ-მა” საქმის დასრულებამდე თბილისის საკრებულოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლისა და სსკ-ს 198-ე მუხლის თანახმად გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნია და შეაჩერა იგი.
ხსენებული განჩინება თბილისის საკრებულომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მის მიერ გამოცემული აქტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა, მიღებული და რეგისტრირებული იყო კანონით დადგენილი წესით და ნორმატიული ხასიათის გამო სარჩელის აღძვრამდე მის შეჩერებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს განჩინებით სასამართლომ თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი ვადის გაშვების გამო დაუშვებლად მიიჩნია და იგი განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საკრებულოს ვადა გაშვებული არ ჰქონდა, რადგან გასაჩივრებული განჩინება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა, რაც მხარისათვის ჩაბარებად არ ითვლებოდა. ამდენად, თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და იგი არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლისა და სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, მართებულად მიიჩნია დავის საბოლოო გადაწყვეტამდე თბილისის საკრებულოს გასაჩივრებული აქტის შეჩერება, კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალები კვლავ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის განჩინება სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე და იმავე კოლეგიის 2003წ. 7 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრის დაუსაბუთებლად მიჩნევის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული განჩინებების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი განმარტება მისცა კანონის ნორმებს.
საკასაციო პალატა სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ადმინისტრაციული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლებების ან ინტერესების დაცვას. ამავე კოდექსის 29-ე მუხლიც ადმინისტრაციული აქტის შეჩერებას შეეხება. მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს გასაჩივრებული აქტი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებლივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს უდავოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივლისის ¹7-1 გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომელიც რეგისტრირებულია სააქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2002წ. 3 ივლისს ¹..., რომელზეც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლი არ უნდა გავრცელებულიყო.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებას მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს და განმარტავს, რომ სსკ-ს 198-ე მუხლის 1 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება; მოცემულ შემთხვევაში “სადავო აქტში” არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი, არამედ ნორმატიული აქტიც მოიაზრება. Aამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება მხოლოდ გამონაკლისის სახით იმ შემთხვევებში უნდა შეაჩეროს, თუ მისმა მოქმედებამ შეიძლება დიდი ზიანი გამოიწვიოს არა მხოლოდ მხარის, არამედ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად სარჩელის აღვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით სსკ-ს 198-ე მუხლის 1 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რადგან მოცემულმა შეიძლება დიდი ზიანი გამოიწვიოს მოსახლეობის იმ ფენისათვის, რომელსაც სადავო აქტის შეჩერებით წაერთმევა უფლება ისარგებლოს შპს “კ.ა-ის” ¹205-ე სამარშრუტო ხაზის უფრო შეღავათიანი მომსახურებით, ვიდრე ამას მათ შპს “შ-ის” ¹157-ე ხაზი სთავაზობს.
საკასაციო სასამართლოს აქვე ნიშანდობლივ გარემოებად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ ზიანის დადგომის შემთხვევაშიც კი, შპს “შ-ს” უფრო ექნება შესაძლებლობა თბილისის საკრებულოსაგან დამდგარი ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, ვიდრე იმ მოსახლეობას, რომელსაც საქმის საბოლოო დასრულებამდე შპს “შ-ის” სამარშრუტო ხაზის ძვირიანი მომსახურებით სარგებლობა მოუწევს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის და 2003წ. 7 თებერვლის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი და სსკ-ს 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისისა და 2003წ. 7 თებერვლის განჩინებები;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.