№ას-957-922-2016 29 დეკემბერი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე, მოვალე) – შპს „S-D“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, კრედიტორი) – შპს „ე-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ე-მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) შპს „S-D-ის“ (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 34 000 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 34 000 ლარის გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებით:
- მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
7. 2016 წლის 05 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა;
- დადგინდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგი წესი - მოსარჩელის (კრედიტორის) დაკმაყოფილება მოხდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე მოპასუხის მიერ შეტანილი 34 000 ლარით.
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 03 დეკემბრის განჩინების (სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ) საფუძველზე, მოპასუხემ, მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, 34 000 ლარი განათავსა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე;
- კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 34 000 ლარის გადახდა;
- კანონიერ ძალაში შესულ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმობა;
- სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით კრედიტორის (მოსარჩელის) დაკმაყოფილება ვერ განხორციელდა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ იყო, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა უნდა ჩამოიწეროს ზემოხსენებული სადეპოზიტო ანგარიშიდან.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 251-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გთვალისწინებით, არსებობდა მითითებული ნორმის გამოყენების და გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
12. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მესამე პუნქტზე, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხეს დაუბრუნდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 34 000 ლარი. მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასახელებულ ნაწილში არ გაუსაჩივრებია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების მესამე გასაჩივრებული განჩინების გამოტანის მომენტში კანონიერ ძალაში იყო შესული;
- საქმის წარმოების პროცესში მოპასუხეს წერილობითი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა;
- მიზანშეწონილი იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენა ჩაეტარებინა გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 251-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.
15. მითითებული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით (სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკშიმოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს მასზე დაკისრებული თანხა (სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს გამოყენებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად (სსსკ-ის 271-ე მუხლი) და ა.შ.
16. ზემოხსენებული საპროცესო ღონისძიებების დადგენა, როგორც წესი, ხდება გადაწყვეტილების გამოტანისას და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამასთან, შესაძლებელია, ასეთი საპროცესო მოქმედებების განხორციელების საჭიროება წარმოიშვას გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ცხადია, ასეთ დროსაც, შესაძლებელია, რომ მსგავსი საკითხები მოწესრიგდეს, სსსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების გზით.
17. გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის მიზანია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულება. დაუშვებელია გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენაზე უარი იმ საფუძვლით, რომ მსგავსი საკითხები უნდა გადაწყდეს სასარჩელო წარმოების წესით. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება საპროცესო ეკონომიის პრინციპს, საპროცესო საკითხების გადასაწყვეტად სასარჩელო წარმოება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც დაუშვებელია.
18. განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გთვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 251-ე მუხლით და მართებულად განსაზღვრა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესი.
19. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტიც, შესაბამისად, ძალაშია და გაუქმებული არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 03 დეკემბრის განჩინება (სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ), რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ, მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, 34 000 ლარი განათავსა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.
20. კერძო საჩივრის ავტორის ერთ-ერთი პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის პროცესში მას არ მიეცა წერილობითი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე, მიზანშეწონილი იყო, რომ ზემოხსენებული საკითხი სასამართლოს განეხილა ზეპირი მოსმენით.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 2671 მუხლზე და მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც ზეპირი მოსმენით, ასევე ზეპირი მოსმენის გარეშეც. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა კანონის დარღვევას არ წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხის გნხილვისას, როგორიცაა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა, მიზანშეწონილია, მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს წერილობითი შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ამ საპროცესო დარღვევას არ გამოუწვევია არასწორი განჩინების მიღება, შესაბამისად, ამ განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 393.3 მუხლი).
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „S-D-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი