Facebook Twitter

31 მარტი, 2016 წელი,

№ას-861-811-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ი/მ გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „რ…“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს …-მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) ინდმეწარმე გ. მ-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 40 000 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, დაეკისრა 40 000 ლარის გადახდა.

3. დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის გნხილვის განახლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით:

- საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინებით მოპასუხეს (აპელანტს) დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის და ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით სააპელაციო საჩივარი; ბ. სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მის მიერ წინასწარ გადახდილი 100 ლარის გარდა, დამატებით 1500 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ტ. 2, ს.ფ. 3-5);

- დასახელებული განჩინების ასლი 2015 წლის 22 მაისს, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 6-7);

- 02.06.2015 წელს სასამართლოს განაცხადებით მიმართა აპელანტმა, წარუდგინა დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 8-22).

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-60 და 61-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2015 წლის 23 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 01 ივნისს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. პალატამ აღნიშნა, ასევე, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა დაგვიანებით, კერძოდ, 02.06.2015 წელს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო ხარვეზის შეუვსებლობის გამო სსსკ-ის 368.5 მუხლის საფუძველზე.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიოდ მიჩნევას და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას.

11. კერძო საჩივრის საფუძვლები:

- მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოხდა უკანონოდ, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას;

- მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში დაგვიანებით წარდგენა განაპირობა მისი და მისი ოჯახის წევრების ავადმყოფობამ, რაც საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ხარვეზის შევსების ვადის გაშვება და აპელანტს უნდა აღუდგინოს ვადა ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, ხარვეზის შეუვსებლობა განაპირობა მისი და მისი ოჯახის წევრების ავადმყოფობამ.

14. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

15. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.

16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

17. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიუთითებს მისი და მისი ოჯახის წევრების ავადმყოფობაზე, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად მიიჩნევა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლები მოპასუხეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ამ უკანასკნელის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ 23.05.2015 წლიდან 01.06.2015 წლამდე.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 47) არ ადასტურებს ზემოხსენებულ პერიოდში მოპასუხის ავადმყოფობის ფაქტს. ამ ცნობის მიხედვით, მოპასუხე სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 19 იანვრიდან 2015 წლის 21 იანვრამდე. რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, საქმეში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა ამ პრეტენზიაზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან კერძო საჩივრის განხილვის საგანია მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერების შემოწმება.

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ გიორგი მაღრაძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი