23 სექტემბერი, 2016 წელი,
№ას-580-555-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „მ-ი …“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასამართლოს სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდეგში მოსარჩელემ) შპს „მ-ი …“-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაკისრება.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 24 768.64 ლარის გადახდა.
3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.03.2016 წლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.04.2016 წლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და კანონით დადგენილი წესით, კიდევ ერთხელ, განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.04.2016 წლის განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 186; გზავნილი, ს.ფ. 208). სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი ჩაბარდა ადრესატის დას 16.04.2016 წელს (ს.ფ. 209);
- 28.04.2016 წელს აპელანტის წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს;
- განცხადებაზე თანდართული ბარათით ირკვევა, რომ გზავნილი ფოსტას ჩაბარდა 27.04.2016 წელს, ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 26.04.2016 წელი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 368.5 და 63-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის წარმომადგენლის ოჯახის წევრისათვის ხარვეზის განჩინების ჩაბარების ფაქტი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელს არ ჰყავს ოჯახის წევრი (და), ამასთან, მისთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიბარა სასამართლო გზავნილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
9. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია ხარვეზის განჩინება, კერძოდ, ამ განჩინების ჩამბარებელი პირი აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრი არაა და, შესაბამისად, წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ვერ მიიჩნევა.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ხსენებული ნორმა ითვალისწინებს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს უკანასკნელი მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩამბარებელი, უფლებამოსილია უწყება ჩააბაროს ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. სავალდებულოა, რომ უწყების მიმღებმა უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ასევე ადრესატთან დამოკიდებულება. ასეთი პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
12. ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად რომ მივიჩნიოთ, უპირველესად, აუცილებელია, რომ უწყება მიტანილ იქნეს ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. მეორე აუცილებელი პირობაა, რომ ადგილზე არმყოფი ადრესატის ოჯახის წევრმა (უწყების მიმღებმა) ჩაიბაროს სასამართლო უწყება და უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და ეს ხელმოწერით დაადასტუროს. თუ აღნიშნული პირობები დაცულია, მაშინ უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელს ხარვეზის განჩინება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 16.04.2016 წელს ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - დას (იხ. ს.ფ. 186, 208, 209). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ უწყების მიმღებმა სასამართლო გზავნილი ჩაიბარა როგორც აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრმა (დამ), რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცულია უწყების ჩაბარების სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრს და, შესაბამისად, წარმომადგენელს, ხოლო, სსსკ-ის 70.1 მუხლის მიხედვით, ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად ითვლება, ასევე, თავად აპელანტისთვის.
15. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი, რომ სასამართლო გზავნილი აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრს არ ჩაბარებია, ეკისრება აპელანტს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლების მიხედვით, მას ევალებოდა. აღსანიშნავია, რომ თავად აპელანტის წარმომადგენელსაც არ წარმოუდგენია დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა უცხო პირი მის საცხოვრებელ ადგილზე და რატომ ჩაიბარა მან აპელანტის წარმომადგენლისათვის გადასაცემი სასამართლო გზავნილი როგორც მისმა ოჯახის წევრმა.
16. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 74-ე მუხლის მიზნებისათვის ადრესატის ოჯახის წევრად უნდა განვიხილოთ ნებისმიერი პირი, ვინც, მისივე თანხმობით, მასთან ერთად ცხოვრობს. ამ დროს გადამწყვეტია, არა ადრესატთან ნათესაური კავშირი, არამედ მასთან ერთად ცხოვრების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით არაა უარყოფილი ის ფაქტი, რომ უწყების ჩამბარებელი პირი აპელანტის წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს და, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრია.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლებით და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ-ი ...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი