Facebook Twitter

23 სექტემბერი, 2016 წელი,

№ას-633-604-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხეები) – ნ. ნ-ი, ჯ. ნ-ი, მ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. ნ-მა, ჯ. ნ-მა და მ. ნ-მა (შემდეგში მოსარჩელეებმა) ლ. ე-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:

- ცვლილება შევიდა 2015 წლის 25 მაისის სააღსრულებო ფურცლში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი ...) პირგასამტეხლოს ნაწილში და პირგასამტეხლო, ნაცვლად 30 აშშ დოლარისა (0.3%), განისაზღვრა 1 აშშ დოლარით (0.01 %) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 15 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღებამდე (71 დღე) და პირგასამტეხლოს ოდენობამ ნაცვლად 2 130 აშშ დოლარისა შეადგინა 71 აშშ დოლარი.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე და 364-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, ვინაიდან ისინი ასაჩივრებდნენ მათ სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, კერძოდ, სარჩელით ირკვეოდა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენდა 2015 წლის 25 მაისის სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში ცვლილებების შეტანა და პირგასამტეხლოს, ნაცვლად 30 აშშ დოლარისა (0,3%), 1 აშშ დოლარის (0,01%) განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 15 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე. საქმის მასალებით ირკვეოდა, ასევე, რომ მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნა არ გაუზრდიათ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, მათი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

7. კერძო საჩივრის საფუძვლები:

- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს არასწორად განემარტა გასაჩივრების წესი;

- სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა, ცვლილება შესულიყო არამარტო პირგასამტეხლოს, არამედ ძირითადი თანხის ნაწილშიც, ვინაიდან ძირითადი ვალდებულება ნაწილობრივ (1000 აშშ დოლარის) ფარგლებში შესრულებული იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

10. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება. ამავე ნორმით განსაზღვრულია, ასევე, სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი. მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული. ცხადია, რომელიმე მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება შეუძლებელია არღვევდეს ამავე მხარის უფლებას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგაა გამოტანილი.

13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენდა 2015 წლის 25 მაისის სააღსრულებო ფურცელში, პირგასამტეხლოს ნაწილში, ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო, ნაცვლად 30 აშშ დოლარისა (0,3%), განსაზღვრულიყო 1 აშშ დოლარით (0,01%-ით) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 15 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღებამდე (71 დღე) და პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულიყო 71 აშშ დოლარით, ნაცვლად 2130 აშშ დოლარისა. უდავოა, ასევე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

14. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ისინი მოითხოვდნენ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანას არამარტო პირგასამტეხლოს, არამედ ძირითადი თანხის ნაწილშიც.

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ზემოხსენებულ პრეტენზიას არ იზიარებს, ვინაიდან თავად მათი სარჩელის შინაარსიც ნათლად ადასტურებს, რომ ისინი მოითხოვდნენ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანას მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში. ამ გარემოებას ადასტურებს, ასევე, მოსარჩელეთა მიერ მითითებული სარჩელის ფასიც - 2059 (2130-71) აშშ დოლარი და შეგებებულ სარჩელზე შეტანილი შესაგებლის შინაარსიც (იხ. ს.ფ. 1-10, 123-125). გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეებს, კანონით დადგენილი წესით, სასარჩელო მოთხოვნა არ გაუზრდიათ, კერძოდ, საქმეში არაა წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა სარჩელის გაზრდის თაობაზე, ხოლო სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელეები მოითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას იმ ფარგლებში, როგორც ეს თავიდანვე ჰქონდათ მითითიებული სარჩელში (იხ. სხდომის ოქმი - ს.ფ. 144-148).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 364-ე და 374-ე მუხლებით და მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.

17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მათ არასწორად განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ეს გარემოება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე, ვინაიდან მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სსსკ-ის 364-ე მუხლის საფუძველზე და არა საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ-ის, ჯ. ნ-ისა და მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი