Facebook Twitter

21 ოქტომბერი, 2016 წელი,

№ას-670-641-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ი. ჩ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ. ს-ი (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. ჩ-ძის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (მდებარე ქ.თბილისი, ზ-ის ქ. N..., სართული 1, ლიტ. „გ“, 78.80 კვ.მ. ფართი, ს/კ ...) და მოსარჩელეს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 01 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხის სააპელაციო საჩივარი;

- აპელანტის ოჯახის წევრს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2016 წლის 08 ივნისს 15:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე;

- 2016 წლის 08 ივნისს 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა;

- სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია;

- სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 387.3, 229.2 მუხლებზე და მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. კერძო საჩივრის საფუძვლები:

- აპელანტი არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, კერძოდ, ტელეფონით დაბარების შესახებ აქტში მითითებული გარემოება არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან აპელანტს შეტყობინება არ მიუღია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 08 ივნისს 15:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან იგი არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება განუხილველად დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

13. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში.

14. სსსკ-ის 233.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს სსსკ-ის 241-ე მუხლის საფუძველზე. ეს წესი, როგორც ითქვა, ვრცელდება, ასევე, მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიმართაც.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გათვალისწინებით, უნდა გაირკვეს, იყო თუ არა მოწვეული აპელანტი საქმის განხილვაში სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

16. სსსკ-ის 70.1 მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მხარეები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო, 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე, დგება აქტი, რომელიც ჩაეკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. სსსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ტელეფონის საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 30 მაისის აქტი, ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, რომელიც შედგენილია სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მიერ. აღნიშნული აქტი შეიცავს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საკითხებს, მათ შორის, მითითებას სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, ასევე, გაფრთხილებას სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგებზე. ამავე აქტით დასტურდება, რომ ტელეფონის საშუალებით სასამართლო უწყების შინაარსი გადაეცა აპელანტის ოჯახის წევრს (მეუღლეს), რაც, სსსკ-ის 74.1 მუხლის მიხედვით, ასევე, ნიშნავს უწყების ჩაბარებას აპელანტისათვის (იხ. ტ. 2, ს.ფ. 50).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აპელანტს სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. სასამართლო მოხელის მიერ შედგენლი აქტის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ მას შეტყობინება არ მიუღია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ აქტი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მაშინ პრეზუმირებულია ამ აქტში მითითებული ფაქტების სისწორე, რომელთა გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული პრეზუმირებული ფაქტების გასაქარწყლებლად მხოლოდ მხარის განმარტება არაა საკმარისი. ამისათვის, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლების მიხედვით, საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

19. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განმარტება ეფუძნება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ: #ას-248-573-09, 14.05.2009 წელი; #ას-308-629-09, 12.11.2009; #ას-609-575-2012, 14.06.2012).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სსსკ-ის 387.3 და 229.2 მუხლებზე და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი