21 ოქტომბერი, 2016 წელი,
№ას-713-683-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „თ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა. ზ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „თ-მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) ა. ზ-ის (შემდეგში პირველი მოპასუხის), ნ. ღ-სა (შემდეგში მეორე მოპასუხის) და შპს „ე-ის“ (შემდეგში მესამე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 7 345 ლარის დაკისრება.
2. 2016 წლის 8 თებერვალს მოსარჩელემ იმავე სასამართლოს მიმართა, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომლითაც მოითხოვა პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას, 7 345 ლარის ფარგლებში, საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში.
4. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით:
- პირველი მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლისა და 2016 წლის 7 მარტის განინებები;
- მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 150 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაუშვებლობის (საჩივარზე ხარვეზის შეუვსებლობის) გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი. ამავე კოდექსის 197.1 მუხლის მიხედვით, საჩივრის შეტანა შეიძლება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე.
12. სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ადგენს საჩივრის განხილვის წესს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო სსსკ-ის 194.2 და 197.1 მუხლებით გათვალისწინებულ განჩინებათაგან ერთ-ერთი, ხოლო, სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილი კი, განსაზღვრავს საჩივრის განხილვის წესს ზემდგომ სასამართლოში. მითითებული ნორმის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
13. სსსკ-ის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
14. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრის თაობაზე საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ დაიშვება.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საჩივრით ასაჩივრებს მოპასუხის საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც, როგორც ითქვა, საბოლოოა და არ საჩივრდება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის საჩივარი განუხილველად უნდა დაეტოვებინა სწორედ ზემოხსენებული და არა 2016 წლის 21 ივლისის განჩინებაში მითითებული (საჩივარზე ხარვეზის შეუვსებლობის) საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თ-ის“ საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი