Facebook Twitter

№ას-224-214-2016 2 ივნისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ბ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. შ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა. შ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) საკუთრებაა გ-ს რაიონის სოფელ ვ-ში მდებარე უძრავი ქონება, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით #..., დაზუსტებული ფართობით - 586 კვ.მ) (სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 311.1 მუხლი).

2. მოსარჩელის მეზობლად მისი ძმა ბ. შ-ი (შემდეგში: მოპასუხე) ცხოვრობს, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით #..., დაზუსტებული ფართობით - 871.00 კვ.მ.) მესაკუთრედ ( 311.1-ე მუხლი).

3. ზურაბ შ-ი (შემდეგში: მოსარჩელის შვილი), რომელიც მოსარჩელის შვილია, ამ უკანასკნელის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით: …, დაზუსტებული ფართობი - 871.00 კვ.მ. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 26.02.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება), მესაკუთრეა (სსკ-ის 183-ე და 311.1-ე მუხლები).

4. სადავო ჭიშკარი, რომელიც 1969 წლიდან არსებობს, მოპასუხემ თვითნებურად ჩაკეტა 2013 წელს და მოსარჩელეს არ აძლევს ამ გზით სარგებლობის უფლებას.

5. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს რკინის ჭიშკარი და რომლით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასაც მოსარჩელე მოითხოვს, საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული არც მოსარჩელისა და არც მოპასუხის საკუთრებად, ასევე, არ არის რეგისტრირებული, როგორც საერთო სარგებლობის გზა.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ საერთო სარგებლობის გზის დასაწყისში არსებული ჭიშკრის დემონტაჟისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით (სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილი).

5. მოსარჩელემ შემდეგ ფაქტებზე მიუთითა: თვითონ და თავისი ძმა მეზობლები არიან. ამ უკანასკნელმა, საერთო სარგებლობის გზაზე მისასვლელი გზის დასაწყისში არსებულ რკინის ჭიშკარზე დააყენა ბოქლომი, რის გამოც ჩაიკეტა საჯარო გზა; ამის გამო ვეღარ იყენებს ამ გზას მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან დასაკავშირებლად, რომელიც, როგორც სამანქანო, ისე საფეხმავლო ერთადერთი გზაა. შესაბამისად, ის ვეღარ შედის თავის ეზოში, ვერც ავტომანქანა შეჰყავს.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ჭიშკარი არსებობს 1969 წლიდან. 2013 წელს ჭიშკარი ბოქლომით ჩაკეტა იმის გამო, რომ მიწის მონაკვეთი, რომელზეც მდებარეობს ჭიშკარი და რომელსაც მოსარჩელე უწოდებს ,,ჩიხური ტიპის საერთო სარგებლობის გზას“, არის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. როგორც მოპასუხემ მიუთითა, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგანაც რეესტრმა მოითხოვა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, როგორც ამ მიწის ნაკვეთით სავარაუდო მოსარგებლის, თანხმობა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს 17 წელია თავის ეზოში აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და სადავო ჭიშკრით არ სარგებლობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან შეიტყო იმის შესახებ, რომ ის აპირებდა სადავო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, დავა წამოიწყო. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეს შეუძლია შვილის ნაკვეთით ისარგებლოს და დაუკავშირდეს საჯარო გზას.

7. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე-312-ე, 115-ე მუხლებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეს საერთო სარგებლობის გზაზე მისასვლელი გზის დასაწყისში არსებული ჭიშკრის დემონტაჟი დაავალა.

8. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითია, დადგინდეს რკინის ჭიშკარი, რომელიც თვითნებურად ჩაკეტა მოპასუხემ, მდებარეობს თუ არა საჯარო რეესტრში მხარეთა საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ გზაზე და ამ ჭიშკრის თვითნებურად ჩაკეტვით შეეზღუდა თუ არა მოსარჩელეს საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემებითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით # …), წარმოადგენს მოსარჩელის შვილის საკუთრებას და იგი შეძენილია 2008 წელს; საჯარო რეესტრში მხარეთა სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ გზაზე არსებული რკინის ჭიშკარი, ფაქტობრივად, განთავსებულია მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ გზაზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც საჯარო გზა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დავის განხილვის დროისათვის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მისასვლელი გზის მოწყობა და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა/გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ შენობა-ნაგებობების დემონტაჟის გზით, რაც ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთს მოპასუხის მფლობელობაში არსებული მიწის გამოყენების გარეშე, არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

9.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთის უფრო მეტი ფართი აქვს მიღებული, ვიდრე ეს საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული; სადავო ჭიშკარი აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა და, შესაბამისად, მის საკუთრებას წარმოადგენს.

9.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ნაკვეთში სატრანსპორტო საშუალების შეყვანა/გამოყვანა მხოლოდ შენობის დემონტაჟით არის შესაძლებელი. მან მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ შენობა მოპასუხის მიწის ნაკვეთზე არსებული მარტივი კონსტრუქციით ნაგები მისი ავტოფარეხია.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა: განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო რკინის ჭიშკარი არ შედის მოპასუხის საკუთრებაში. ამის საპირისპიროდ, მოპასუხეს (აპელანტს) მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია ისეთ მტკიცებულებებზე, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობის პრეზუმფციას გააბათილებდა. აგრეთვე, წარმოდგენილი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.09.2014 წლის #... დასკვნის საფუძველზე დასტურდება, რომ სადავო ლითონის ჭიშკარი მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად არის. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გზის დასაწყისში არსებული ჭიშკრის თვითნებურად ჩაკეტვით შეილახა მოსარჩელის უფლება, თავისუფლად და ჯეროვნად ისარგებლოს თავისი საკუთრებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებისა და ხელშეშლის აღკვეთის საფუძველია.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

12.1. სასამართლომ განმარტა კანონი საკუთრების შესახებ, მაგრამ ამავდროულად უგულებელყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და სამკვიდროს მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ჭიშკარია განთავსებული, სამკვიდრო ქონებაში შედის. სასამართლო არასწორად მიიჩნევს საკუთრებად მხოლოდ საჯარო რეესტრში აღრიცხულ ქონებას და უგულებელყოფს საკუთრების დამდგენ სხვა დოკუმენტებს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ არსებითად სწორია.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან.

19. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე, უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო რკინის ჭიშკარი არ შედის მოპასუხის საკუთრებაში.

20. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მაშასადამე, ხსენებული ნორმა ადგენს საკუთრების შეძენის იმპერატიულ წესს, რომელიც ითვალისწინებს ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ანუ საჯარო რეესტრი ახორციელებს უფლებათა მატერიალური ფორმით საჯაროობის პრინციპს.

21. განსახილველ შემთხვევაში რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ჭიშკარი, არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. ამ გარემოებას თავად მოპასუხეც ადასტურებს, როცა მიუთითებს, რომ სადავო ნაკვეთის დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგან ორთოფოტოზე დატანებული მონაცემების მიხედვით, ის ცენტრალური გზიდან შეჭრილი მონაკვეთია, რომლითაც სარგებლობენ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები. ამისთვის, რომ არ შეიზღუდოს სხვა მესაკუთრეთა უფლებები, საჯარო რეესტრმა მოითხოვა ამ მიწის ნაკვეთით სავარაუდო მოსარგებლეთა თანხმობა, რისი წარდგენაც მოპასუხემ ვერ შეძლო (ტ.1.ს.ფ.81-83.) მაშასადამე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება ის გარემოება, რომ კასატორის მიერ მითითებული ე.წ. უფლების დამდგენი დოკუმენტი (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და სამკვიდროს მოწმობა) სასამართლოსთვის ვერ იქნება მიჩნეული საჯარო რეესტრში დაცული ჩანაწერის საწინააღმდეგო მტკიცებულებად. მოცემული შინაარსის სამართლებრივ დავასთან (ხელშეშლის აღკვეთა) და საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციასთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია შესაბამისი პრაქტიკაც. (იხილეთ სუსგ ას-1137-1163-2011 ას-314-299-2013; ას-1283-1204-2015; ას-1283-1204-2015).

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2, 257.1, 264.3, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ბ. შ-ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ლ. ტ-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, მათ შორის, 200.00 ლარის, საგადახდო დავალება №…, გადახდის თარიღი 25.02.2016 და 100.00 ლარის, საგადახდო დავალება №9717613, გადახდის თარიღი 28.03.2016) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი