Facebook Twitter

21 ოქტომბერი, 2016 წელი,

№ას-682-653-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ა. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – განქორწინება, შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ყ-მა (შემდეგში მოსარჩელემ) ა. რ-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით;

- მოსარჩელეს თავისი არასრულწლოვანი შვილის ნახვისათვის დაუდგინდა შემდეგი დღეები: 6 წლის ასაკის მიღწევამდე - სამშაბათი დღე 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღე 16:00 საათიდან 20:00 საათამდე;

- 10 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ შვილთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტა დადგინდა მხარეთა შეთანხმებით.

3. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2016 წლის 12 აპრილს და იმავე დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ს.ფ. 114). მართალია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა მოპასუხე, თუმცა მისთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (იხ. ს.ფ. 113). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა და ჩაიბარა 2016 წლის 19 მაისს (იხ. ს.ფ. 128). მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 30 მაისს.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 369-ე და 2591 მუხლებზე და მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ოცდამეათე დღეს, ანუ - 2016 წლის 12 მაისს და ამოიწურა 2016 წლის 27 მაისს, მოპასუხემ კი, სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 30 მაისს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ასევე, სსსკ-ის 374-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2016 წლის 25 მაისს, რაც დასტურდებოდა შპს „T-ს“ მირ შედგენილი დოკუმენტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეუტანლობა.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას აღნიშნული მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 30 მაისს.

13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2016 წლის 12 აპრილს, რის თაობაზეც მოპასუხე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემა მოითხოვა და ჩაიბარა 2016 წლის 19 მაისს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სსსკ-ის 369-ე და 2591 მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ოცდამეათე დღის მეორე დღეს, ანუ - 2016 წლის 13 მაისს და ამოიწურა 2016 წლის 27 მაისს.

14. საქმეში წარმოდგენილი შპს „T-ს“ (ფოსტის) მიერ შედგენილი სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ დოკუმენტით (ქვითარი N…) დასტურდება, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2016 წლის 25 მაისს. თავის მხრივ, ფოსტამ ეს გზავნილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადასცა 2016 წლის 30 მაისს (იხ. ს.ფ. 153).

15. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

16. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე, საჩივარი ითვლება ვადაში შეტანილად.

17. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 27 მაისი, შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2016 წლის 25 მაისს, საჩივარი ვადაში შეტანილად ითვლება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობს, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება და საქმე ა. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი