31 მარტი, 2016 წელი
№ას-830-781-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ს. გ-ე, მ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „დ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „დ-მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „სმ კ-ს“ (შემდეგში პირველი მოპასუხის), შპს „პ-ის“ (შემდეგში მეორე მოპასუხის), ს. გ-ისა (შემდეგში მესამე მოპასუხის) და მ. ვ-ის (შემდეგში მეოთხე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 20 000 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 8779.75 ლარის გადახდა;
- პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 11 220.25 ლარის გადახდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით:
- მესამე და მეოთხე მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- მესამე და მეოთხე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 48-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მესამე და მეოთხე მოპასუხის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მათ სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ, აპელანტების მითითება იმ გარემოებაზე, რომ მათ ბანკის მიმართ გააჩნდათ გარკვეული დავალიანება, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.
6. სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა სსსკ-ის 368.7 მუხლზე და განმარტა, რომ, ვინაიდან აპელანტები არ შუამდგომლობდნენ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამე და მეოთხე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტებმა არ შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი.
8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ასევე, პირველი და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარიც შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილი იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის ხარვეზის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად 2015 წლის 22 მაისს; სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, რომელმაც მიუთითა, რომ ვერ შეძლო აპელანტებთან დაკავშირება და მოკლებული იყო შესაძლებლობას უზრუნველეყო ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც ითხოვა ხარვეზის განჩინების უშუალოდ აპელანტებისათვის გაგზავნა რწმუნებულებებში მითითებულ მისამართებზე. დადგენილია, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა მეორე მოპასუხის დირექტორს 2015 წლის 21 ივნისს, ხოლო, პირველ მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე (ქ.თ-ი, შ. რ-ის გამზ. მე-… ჩიხი, #...), თუმცა ვერ ჩაბარდა არასრული მისამართის გამო. ხარვეზის განჩინება არაერთხელ გაეგზავნა, ასევე, პირველი მოპასუხის დირექტორს, რწმუნებულებაში მითითებულ მისამართზე (ახმეტა, ა.ო-ს ქ….), თუმცა მასაც ვერ ჩაბარდა, კერძოდ, ფოსტის კურიერის მიერ შედგენილი აქტით ირკვეოდა, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი და მეორე მოპასუხისათვის ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად მიიჩნეოდა სსსკ-ის 71.2 და 73.1 მუხლების მიხედვით და, ვინაიდან მათ ხარვეზი არ შეავსეს, მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო სსსკ-ის 368.5 მუხლის საფუძველზე.
9. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მესამე და მეოთხე მოპასუხემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
10. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მესამე და მეოთხე მოპასუხეს მათი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენიათ. აპელანტებმა სასამართლოს წარუდგინეს ამონაწერები ბანკიდან, სააღსრულებო დოკუმენტაცია, საარბიტრაჟო გზავნილი, რაც, მათი მოსაზრებით, საკმარისი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის;
- მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ასევე, პირველი და მეორე მოპასუხეც, ასევე, მათ ხარვეზის განჩინება არ ჩაბარებიათ, ამიტომ სასამართლო ვალდებული იყო მათთვის საჯარო შეტყობინებით ეცნობებინა ხარვეზის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები და მათთვის უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მოცემულ კონკრეტულ ეტაპზე მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აპელანტების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ მათ გადახდისუუნარობას, კერძოდ, მესამე მოპასუხის მიერ წარდგენილი ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან იმას ადასტურებენ, რომ ეს უკანასკნელი სარგებლობს ბანკის სესხით და ყოველთვიურად იხდის სესხის ძირს, პროცენტსა და ქონების დაზღვევის გადასახადს, შესაბამისად, იგი გადახდისუნარიანია (იხ. ტ. 2, ს.ფ. 33-39). რაც შეეხება მეოთხე მოპასუხეს, ვერც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ უტყუარად მის გადახდისუუნარობას. ამასთან, გასათვალისწინებელია თავად სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც - 351.19 ლარი, რომელიც ოთხ პირს სოლიდარულად უნდა გადაეხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით, დამატებით გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა აპელანტებისათვის (სსსკ-ის 368.7 მუხლი).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’. (იხ., Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
18. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მათ გადახდისუუნარობის გამო ვერ მოახერხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი არ არსებობდა და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი.
19. რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებს პირველი და მეორე მოპასუხის გადახდისუუნარობისა და მათთვის ხარვეზის განჩინების ჩაუბარებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ამ უკანასკნელებს არ გაუსაჩივრებიათ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ შესაძლო საპროცესო დარღვევებზე, რასაც თავად პირველი და მეორე მოპასუხე არ ხდიან სადავოდ.
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. გ-ისა და მ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი