27 მაისი, 2016 წელი,
№ას-289-275-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ც. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – მ. რ-ა, ფ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ციური ხუხუნაიშვილმა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. რ-ს (შემდეგში პირველი მოპასუხის) და ფ. ს-ის (შემდეგში მეორე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2014 წლის 10 მარტის აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთების აუქციონის წესით რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 თებერვლის განჩნებით:
- აპელანტის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
- მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის საფუძვლები:
5.1. სააპელაციო სასამართლოს აპელანტის გამოუცხადებლობის შესახებ ეცნობა რამდენიმე დღით ადრე, იმ ვარაუდით, რომ შემდგომ პროცესზე წარმოადგენდა ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა გამოუცხადებლობის ობიექტურ გარემოებებს, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გადაედო საქმის განხილვა;
5.2. შუამდგომლობის დაყენების დროს აპელანტი იმყოფებოდა მკურნალობის პროცესში, ჯანმრთელობის ცნობა ფორმა #100 კი, გაიცემა მკურნალობის დასრულების შემდეგ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო აღნიშნული ცნობის შუამდგომლობაზე დართვა;
5.3. მეორე მოპასუხე არ იმყოფებოდა საქმის განხილვაზე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის შუამდგომლობის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
8. სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
9. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 05 თებერვალს 16:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
11. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
12. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 05 თებერვლის მთავარი სხდომის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო უწყების ასლითა და ამ უწყების ჩაბარების ხელწერილით დასტურდება, რომ მოსარჩელეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებაზე, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები (იხ. ს.ფ. 140, 145).
15. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელე დანიშნულ დროს სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, არამედ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის თხოვნა და განუხილველად დატოვა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, რისი უფლებაც, ცხადია, მას ჰქონდა სსსკ-ის 229.2 მუხლისა და 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სხდომაზე არ გამოცხადებულა მეორე მოპასუხე და, მისი შუამდგომლობის გარეშე, სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უფლება არ ჰქონდა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, სსსკ-ის 231-ე მუხლისა და 275.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
16. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან მან წინასწარ აცნობა სასამართლოს მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის (ავადმყოფობის) შესახებ, სასამართლოს საქმის განხილვა უნდა გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს არ წარუდგენია მისი ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, უნდა შემოწმდეს, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სასამართლო სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
18. სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუ არსებობს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რის თაობაზეც წინასწარ ეცნობა სასამართლოს, მაშინ საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს ეკისრება არა მარტო საპატიო მიზეზის მითითების, არამედ მისი დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება. ასეთი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, შეუძლებელია, სასამართლომ იმსჯელოს საპატიო მიზეზის არსებობისა თუ არარსებობის თაობაზე. ამდენად, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობა, სასამართლოს ანიჭებს უფლებას, გამოუცხადებლობა მიიჩნიოს არასაპატიოდ და არ გადადოს საქმის განხილვა.
20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საქმის განხილვის გადადების მიზეზად ასახელებდა მის ავადმყოფობას, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად მიიჩნევა, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მისი ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც სააპელაციო სასამართლოში წარუდგენია და არც კერძო საჩივარზე დაურთავს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50.00 ლარის ნახევარი, ანუ 25.00 ლარი, ვინაიდან, განსახილველი საქმე (დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით) მაგისტრი მოსამართლის განსჯადია (სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტი). ამ კატეგორიის დავებზე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, სსსკ-ის 39.2 მუხლის მიხედვით, ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის (მოცემულ შემთხვევაში 50.00 ლარის) ნახევარს (სსსკ-ის 39.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-14-ე, 39.2, 264.3, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორს - ც. ხ-ს დაუბრუნდეს მის კერძო საჩივარზე ამირან სიხარულიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (50.00 ლარის, საგადახდო დავალება #9897801, გადახდის თარიღი 15.04.2016) ნაწილი - 25.00 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი