Facebook Twitter

27 მაისი, 2016 წელი,

№ას-294-280-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ა. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს---“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – სადაზღვევო პრემიის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს-ა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ტ-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სადაზღვევო პრემიის გადახდის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სადაზღვევო პრემიის დავალიანების - 191.48 აშშ დოლარის გადახდა.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.

9. კერძო საჩივრის საფუძვლები:

- სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან მოპასუხეს სარჩელი არ ჩაბარებია;

- მოპასუხისთვის უცნობი იყო სხდომის თარიღი, შესაბამისად, სასამართლომ საქმე განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო კერძო საჩივარი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 240.3 მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

12. ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის და არა კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხემ ისარგებლა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებით, ამიტომ იმავე განჩინებაზე და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს (სსსკ-ის 414.1 მუხლი).

13. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებას, ამ განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.

16. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

17. მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 191.48 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო საჩივრით სწორედ ეს გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული, შესაბამისად, აშკარაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ 1000 ლარს, რაც მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

18. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიებზე, რომლებიც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაშვებულ საპროცესო დარღვევებს.

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50.00 ლარის ნახევარი, ანუ 25.00 ლარი, ვინაიდან, განსახილველი საქმე (დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით) მაგისტრი მოსამართლის განსჯადია (სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტი). ამ კატეგორიის დავებზე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, სსსკ-ის 39.2 მუხლის მიხედვით, ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის (მოცემულ შემთხვევაში 50.00 ლარის) ნახევარს (სსსკ-ის 39.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-14-ე, 39.2, 264.3, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ტ-ის კერძო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩეს განუხილველად;

2. ა. ტ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

4. კერძო საჩივრის ავტორს - ა. ტ-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (50.00 ლარის, საგადახდო დავალება #5, გადახდის თარიღი 14.04.2016) ნაწილი - 25.00 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი