№ას-963-921-2013 15 ივლისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) – ვ. მ-ი
წარმომადგენელი – ბ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს -ი“
წარმომადგენლები – ს. მ-ი, გ. ჩ-ი
მესამე პირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2009 წლის 6 იანვარს, საქართველოს ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო ან მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) დავალების (მიმართვის) საფუძველზე, სს -მა“ (შემდეგში: ბანკი, მოპასუხე) ვ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, დაზარალებული) სახელზე გახსნა საბანკო ანგარიში და ამ უკანასკნელს, როგორც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირს, ჩაურიცხა ერთჯერადი საკომპანსაციო თანხა - 16 620 ლარი.
2. 2009 წლის 13 თებერვალს, ისევ მესამე პირის მიმართვის საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელეს მიმდინარე ანგარიშიდან ჩამოაწერა ჩარიცხული თანხა -16 620 ლარი.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან მოითხოვა 16 620 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება, იმ საფუძვლით, რომ ბანკს არ ჰქონდა უფლება, მისი თანხმობის გარეშე ანგარიშიდან ჩამოეწერა თანხა და სხვა პირის ანგარიშზე ჩაერიცხა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 859.1-ე და 861-ე მუხლები).
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელის სახელზე საბანკო ანგარიში გაიხსნა არა მას და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების, არამედ სამინისტროსთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზე, ეს უკანასკნელი ბანკს აწვდიდა იმ პირების სიას, რომელთა სახელზეც უნდა გახსნილიყო საბანკო ანგარიშები დაზარალებულებისათვის ჩარიცხვის მიზნით. ამდენად, ანგარიშის მესაკუთრეს და თანხის განმკარგავს სამინისტრო წარმოადგენდა და არა მოსარჩელე. მოსარჩელესთან მიმართებით სწორედ სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გაიხსნა საბანკო ანგარიში და ჩაირიცხა შესაბამისი თანხა, თუმცა, მოგვიანებით, ისევ ამ უკანასკნელის მოთხოვნით, ხსენებული თანხა სხვა პირის ანგარიშზე გადაირიცხა. ამასთან, საბანკო მომსახურების პირობების თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, კლიენტის ბანკში არსებული ანგარიშიდან ჩარიცხული თანხა უაქცეპტოდ ჩამოეწერა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 620 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 861-ე, 408-ე და 992-ე მუხლები.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა;
7.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მისი მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი იყო მოპასუხის ქმედების შეფასება მოსარჩელის სახელზე გახსნილ ანგარიშზე განთავსებული თანხების განკარგვასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ანგარიში გახსნილი იყო კონკრეტული პირის – მოსარჩელის სახელზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვისა და ვის შორის, რა გარიგებიდან გამომდინარე და რა საფუძვლით ჩაირიცხა თანხა.
7.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოტანილი დასკვნები „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915 განკარგულებით (შემდეგში: მთავრობის განკარგულება) დადგენილი წესების ანალიზს ეყრდნობა. ამ განკარგულებით სამინისტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე. ამ მიზნით, 2008 წლის 29 დეკემბერს სამინისტროსა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, შეესრულებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების თანხების გაცემის საბანკო მომსახურება მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
7.3. ამასთან, 2008 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის მიღების უფლება დაკავშირებული იყო გარკვეულ წინაპირობასთან. კერძოდ, 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს უარი უნდა ეთქვათ სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე. მთავრობის განკარგულების მე-6 პუნქტის მიხედვით, ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ეთხოვათ, სამინისტროსათვის წარედგინათ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები პირების სია.
7.4. იმავდროულად, მოპასუხეს თანხის მიმღები უფლებამოსილი პირებისათვის უნდა გაეხსნა პირადი ანგარიშები და ამ ანგარიშზე საკომპენსაციოდ თითოეულ ოჯახზე ჩაერიცხა 16 620 ლარი. ამასთან, როგორც სამინისტროს 2008 წლის 30 დეკემბრის №... წერილის შინაარსიდან და თავად აპელანტისა და მესამე პირის ახსნა–განამრტებებით ირკვეოდა, შესაბამისი პირებისათვის ანგარიშის გახსნა და თანხის განთავსება კონკრეტული პირის სახელზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად საკმარის წინაპირობა არ იყო; ბანკი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა უფლებამოსილი გაეცა საკომპენსაციო თანხები, თუკი მიმღები პირი, რომლის სახელზეც ანგარიში იყო გახსნილი, დაფიქსირდებოდა ე.წ. დაზუსტებულ სიაში, რომელიც სამინისტროს უნდა მიეწოდებინა ბანკისათვის დამატებითი ინფორმაციის სახით. ამდენად, ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ბანკს უნდა გაეცა მხოლოდ სამინისტროდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.
7.5. სამინისტრომ 2009 წლის 13 თებერვალს დამატებითი ინფორმაცია გაუგზავნა მოპასუხეს და მოსთხოვა, აღარ გაეცა საკომპენსაციო თანხა მოსარჩელის სახელზე და მის ნაცვლად აღნიშნული თანხა გაეცა სხვა პირზე, ვინმე რ. ო-ის სახელზე.
7.6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2008 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა მესამე პირების სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას (სსკ-ის 349-ე მუხლი), რომლის საფუძველზეც სამაჩაბლოს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირებს უნდა მიეღოთ კომპენსაცია. სსკ-ის 350-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მესამე პირის სასარგებლოდ, ინარჩუნებს უფლებას, შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული მესამე პირი, მიუხედავად კონტრაჰენტის თანხმობისა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, 2008 წლის 29 დეკემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის სახელზე მოპასუხე ბანკში გაიხსნა ანგარიში და მასზე განთავსდა საკომპენსაციო თანხა – 16 620 ლარი, თუმცა რამდენადაც სამინისტრომ საბოლოოდ ბანკისათვის მიწოდებული დამატებითი ინფორმაციით, ამ საკომპენსაციო თანხის მიმღებ პირად მოსარჩელის ნაცვლად სხვა პირი განსაზღვრა, მოსარჩელეს არ შეეძლო თანხის გაცემა მოეთხოვა, შესაბამისად, არც მოპასუხეს გააჩნდა სადავო თანხის მოსარჩელის სახელზე გაცემის ვალდებულება.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა ასევე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინება, რომლითაც საქმეს დაერთო მესამე პირის - სამინისტროს მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი 2008 წლის 30 დეკემბრის, 2009 იანვრისა და 13 თებერვლის წერილები.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
8.1. სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, არაობიექტური და მიკერძოებულია, რადგან საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად არ შეფასდა. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპენსაციის მიმღებ პირზე საკომპენსაციო თანხა უკვე ჩარიცხული იყო, ეს იყო პირადი ანგარიში, რომლის განკარგვა მოსარჩელეს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო; სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 861-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია, ანგარიშიდან ფულადი სახსრები ჩამოწეროს მისი მფლობელის ნებართვისა და მითითების საფუძველზე. სასამართლომ მკაფიოდ არ მიუთითა, რომ საკომპენსაციო თანხა მოსარჩელის პირად ანგარიშზე იყო ჩარიცხული და მოპასუხის ინტერესები დაიცვა, როდესაც აღნიშნა, რომ საკომპენსაციო თანხის პირად ანგარიშზე განთავსებით შეცდომა დაუშვა;
8.2. გადაწყვეტილების მიხედვით, თანხის გადაცემის წინაპირობა უნდა ყოფილიყო საკომპენსაციო თანხის მიმღები პირების უარი სხვა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდებოდა, საქმეში არ მოიპოვება წერილობითი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მან უარი განაცხადა საკომპენსაციო თანხის მიღებაზე; მოცემული დავა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეა აგებული, რომ საკომპენსაციო თანხის ჩამოჭრის საფუძველს წარმოადგენდა მისი მიმღები პირების უარი, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გასჩენოდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოპასუხე მის კლიენტებს კი არ ემსახურებოდა, არამედ პირად ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებს არამართლზომიერად განკარგავდა და კანონს არღვევდა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი (იხ.წინამდებარე განჩინების პ.7).
13. მოსარჩელის მოთხოვნა 16 620 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 859-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 861-ე მუხლს. შესაბამისად, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობების შესრულებაზე იყო დამოკიდებული სარჩელის დაკმაყოფილება. ეს წინაპირობებია:
ა) მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საბანკო მომსახურების (ანგარიშის გახსნის) შესახებ შეთანხმების არსებობა;
ბ) ბანკის მიერ მოსარჩელისათვის ფულადი სახსრების აღრიცხვის მიზნით მიმდინარე ანგარიშის გახსნა;
გ) მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან 16 620 ლარის მოსარჩელის თანხმობის გარეშე ჩამოწერა;
14. საბანკო დაწესებულება ანგარიშის გახსნასა და მომსახურებას ორმხრივი ნების გამოვლენის, ანუ ხელშეკრულების, საფუძველზე ახორციელებს (იხ. იმ დროს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის #51 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“). მოსარჩელესა და ბანკს შორის საბანკო მომსახურების (ანგარიშის გახსნის) შესახებ შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა, ანუ მან ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზაცია (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი, მოპასუხეს 861-ე მუხლის საფუძველზე შესრულება მოსთხოვოს.
15. მისი მოთხოვნა ვერც სსკ-ის 349-ე და 350-ე მუხლებიდან გამომდინარე ვერ იქნება წარმატებული. სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად დაასკვნა, რომ 2008 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა მესამე პირების სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას (სსკ-ის 349-ე მუხლი), რომლის საფუძველზეც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირებს უნდა მიეღოთ კომპენსაცია. სსკ-ის 350-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამინისტრო, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მოსარჩელის სასარგებლოდ, ინარჩუნებდა უფლებას, შეეცვალა ხელშეკრულებაში მითითებული მოსარჩელე, მიუხედავად კონტრაჰენტის თანხმობისა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, 2008 წლის 29 დეკემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის სახელზე მოპასუხე ბანკში გაიხსნა ანგარიში და მასზე განთავსდა საკომპენსაციო თანხა – 16 620 ლარი, თუმცა, რამდენადაც სამინისტრომ საბოლოოდ ბანკისათვის მიწოდებული დამატებითი ინფორმაციით ამ საკომპენსაციო თანხის მიმღებ პირად მოსარჩელის ნაცვლად სხვა პირი განსაზღვრა, მოსარჩელეს არ შეეძლო თანხის გაცემა მოეთხოვა, შესაბამისად, არც მოპასუხეს გააჩნდა სადავო თანხის მოსარჩელის სახელზე გაცემის ვალდებულება.
16. აქედან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე მიზანს ვერ აღწევს. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინების, რომლითაც საქმეს დაერთო მესამე პირის დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, სამინისტროს მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი 2008 წლის 30 დეკემბრის, 2009 იანვრისა და 13 თებერვლის წერილების გაუქმების საფუძველიც.
17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ მას დაუსაბუთებლად ჩამოართვა კომპენსაციის მიღების უფლება, რომელზედაც მას დადგენილი წესით უარი არ უთქვამს, ამ დავის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება, რადგანაც აღნიშნული ცალკე დავის საგანი შეიძლება იყოს. ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავა ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
28. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი